მთავარი » ფაილები » ძირითადი ცნებები და ტერმინები კულტურის კვლევებში |
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (27.3 Kb) ] | 25.10.2012, 12:58 |
მარგინალობა
გახსოვს აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსი „ღამურა"? თაგვს თაგვად ყოფნა მობეზრდა და ჩიტად ქცევა ინატრა. თაგუნას სურვილი შეუსრულდა და ფრთები გამოესხა, მაგრამ, უჩვეულო გარეგნობის გამო, სხვა ჩიტებმა აითვალწუნეს და იძულებული გახდა, ისევ თაგვებთან დაბრუნებულიყო. ფრინველად ქცეული თაგვი აღარც ძველმა თანამოძმეებმა მიიღეს. საბრალო თაგუნა იძულებული გახდა, ყველას გარიდებოდა და ბნელ ნანგრევებში დაედო ბინა. მას შემდეგ იგი სამალავიდან მხოლოდ ღამ-ღამობით გამოდის. იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისაგან გარიყულები აღმოჩნდნენ, აკაკი წერეთელი ღამურას ადარებს. დღეს ასეთ ადამიანებს მარგინალებს უწოდებენ. ეს ტერმინი იმ ინდივიდებს აღნიშნავს, რომლებიც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ვერ ან არ არიან სრულფასოვნად ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში; მაგალითად, მიგრანტები - ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასული პირები, რომლებიც თავიანთ ჩვეულ გარემოს მოწყდნენ და ახალ გარემოში ვერ ინტეგრირდნენ, აგრეთვე უსახლკაროები და ა.შ. მარგინალობისადმი ინტერესი განაპირობა დასავლეთში, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრაციის აქტიურმა პროცესმა. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფები, მატერიალური კეთილდღეობის თუ უზრუნველი ცხოვრების ძიებაში, მასობრივად ტოვებდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილს და უცხო ქვეყანაში სახლდებოდნენ. ახალ გარემოში დამკვიდრების პროცესი ყოველთვის რთულია, მით უფრო მაშინ, როცა მას თან ახლავს სოციალური პრობლემები: უმუშევრობა, სოციალური სტატუსის და გარანტიების არქონა. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ახალ ადგილას მიგრანტებს არავინ ელის და მათი გამოჩენა დამატებით პრობლემად აღიქმება. სწორედ ასეთი ვითარება იწვევს ჯგუფის მარგინალიზაციას. ეს ჯგუფები მარგინალურ მდგომარეობაში არიან როგორც „მასპინძელ", ისე მათთვის მშობლიურ კულტურასთან მიმართებაში ინდივიდებისა და ჯგუფების მარგინალიზაცია შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სისტემის მკვეთრმა ცვლილებამ. მაგალითად, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ მარგინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სოფლის მცხოვრებნი, რომლებმაც ვერ შეძლეს ახალ რეალობასთან შეგუება, დაკარგეს ძველი სტატუსი და, გარკვეული დროის განმავლობაში, ვერ შეიძინეს ახალი.
| |
ნანახია: 948 | რამოტვირთვები: 232 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |