მთავარი » ფაილები » შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები) |
ლექცია 4
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (96.0 Kb) ] | 18.10.2012, 11:05 |
სოციალიზაცია. იდენტობა.
ცივილიზაცია სოციალიზაცია – ეს არის ინდივიდის მიერ კულტურული ნორმების და ფასეულობების შეთვისების პროცესი. დაბადებისას ახალშობილი არც ერთ კულტურას არ განეკუთვნება. მშობლების, მასწავლებლების და სხვათა ხელშეწყობით, ის უნდა იქცეს კულტურისა და საზოგადოების წევრად, კულტურულ და სოციალურ არსებად. ამ პროცესს სოციალიზაციას ვუწოდებთ. სოციალიზაციის პროცესში ჩვენ ვსწავლობთ იმ კულტურის ენას, რომელშიც დავიბადეთ და იმ საზოგადოებრივ როლებს, რომელიც ცხოვრებაში უნდა „ვითამაშოთ." მაგალითად, გოგონა სწავლობს, თუ როგორი დიასახლისი, და, მეგობარი ან, მომავალში, მეუღლე უნდა იყოს. გარდა ამისა, სოციალიზაციის პროცესში ახალგაზრდები სწავლა-განათლების მეშვეობით ეუფლებიან საკუთარ პროფესიულ როლებსაც. სოციალიზაციის პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. გარემოებისა და მდგომარეობის ცვლილებასთან ერთად, ადამიანი ითვისებს ახალ-ახალ სოციალურ როლებს. ეს პროცესი უფრო სწრაფი და მრავალმხრივია თანამედროვე ურბანულ საზოგადოებებში. სოციალიზაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. სოციალიზაციის პროცესი განსაზღვრავს ინდივიდის პიროვნული განვითარების მიმართულებას, უყალიბებს შეხედულებებს და დამოკიდებულებებს. სოციალიზაციის პროცესი დაბადებიდან იწყება. ადრეული ბავშვობის წლები ყველაზე ინტენსიური სოციალიზაციის პერიოდია, როდესაც ვეუფლებით ენას და ვსწავლობთ ჩვენი კულტურის ძირითად მახასიათებლებს. ამ დროს იწყება პიროვნების ჩამოყალიბება. სხვადასხვა კულტურაში ბავშვთა სოციალიზაციის განსხვავებული მეთოდები და საშუალებები გამოიყენება. როგორც აღვნიშნეთ, სოციალიზაციის პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, სოციოლოგები მიუთითებენ გარკვეულ განსხვავებებზე ბავშვთა და ზრდასრულთა სოციალიზაციას შორის. მაგალითად, ზრდასრულთა სოციალიზაცია, უმთავრესად, გარეგანი ქცევის შეცვლაში გამოიხატება, ბავშვები კი სოციალიზაციის პროცესში საბაზისო ღირებულებებს ითვისებენ; ზრდასრულებს შეუძლიათ ნორმების შეფასება, ბავშვებს კი მხოლოდ მათი ათვისების უნარი აქვთ და სხვ. გამოყოფენ სოციალიზაციის ორ ზოგად ტიპს – ფორმალურ და არაფორმალურ სოციალიზაციას. პირველ შემთხვევაში, ბავშვის სოციალიზაციის პროცესი, ძირითადად, დაწესებულებებში - საკლასო ოთახებში, მასწავლებლების და აღმზრდელების გარემოცვაში მიმდინარეობს. ამ დროს ბავშვის სოციალიზაცია კონტროლირებადი და უფროსების მიერ მართულია. ამის საპირისპიროდ, არაფორმალური სოციალიზაციის დროს (ოჯახი, მშობლები...) პროცესი ნაკლებად ექვემდებარება კონტროლს; ბავშვი, უმთავრესად, მიბაძვით, უფროსების ქცევის იმიტაციით ითვისებს კულტურის ნორმებს და ქცევის წესებს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დაყოფა პირობითია და სოციალიზაციის ამ ორ ზოგად ტიპში ბევრი ქვეტიპი გამოიყოფა, რომელიც კონკრეტული კულტურისთვის არის დამახასიათებელი. ცალკეულ ადამიანებს, ინსტიტუტებს და ჯგუფებს, რომლებიც ხელს უწყობენ სოციალიზაციას, სოციალიზაციის აგენტებს უწოდებენ. ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა აგენტები ასრულებენ განსაკუთრებულ როლს (მშობლები, სააღმზრდელო დაწესებულებები, მეგობრები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სხვ.). იდენტობა ტერმინი მომდინარეობს ლათინური სიტყვებიდან idem - ”იგივე”, identitas - "იგივეობა”. იდენტობა დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრებაში არსებულ მთავარ კითხვასთან - ”ვინ ვარ მე?” და ”ვინ ვართ ჩვენ?” ტერმინით იდენტობა ჩვენ განვსაზღვრავთ ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის არსს, მის რაობას, ვადგენთ, რას წარმოადგენს ის. როგორც ამერიკელი მეცნიერი და მწერალი ქეთრინ ვუდვორდი აღნიშნავს, იდენტობა გვაძლევს ადგილს სამყაროში და წარმოადგენს კავშირს ჩვენსა და იმ საზოგადოებას შორის, რომელშიც ვცხოვრობთ. ამერიკელი ფსიქოლოგების მაიკლ ჰოგისა და დომინიკ აბრამსის აზრით კი იდენტობა არის ადამიანთა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინ არიან ისინი, რას წარმოადგენენ და რა დამოკიდებულება აქვთ სხვებთან. როდესაც ტერმინი იდენტობა პიროვნებასთან დაკავშირებით გამოიყენება, მაშინ მის ვინაობაზე ვსაუბრობთ, ვსაზღვრავთ, თუ ვინ არის ის. ინდივიდი საკუთარ იდენტობას ამა თუ იმ ჯგუფისადმი თავისი მიკუთვნებით საზღვრავს, ცხოვრების მანძილზე კი ამ ჯგუფების რაოდენობა იზრდება. ერთი და იგივე ადამიანს ერთდროულად რამდენიმე ჯგუფს მიეკუთვნება, შესაბამისად, რამდენიმე იდენტობის მატარებელია, მაგალითად, ერთი და იგივე პიროვნება დაკავშირებულია ოჯახთან, როგორც შვილი, მეუღლე, ძმა ან და, მამა ან დედა; ამავე დროს ის, თავის ოჯახთან ერთად, რომელიმე სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფთან აიგივებს თავს, რომელიმე ქვეყნისა და რეგიონის მაცხოვრებლად ითვლება, თავისი საქმიანობის მიხედვით, რომელიმე პროფესიულ საზოგადოებას და, თავისი ასაკიდან გამომდინარე, რომელიმე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ეს ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, ან მისი შემადგენელი ელემენტები შეიცვალოს კონკრეტული ინდივიდიდან გამომდინარე. იდენტობა განსაზღვრავს ადამიანის ქცევას; რამდენადაც ერთი და იგივე პიროვნება ერთდროულად რამდენიმე იდენტობის მატარებელია, მისი ქცევა განსხვავებულია სხვადასხვა ვითარებაში. მაგალითად, პიროვნება განსხვავებულად იქცევა როგორც დედა და როგორც თანამშრომელი, როგორც ძმა და როგორც მოსწავლე. კულტურული იდენტობა ინდივიდის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია. იმას, თუ როგორ შეასრულებს იგი სხვადასხვა ცხოვრებისეულ "როლს”, სწორედ ის განაპირობებს, თუ რომელ კულტურას მიაკუთვნებს იგი თავს, რომელ ფასეულობებსა და ნორმებს იზიარებს. მაგალითად, სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული შეხედულება არსებობს ქალისა და მამაკაცის, ახალგაზრდისა და ზრდასრულის, ქვრივისა და დაუქორწინებლის ქცევის, ჩაცმის, მეტყველების, ინტერესებისა და საქმიანობის შესახებ. კულტურულ იდენტობას განსაზღვრავს: ენა, რელიგია, ისტორია, ტერიტორია ... იდენტობის საფუძველზე ადამიანი განარჩევს, ვინ ექცევა ჯგუფში "ჩვენ” და ვინ – ჯგუფში „სხვა”. "საზოგადოების არსისა და მისი მენტალობის გაგებისათვის უმნიშვნელოვანესია იმის გარკვევა, თუ ვინ რჩება მის მიერ დაწესებული საზღვრის შინგნით და ვინ – მის მიღმა, ვინ მონაწილეობს ცხოვრების დღესასწაულში და ვინ რჩება გარიყული”, აღნიშნავს ამერიკელი ისტორიკოსი რუთ მელინკოვი. იდენტობა სიმბოლოებითაც გამოიხატება. ჩაცმულობით, ვარცხნილობით, მაკიაჟით, სამკაულებით და აქსესუარებით ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ, როგორია ადამიანის იდენტობა - მისი სოციალური სტატუსი, რელიგიური შეხედულებები, ეთნიკური კუთვნილება და სხვა. ცივილიზაცია კულტურის ცნების გვერდით, კულტუროლოგიაში ფართოდ გამოიყენება ცივილიზაციის ცნება. ზოგჯერ მას კულტურის სინონიმადაც იყენებენ. მაგალითად, საუბრობენ „ქართული კულტურის" და „ქართული ცივილიზაციის", „ევროპული კულტურის" და „ევროპული ცივილიზაციის" შესახებ. ხშირად ცივილიზაცია ტექნიკურ და ტექნოლოგიურ პროგრესთან იგივდება. მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან დაწყებული, მკვლევართა ნაწილი საუბრობს ცივილიზაციათა მოსალოდნელ შეჯახებაზე (ს. ჰანთინგტონი), ან იმაზე, რომ მოსალოდნელია კულტურული სფეროების შეჯახება გლობალური ცივილიზაციის ფარგლებში (დ. უილკინსონი). სიტყვას "ცივილიზაცია” მრავალი მნიშვნელობა აქვს და მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან civilizatio; ზმნა civilizare, ზედსართავი civilis, civis (მოქალაქე, ქალაქის მცხოვრები). XVIII საუკუნეში ტერმინი "ცივილიზაცია” დამკვიდრდა ისტორიული განვითარების გარკვეული სტადიის აღსანიშნავად. 1752 წელს იგი ამ მნიშვნელობით პირველად გამოიყენა ფრანგმა ფილოსოფოსმა და სახელმწიფო მოღვაწემ ჟ. ტიურგომ, სორბონაში სიტყვით გამოსვლის დროს. დასახელებული ტერმინის სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანას უკავშირებენ ბულანჟესა და ჰოლბახის სახელებს. 1798 წ. იგი პირველად შეიტანეს საფრანგეთის "აკადემიის ლექსიკონში”, რომელიც მანამდე ამ სიტყვას არ სცნობდა. შოტლანდიელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ა. ფერგიუსონმა (1723-1816) პირველმა გამოიყენა ცივილიზაციის ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის განსაზღვრული საფეხურის აღსანიშნავად. ფრანგი განმანათლებლები თვლიდნენ, რომ ცივილიზაცია წარმოადგენს სოციალურ წყობას, რომელიც ემყარება გონისა და სამართლიანობის საწყისებს. შარლ ფურიემ კაცობრიობის ისტორია 7 საფეხურად დაჰყო: 1) ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა: ადამიანები თავისუფალნი და თანასწორნი იყვნენ, საკვები უხვად ჰქონდათ, ცხოვრობდნენ ჯგუფებად, არ იცნობდნენ მონოგამიას. 2) ველურობის საფეხური: მოსახლეობის რიცხვი იზრდება. მას თავს ატყდება წინა საფეხურისათვის უცნობი უბედურებანი. 3) პატრიარქატი: ძლიერები ბატონობენ სუსტებზე, მამაკაცები _ ქალებზე. გაჩნდა კერძო საკუთრება. 4) ბარბაროსობა: ჩნდება ცივილიზაციის ჩანასახები, პირველ რიგში, ხელოსნობა და ვაჭრობა. 5) ცივილიზაცია: პირადი ინტერესი უპირისპირდება საზოგადოებრივს, ქრება სამართლიანობის გრძნობა. თუმცა ცივილიზაციას დადებითი მომენტებიც აქვს: სტიმულს აძლევს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას, იზრდება შრომის ნაყოფიერება. 6) გარანტიზმი და 7) სოციენტიზმი, რომლის ფარგლებში მიიღწევა კაცობრიობის ბედნიერება და ჰარმონია. ფურიე თვლიდა, რომ ცივილიზაციური წყობის სამეურნეო წესრიგი საზოგადოებრივი უბედურებაა, ღმერთის მიერ ადამიანთა მოდგმის დასასჯელად მოვლენილი. ბატონობს სიღატაკე, ტყუილი, ომი. პირადი და საზოგადოებრივი ინტერესი შეურიგებელ წინააღმდეგობაშია. მაგრამ ცივილიზაციას დროებითი, წარმავალი ხასიათი აქვს. კაცობრიობის ისტორიისათვის იგი ისეთივე ავადმყოფობაა, როგორც ყრმისათვის კბილების ამოჭრა. როგორც ადამიანის ორგანიზმი, ცივილიზაციური წყობაც თავის განვითარებაში გადის ოთხ ფაზას: ბავშვობის, სიჭაბუკის, სიმწიფის, სიბერის. ტომას ბოკლი, რომელმაც დაწერა "ინგლისის ცივილიზაციის ისტორია”, მიიჩნევდა, რომ ცივილიზაციის ჩამოყალიბების და განვითარების წყაროა ცოდნის განვითარება: "გონებრივი ფაქტორი ისტორიის მეფეა”. "ბარბაროსობიდან ცივილიზაციაზე გადასვლას, _ წერდა ბოკლი, _ ევროპა უნდა უმადლოდეს მხოლოდ თავის გონებრივ მოღვაწეობას. მხოლოდ გენიოსთა აღმოჩენებია მუდმივი... შეიცავენ რა ახალი ცხოვრების ჩანასახებს, რამდენიმე საუკუნის შემდეგ მათ, შეიძლება, უფრო დიდი ძალა გამოამჟღავნონ, ვიდრე აღმოჩენის მომენტში”. ევროპელ მოაზროვნეთა მიერ კაცობრიობის ისტორია წარმოდგენილი იყო, როგორც ერთიანი აღმავალი განვითარების პროცესი, კიბე, რომლის საფეხურებზე ადამიანთა სხვადასხვა საზოგადოება განსხვავებული სიჩქარით მოძრაობდა. შესაბამისად, ზოგ მათგანს უფრო მაღალი საფეხურისათვის მიეღწია, ზოგი კი ჩამორჩებოდა. ჩამოყალიბდა თვალსაზრისი "ისტორიულ” და "არაისტორიულ”, „ველურ", „პრიმიტიულ" და განვითარებულ, ცივილიზებულ ხალხებზე. ლუის ჰენრი მორგანმა ნაშრომში "ძველი საზოგადოება” (1877) ერთმანეთისაგან განასხვავა პრიმიტიული და ცივილიზებული საზოგადოებები. მორგანს ეკუთვნის კაცობრიობის ისტორიის ცნობილი სამსაფეხურიანი დაყოფა: ველურობა - ბარბაროსობა - ცივილიზაცია. მორგანის თეორიამ დიდი გავლენა იქონია კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის შეხედულებებზე, რომელთაც კაცობრიობის ისტორია წარმოიდგინეს 5 ურთიერთმომდევნო საფეხურის - საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების - სახით. ისტორიის მამოძრავებელ ძალად მათ კლასთა ბრძოლა მიიჩნიეს. ინგლისელმა არქეოლოგმა ვირ გორდონ ჩაილდმა ცივილიზაციის მთავარ მახასიათებლებად მიიჩნია ქალაქებისა და დამწერლობის წარმოშობა, მეურნეობის განვითარების გარკვეული დონე, საგადასახადო სისტემის მეშვეობით სახელმწიფოს ხელში სიმდიდრის თავმოყრა, სავაჭრო-სააღებმიცემო ურთიერთობათა განვითარება, მეცნიერებისა (არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია) და ხელოვნების განვითარება. მისი აზრით, ამ მახასიათებელთა არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ პრიმიტიული საზოგადოება ცივილიზაციის საფეხურზე გადავიდა. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გაჩნდა ტერმინ "ცივილიზაციის” მრავლობითი რიცხვი. "მოგზაურობათა ეპოქაში” დაგროვილმა მასალამ ცხადყო კულტურათა და ცივილიზაციათა მრავალსახეობა მსოფლიოში, აგრეთვე ის, რომ ცივილიზაციია განვითარებას აქვს დასაწყისი და დასასრული. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თანდათანობით ყალიბდება ცივილიზაციის რაობის რადიკალურად განსხვავებული გაგება, რომლის თანახმად, არ არსებობს საერთო საკაცობრიო ცივილიზაცია, როგორც განვითარების უმაღლესი საფეხური, რომელსაც კაცობრიობის ერთმა ნაწილმა მიაღწია, მეორე კი მისკენ მიემართება. კაცობრიობის სხვადასხვა ნაწილი განვითარების სხვადასხვა გზას გადის და არავითარი საერთო, საყოველთაო ხაზი აქ არ არსებობს. საფუძველი ჩაეყარა ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიას, რომლის წარმომადგენლები არ იზიარებენ კაცობრიობის საერთო პროგრესის იდეას. თუმცა ამ იდეას არსებობა არ შეუწყვეტია; შემდგომში ევოლუციონიზმისა და, განსაკუთრებით, ნეოევოლუციონიზმის წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო არგუმენტით სცადეს თავიანთი თვალსაზრისის განმტკიცება, ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიების თანამედროვე ვერსიები კი მსოფლიოს ცივილიზაციური ხედვის სახით ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც სცადა ლოკალურ ცივილიზაციათა მწყობრი თეორიის გადმოცემა, რუსი მეცნიერი ნიკოლაი დანილევსკი იყო. იგი "ცივილიზაციის” ცნების ნაცვლად "კულტურულ-ისტორიული ტიპის” ცნებას იყენებდა. ნაშრომში "რუსეთი და ევროპა” (1871) მან უარყო უსასრულო პროგრესის იდეა და განაცხადა, რომ კულტურულ-ისტორიული ტიპი (ცივილიზაცია), ისევე როგორც ყველა ბიოლოგიური ორგანიზმი, გადის განვითარების განსაზღვრულ სტადიებს – ზრდას, დასუსტებასა და კვდომას. ცივილიზაცია _ ესაა შედარებით ხანმოკლე პერიოდი, "ხარჯვის პერიოდი”, რომლის დროს ხალხები გამოდიან ხანგრძლივი ეთნოგრაფიული მდგომარეობიდან და ხარჯავენ ყველაფერ იმას, რაც "ეთნოგრაფიული ხანის” მანძილზე დაგროვდა. საერთო-საკაცობრიო ცივილიზაცია არასოდეს არსებულა და არც იარსებებს. იგი სხვა არაფერია, თუ არა ცალკეული ცივილიზაციების ერთობლიობა. ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიის ფარგლებში ჩამოყალიბდა გერმანელი მეცნიერის ოსვალდ შპენგლერის კონცეფცია. იგი თვლიდა, რომ არ არსებობს არავითარი ერთიანი მსოფლიო ისტორია, ამ ისტორიას ქმნის რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კულტურის სურათი, რომელთაგან თითოეულს თავისი ბედი აქვს. კულტურის განვითარების ზედა ზღვარს წარმოადგენს ცივილიზაცია, რომელიც წერტილს უსვამს კულტურის არსებობას და რომელიც დგება მაშინ, როცა კულტურა ამოწურავს განვითარების ყველა შინაგან შესაძლებლობას. ლოკალური ცივილიზაციების თეორიის კულმინაციად მიჩნეულია ინგლისელი ისტორიკოსის არნოლდ ჯოზეფ ტოინბის 30-წლიანი შრომის შედეგი – მრავალტომიანი "ისტორიის კვლევა”. იგი თვლიდა, რომ ცივილიზაცია – ეს არის დროსა და სივრცეში განსაზღვრული კულტურულ-ისტორიული სისტემა, რომელიც ხასიათდება სულიერი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეურნეო ცხოვრების შედარებითი ერთგვაროვნებით. ცივილიზაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებას საფუძვლად უდევს „გამოწვევა-პასუხის" მექანიზმის მოქმედება. ცივილიზაციური პრობლემატიკის დამუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა "ანალების” ფრანგულმა სკოლამ, რომლის მთავარი წარმომადგენლები არიან ლუსიენ ფევრი, მარკ ბლოკი, ფერნან ბროდელი და სხვ. მე-20 საუკუნის ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა სამუელ ჰანთინგტონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დღეს მსოფლიოში არსებობს 8 ცივილიზაცია: დასავლური, მართლმადიდებლურ-სლავური, მუსლიმური, კონფუციური, იაპონური, ინდუისტური, ლათინური ამერიკისა და აფრიკული ცივილიზაციები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი ნიშნების მქონე კულტურებს მოიცავენ. დღეს და თვალსაწიერ მომავალში მსოფლიოს სახეს ამ ცივილიზაციათა ურთიერთობა განსაზღვრავს. თანამედროვე სამყაროს კონფლიქტები ცივილიზაციათა განსხვავებულობის და დაპირისპირების შედეგია, რის გამოც მათმა ურთიერთობამ, შესაძლოა, „ცივილიზაციათა შეჯახების" სახე მიიღოს. ჰანთინგტონის ვერსიას დიდი გამოხმაურება და მწვავე კამათი მოჰყვა. ჰანთინგტონის განსაზღვრებით, ცივილიზაცია ყველაზე ფართო ერთობაა, რომელსაც ადამიანი თავს მიაკუთვნებს, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რომელთანაც იგი თვითიდენტიფიკაციას ახდენს. ცივილიზაცია - ესაა ყველაზე დიდი „ჩვენ", რომლის ფარგლებში ადამიანი თავს „შინ" გრძნობს. ამავე დროს, იგი გვყოფს ჩვენ მათგან, ვინც ამ ცივილიზაციის მიღმაა. ამრიგად, შეიძლება ვისაუბროთ ცივილიზაციის ცნების ორ ძირითად ინტერპრეტაციაზე: 1) მსოფლიო-ისტორიული, რომლის თანახმად, კაცობრიობა ერთიანი აღმავალი განვითარების ხაზით მიემართება, რომლის გარკვეულ საფეხურზე ჩნდება ცივილიზაცია. 2) ლოკალურ-ისტორიული, რომლის თანახმად, კულტურები და კულტურული ერთობები (მათგან ყველაზე ვრცელი – ცივილიზაციები) ლოკალური წარმონაქმნებია, რომელთაც სხვა მსგავს წარმონაქმნებთან ნაკლები მსგავსება აქვთ (ო. შპენგლერი, ა. ტოინბი, ს. ჰანთინგტონი).
| |
ნანახია: 1884 | რამოტვირთვები: 297 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||