კულტურა
წინამდებარე განყოფილებაში არ არის კლასიფიცირებული კულტურის გაგების კატეგორიები და შეგნებულად პირდაპირაა მოცემული ციტატები, განურჩევლად იმისა, თუ ვის როგორ ესმის ეს ცნება
კულტურა ნიშნავს იცოდე ყოველივე საუკეთესო, რაც თქმულა და რაც გაფიქრებულა ქვეყანაზე.
მეთიუ არნოლდი (ინგლისელი პოეტი და კრიტიკოსი)
ადამიანი იმდენად განათლებული უნდა იყოს, რომ კულტურას კრიტიკული თვალით შეხედოს.
სემუელ ბატლერი (XIX ს. ინგლისელი ნოველისტი და სატირიკოსი).
კულტურა ყველაფერია. კულტურაა ის, თუ როგორ ვიცვამთ, თუ როგორ გვიჭირავს თავი, როგორ დავდივართ, როგორ ვიკეთებთ ჩვენს ჰალსტუხებს... კულტურა არაა მხოლოდ წიგნების წერა და სახლების შენება.
აიმე ცეზარი(მარტინიკელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი)
ვერცერთი კულტურა ვერ იცოცხლებს, თუ შეეცდება, ჩაკეტილი იყოს.
მაჰათმა განდი(ინდოელი პოლიტიკოსი და სულიერი ლიდერი)
კულტურა განსაკუთრებული ცოდნის ერთობლიობას გავს, რომელიც თავს იყრის ერთ საერთო ოჯახში და მისი თითოეული წევრის საკუთრებას წარმოადგენს. როდესაც ჩვენ, დიდი კულტურის ოჯახის წევრები, ერთმანეთს ვხვდებით, ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს მოგონებებს პაპა ჰომეროსზე, საშინელ დოქტორ ჯონსონზე, დეიდა საფოსა და საწყალ ჯონი კიტსზე.
ალდას ჰაქსლი (ინგლისელი ნოველისტი, ესსეისტი და კრიტიკოსი).
კულტურა სხვა არაფერია, თუ არა განათლების მშვენიერი ყვავილობა. იგი გრძნობების, გემოვნებისა და მანერების წვრთნით მიიღწევა.
მინი კელოგი (იროკეზების ლიდერი)
ღარიბს არაფერი ესაქმება კულტურასთან და უნდა ერიდოს მას. კულტურა არ იჭმევა და მას ვერ გაყიდი; ღარიბებს შეუძლიათ, მხოლოდ ერთმანეთს გადასცენ იგი და ამის გამოა სწორედ ქვეყანა სავსე მშიერი ხალხით, რომელიც მზადაა ყველაფერი გასწავლოს ამ ქვეყანაზე.
ობრი მენენი(ინგლისელი მწერალი)
კულტურა ჩვევაა - დაჯილდოებული იყო საუკეთესოთი და იცოდე, თუ რისთვის.
ჰენრი ვან დაიკი (ინგლისელი მწერალი)
ბუნება კულტურის გარეშე უფრო ღირსია შექებისა, ვიდრე კულტურა ბუნების გარეშე.
ციცერონი (რომაელი ორატორი)
კულტურული მემკვიდრეობის გადაცემის დროს ადამიანი ყოველთვის ცდილობს გადასცეს მომავალ თაობას თავისი მშობლების უნარ-ჩვევები და ფასეულობები, მაგრამ ეს მცდელობა ყოველთვის განწირულია წარუმატებლობისათვის, რამეთუ კულტურული ტრანსმისია დამოკიდებლია სწავლაზე და არა დნმ-ზე.
გრეგორი ბეიტსონი (ამერიკელი ანთროპოლოგი)
როდესაც სიტყვა „კულტურა" მესმის, ხელი იარაღისკენ მიმაქვს ხოლმე.
ჰანს იოსტი (გერმანელი ნაცისტი დრამატურგი და პოეტი)
კულტურა პროფესორების ხელში გამოგონილი იარაღია, რათა ახალი პროფესორები აწარმოონ, ხოლო ამ უკანასკნელებმა, თავიანთ ჯერზე - სხვა ახალი პროფესორები.
სიმონ ვილი (ფრანგი ფილოსოფოსი)
თუ შენ მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ იმას ხედავ, რასაც ყველა სხვა, ე. ი.... შენ იმდენად ეკუთვნი შენს კულტურას, რომ მისი მსხვერპლიც გამხდარხარ.
სამუელ იჩიე ჰაიაკავა (ამერიკელი ენათმეცნიერი, სენატორი)
რა შანსი აქვს კულტურას გადარჩენის, როდესაც მისივე ელიტები აქტიურად მიისწარფვიან მისი განადგურებისკენ?
უილიამ სტერგის ლინდი (ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, „კულტურული კონსერვატიზმის ცენტრის" დირექტორი)
უხეშად რომ ვთქვათ, კულტურაა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, და რასაც მაიმუნები არ აკეთებენ.
ლორდ რაგლანი (ბრიტანელი სამხედრო მოღვაწე)
თევზი მხოლოდ წყლის გარეთ ხვდება, რომ იგი მისთვის აუცილებელია. ჩვენი კულტურაც წყალივითაა. ჩვენ მისით ვსაზრდოობთ. ჩვენ ვცხოვრობთ და ვსუნთქავთ მისი მეშვეობით.
ფონს ტრომპენაარსი (კულტურის ფსიქოლოგიის მკვლევარი ბიზნეს-ეკონომიკის სფეროში)
მე მხოლოდ ფრანგული კულტურისა მწამს, ხოლო ყველაფერს, რასაც დანარჩენ ევროპაში კულტურას უწოდებენ, გაუგებრობად მივიჩნევ, რომ აღარაფერი ვთქვათ გერმანულ კულტურაზე.
ფრიდრიხ ნიცშე (გერმანელი ფილოსოფოსი)
დასავლური კულტურის პარადიგმას წარმოადგენს მოსაზრება, რომ ადამიანური ბუნება სახიფათოა. ამიტომ იგი უნდა გაიწვრთნას, იმართოს და გაკონტროლდეს უმაღლესი ხელისუფლების მიერ.
კარლ რენსომ როჯერსი (ამერიკელი ფსიქოლოგი)
კულტურა, ანუ ცივილიზაცია, ფართო ეთნოგრაფიული აზრით, შედგება ცოდნის, რწმენა-წარმოდგენების, ხელოვნების, ზნეობის, კანონების, ზნე-ჩვეულებებისა და ზოგი სხვა უნარ-ჩვევისაგან, რომელიც შეძენილია ადამიანის, როგროც საზოგადოების წევრის მიერ.
ედუარდ ბერნეტ ტაილორი (ბრიტანელი ეთნოლოგი)
კულტურა არის მოღვაწეობის ხერხებისა და რწმენა-წარმოდგენათა კომპლექსი, რომელიც მიღებულია სოციალური მემკვიდრეობის გზით და რომელიც წამოადგენს ჩვენი ცხოვრების ქსოვილს.
ე. სეპირი (ამერიკელი ლინგვისტი)
კულტურა ეს არის აღქმისა და რეაგირების სქემატიზებული და ეტალონური წესი, რომელიც იქმნება და გადაეცემა, უმთავრესად, სიმბოლოების მეშვეობით. კულტურის ბირთვს შეადგენს ტრადიციული (ისტორიულად შერჩეული და გადაცემული) იდეები და ამ იდეებთან დაკავშირებული ფასეულობანი.
ალფრედ კრიობერი, კლაიდ კლაკჰონი (ამერიკელი სოციოლოგები)
კულტურა არის რწმენათა, ფასეულობათა და გამომსახველობით საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც საერთოა რომელიღაც ჯგუფისათვის და ემსახურება ამ ჯგუფის წევრთა გამოცდილების მოწესრიგებასა და ქცევის რეგულირებას.
ნეილ სმელზერი (ამერიკელი სოციოლოგი)
კულტურა არის სოციოლოგიური აღნიშვნა შესწავლილი ქცევისა, რომელიც არ დაჰყვება ადამიანს დაბადებიდან, არ არის ჩადებული ჩანასახოვან უჯრედებში, როგორც კრაზანებთან და ჭიანჭველებთან, არამედ ათვისებული უნდა იქნას ყოველი ახალი თაობის მიერ, უფროსთაგან შესწავლის გზით.
რუთ ბენედიქტი (ამერიკელი კულტურანთროპოლოგი)
კულტურა არის ქცევისა და მსოფლმხედველობის სტერეოტიპი.
ლევ გუმილიოვი (რუსი მეცნიერი)
კულტურა ჩვევათა გარსია.
თომას კარლაილი (ინგლისელი ისტორიკოსი)
საზოგადოების კულტურა შედგება იმისაგან, რაც საჭიროა ვიცოდეთ და საჭიროა გვწამდეს, რათა ჩვენი ქცევა მისაღები იყოს საზოგადოების სხვა წევრებისათვის.
უორდ გუდინაფი (ამერიკელი ანთროპოლოგი)
კულტურას ვუწოდებთ საგნების და მოვლენების ერთობლიობას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანის სახეობისათვის დამახასიათებელ მენტალურ უნართან - მოახდინოს საგნებისა და მოვლენების სიმბოლიზაცია. კულტურა შედგება მატერიალური საგნების, მოქმედებების, რწმენა-წარმოდგენებისა და ურთიერთობებისაგან, რომლებიც ფუნქციონირებენ სიმბოლურ კონტექსტში. იგი რთული ექსტრასომატური მექანიზმია, რომელსაც ადამიანი იყენებს გადარჩენისა და არსებობისათვის ბრძოლაში.
ლესლი უაიტი (ამერიკელი კულტურანთროპოლოგი)
სპეციფიკურ ადამიანურ თავისებურებებს, რომლებიც განასხვავებს ჰომო საპიენს-ის მოდგმას ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან, მოიცავს ტერმინი „კულტურა".
ვილჰელმ ოსტვალდი (გერმანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი).
კულტურა არის:
ხალხის ცხოვრების განზოგადებული წესი. სოციალური მემკვიდრეობა, რომელსაც ინდივიდი იღებს თავისი ჯგუფისაგან. ქცევის აბსტრაქცია. ადამიანთა ჯგუფის ქცევის ანთროპოლოგთა მიერ შექმნილი ვერსია. კოლექტიური ცოდნის საგანძური. შესწავლადი ქცევა. გარემოსა და სხვა ადამიანებთან შეგუების ხერხთა ერთობლიობა. ნალექი, რომელსაც ტოვებს ისტორია. რუკა, მატრიცა.
კლაიდ კლაკჰონი (ამერიკელი სოციოლოგი)
კულტურა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სულიერი ცხოვრების იდუმალი ჭაობიდან იბადება და ცოცხალი ორგანიზმოსათვის დამახასიათებელ ყველა საფეხურს გადის: ბავშვობას, სიმწიფეს, სიბერესა და სიკვდილს.
ოსვალდ შპენგლერი (გერმანელი მოაზროვნე)
კულტურის მეცნიერული განსაზღვრება
„კულტურა" ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული. თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი „კულტურა" XVII საუკუნიდან იხმარება. მიჩნეულია, რომ დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულის სახით იგი პირველად გამოიყენა გერმანელმა იურისტმა და ისტორიკოსმა სამუელ პუფენდორფმა (1632 -1694), რომელიც კულტურას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას უპირისპირებდა.
ამერიკელი სოციოლოგების ა. კრიობერისა და კ. კლაკჰონის მიერ 1952 წ. ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 1871 წლიდან 1919 წლამდე კულტურის ცნების სულ 7 დეფინიცია იყო შემოთავაზებული (პირველი, როგორც ითვლება, ცნობილ ინგლისელ მეცნიერს ე. ბ. ტაილორს ეკუთვნის); 1920 -დან 1950 წლამდე კი მათ სხვადასხვა ავტორთან იგივე ცნების 157 განსაზღვრება დათვალეს. 1963 წელს კრიობერმა და კლაკჰონმა ხელახლა გამოსცეს თავიანთი ნაშრომი. ამჯერად დეფინიციათა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, რადგან პირველი გამოცემიდან გასული ათი წლის განმავლობაში გაჩნდა კულტურის ცნების ახალი ინტერპრეტაციები. კულტურის განსაზღვრებათა ეს მიმოხილვა ყველაზე სრული იყო იმჟამად არსებულთაგან, თუმცა ზოგიერთი ნაკლი მაინც ჰქონდა: ავტორები, ძირითადად, ინგლისურ-ამერიკულ ლიტერატურაში არსებული მიდგომებით იფარგლებოდნენ და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გერმანულ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში არსებულ მრავალფეროვან განსაზღვრებებსა და კონცეფციებს.
დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კულტურის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია: ისტორიული, სტრუქტურული, სტრუქტურულ-ფუნქციური, სისტემური (ფ. ბოასი, კ. ლევი-სტროსი, ბ. მალინოვსკი, ა. რადკლიფ-ბრაუნი, ლ. უაიტი) და სხვ. კულტურის ფენომენი სხვადასხვა მეცნიერების შესწავლის ობიექტია. თვით ცნების უნივერსალურობა და ყოვლისმომცველობა საშუალებას იძლევა, განვიხილოთ იგი მრავალ ასპექტში: როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო; სოციალური ინსტიტუტი; პიროვნების განვითარების დონის მახასიათებელი; საზოგადოების მარეგულირებელი ნორმების სისტემა; სოციალური გამოცდილების გადაცემის მექანიზმი; თვითდეტერმინაციის ფენომენი და ) ამდენად, სრულიად ბუნებრივია განსაზღვრებათა ზემოთ ნახსენები სიმრავლეც.
ფართო აზრით, კულტურის ცნება ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებას ყველა სხვა ბიოლოგიური არსებისაგან. კულტურაში იგულისხმება არა ცალკეული შემოქმედებითი აქტი, არამედ შემოქმედება როგორც ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი, რომლის მეშვეობით იგი ქმნის „ახალ სამყაროს" და საკუთარ თავს. თითოეული კულტურა განუმეორებელი სამყაროა, რომლის შიგნით არსებობს ადამიანის (ადამიანთა) სწორედ ასეთი დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისა და საკუთარი თავისადმი.
შეიძლება ჩამოვთვალოთ კულტურის ცნების მრავალი საინტერესო და ორიგინალური დეფინიცია. ნებისმიერი განსაზღვრება მოიცავს ამ ფენომენის ერთ ან რამდენიმე მხარეს, ავტორის ინტერესისა და კვლევის ობიექტიდან გამომდინარე. ყოვლისმომცველობისა და ამომწურაობის პრეტენზია კი ვერც ერთს ვერ ექნება. კვლევის პროცესში ვსარგებლობთ ე. წ. სამუშაო განსაზღვრებებით, რომლებიც შეესაბამება ჩვენი კონკრეტული მუშაობის მიზანს. მაგალითად,, ქართულ კულტურაზე საუბრისას, შეიძლება დავკმაყოფილდეთ იმ უზოგადესი განსაზღვრებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მასში ვიგულისხმოთ ქართველთა მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილი „მეორე ბუნება",რომელიც, თავის მხრივ, თავად აყალიბებდა თაობებს და განაპირობებდა ქართველებად მათ თვითიდენტიფიცირებას. თუმცა, სხვა შემთხვევაში, შეიძლება მოგვიხდეს მივმართოთ რომელიმე სხვა დეფინიციას. კულტურის კვლევის, მისი სახის განსაზღვრის მცდელობისას მხედველობაში უნდა გვქონდეს ის გარემოება, რომ, ერთი მხრივ, „სხვა, ჩვენი კულტურისაგან განსხვავებული კულტურის ადამიანებთან დიალოგი თანამედროვე ცნობიერების განუყოფელი ფუნქციაა", მეორე მხრივ კი, „კულტურა, ყველაზე ფართო მნიშვნელობით, არის ის, რის გამოც შენ უცხოდ იქცევი, როგორც კი შენს სახლს დატოვებ... როცა იმყოფები შენს ჯგუფში, იმ ადამიანებს შორის, რომლებთანაც საერთო კულტურა გაქვს, შენ არ გიხდება ფიქრი საკუთარ აზრებსა და ქცევაზე, რადგან შენც და ისინიც, პრინციპში, ერთნაირად ხედავთ სამყაროს, იცით, რას შეიძლება მოელოდეთ ერთმანეთისაგან.
უცხო საზოგადოებაში უსუსურობისა და დეზორიენტირებულობის გრძნობა გეუფლება". ეს ეხება არა მხოლოდ ცოცხალ კონტაქტს ადამიანებს შორის, არამედ, აგრეთვე, კულტურის კვლევის პროცესს. ჩვენ კითხვებს ვუსვამთ წარსულში ან სხვა კულტურის ფარგლებში მცხოვრებ ადამიანებს, ვცდილობთ, გავშიფროთ მათ მიერ დატოვებული თუ მოწოდებული ინფორმაცია. მაგრამ კითხვები, რომლებზე პასუხსაც ვეძებთ, განსაზღვრულია თანამედროვე ცნობიერებით, კულტურით, რომლის მატარებელი ჩვენ ვართ, სიტუაციით, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. პრობლემები, რომელთაც მკვლევართა მიერ მუშავდება, ჩვენი (საკუთარი) კულტურის აქტუალური პრობლემებია.
"სხვა ეპოქათა, საზოგადოებათა და კულტურათა ადამიანებს ჩვენ ვუსვამთ „ჩვენს"კითხვებს და ვცდილობთ, მივიღოთ მათგან „მათი" პასუხები, რადგან დიალოგი მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი. ბუნებრივია, ჩვენ ვხედავთ სხვა კულტურას (ან სხვა ეპოქის ჩვენსავე კულტურას) არა ისე, როგორც იგი საკუთარ თავს გაიაზრებდა. კულტურის კატეგორიები, მახასიათებლები, რომლებითაც ჩვენ მასზე ვმსჯელობთ, არ არის თავად ცოცხალი, ხორცშესხმული კულტურა; ეს მხოლოდ კულტურის ცოცხალ სხეულზე დადებული ერთგვარი კოორდინატთა სისტემაა, რომლის ანალიზი ვერ შეცვლის კულტურის რეალური ფუნქციობისა და მოძრაობის შესწავლას. ჩვენ ვაგებთ მხოლოდ მოდელს და ეს კულტურის კვლევის ერთ-ერთი გზაა, რომლის აბსოლუტიზაცია ისეთივე შეცდომა იქნებოდა, როგორც მისი უგულებელყოფა. ეს სწორედ ის გზაა, რომელსაც იყენებენ კულტურის მეცნიერებანი, განსხვავებით, მაგალითად, საისტორიო მეცნიერებისაგან, რომელიც ამ მოდელის რეალურ ფუნქციობას, მის დინამიკას სწავლობს. ეს ორი გზა ავსებს და აზუსტებს ერთმანეთს. ისტორიულ-კულტუროლოგიური კვლევა შესაძლებელია მხოლოდ საისტორიო მეცნიერების მონაცემებზე დაყრდნობით. თავის მხრივ, ამგვარი კვლევის შედეგების გათვალისწინება ისტორიკოსს წარსულის სურათის „გაცოცხლების", საკვლევ საკითხთა მკაფიოდ განსაზღვრისა და სხვადასხვა ხასიათის აღრევათა თავიდან აცილების შესაძლებლობას აძლევს.
|