მთავარი » ფაილები » ისტორიის აღქმა და რეპრეზენტაცია.მეხსიერების პოლიტიკა

ლექცია 3
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (74.0 Kb) ] 17.10.2012, 23:46

მეხსიერება და ისტორია

 

ციცერონის სიტყვით, ისტორია მეხსიერების სიცოცხლეა. ცნობილი და ბანალური ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც კარგავენ მეხსიერებას, კარგავენ თავიანთ იდენტობას. ამავე დროს, როგორც ფრიდრიხ ნიცშე მტკიცებ, დავიწყება სიჯანსაღის ნიშანია. დამახსოვრებასა და დავიწყებას შორის პირდაპირი კავშირია.

ისტორია, ისევე როგორც მეხსიერება, არ იქმნება მყისიერად, მაშინვე, არამედ ხდება მისი რეკონსტრუქცია მუზეუმში, სცენაზე და, განსაკუთრებით, მეცნიერთა შრომებში. ისტორიის "გაცოცხლება” ისტორიკოსის მიერ – ესაა ემპირიული, სისტემური, კონტროლირებადი რეკონსტრუქცია და ინტერპრეტაცია, ისტორიული ფენომენების, მოვლენების, პერსონების, პროცესების "მოწესრიგება” არა მხოლოდ შესაბამისი კონტექსტის, არამედ მიზეზის და შედეგის გათვალისწინებითაც. პიტერ ბერკის აზრით, მოსაზრება, რომ „მეხსიერება ასახავს იმას, რაც მოხდა, ხოლო ისტორია ასახავს საკუთრივ მეხსიერებას", საქმეს მეტისმეტად მარტივად წარმოაჩენს. არც მეხსიერება და არც ისტორია უკვე აღარ განიხილება როგორც ობიექტური ფენომენი, ორივე შემთხვევაში ჩვენ ვითვალისწინებთ ინფორმაციის ცნობიერი თუ არაცნობიერი  სელექციის, ინტერპრეტაციისა და დამახინჯების შესაძლებლობას. ორივე შემთხვევაში ეს სელექცია, ინტერპრეტაცია და დამახინჯება სოციალურად განპირობებულია (Burke 1980: 97-98).

მეხსიერება, რომელიც იკვებება ისტორიით და, ამავე დროს, "საწვავით” ამარაგებს მას, ესწრაფვის წარსულის შენახვას, რათა ემსახუროს აწმყოს და მომავალს, წერდა ჟაკ ლე გოფი.

პიერ ნორა, ისევე როგორც მორის ჰალბვაქსი, თვლის, რომ ისტორია და მეხსიერება განსხვავებული ფენომენებია, მაგრამ საკითხს ცოტა სხვაგვარად აყენებს: მისი აზრით, მეხსიერება ასახავს მომხდარ მოვლენებს, ისტორია კი სუბიექტური ასახვაა იმისა, რაც ისტორიკოსმა მიიჩნია მნიშვნელოვნად და დამახსოვრების ღირსად. ცნობილი თანამედროვე ისტორიკოსი იორგ რიუზენი უფრო მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან ისტორიასა და მეხსიერებას და მათ პარალელურ ფენომენებად მიიჩნევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რიუზენი და მეცნიერთა ნაწილი ისტორიასა და მეხსიერებას ერთმანეთს არ უპირისპირებს.

არა წარსული, არამედ თანამედროვეობა ყველა შემთხვევაში განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტისა თუ მოვლენის მნიშვნელობას, მუდმივად სპეციფიკურ ისტორიულ მეხსიერებას. აწმყო არჩევს ისტორიიდან იმას, რაც საინტერესოა მისთვის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, აწმყო აყალიბებს ისტორიულ მეხსიერებას. ისტორიკოსის დამოკიდებულება წარსულისადმი განსაზღვრულია იმ საზოგადოებით, რომლის წევრიც ის არის. ამიტომ ისტორიის კურსში მუდმივად ჩნდება ახალი და იმთავითვე უეჭველი ფაქტები, ქრება სხვები. თაობიდან თაობაში იცვლება ფასეულობები, დაკავშირებული შეცვლილ ისტორიულ მეხსიერებასთან.

ისტორიკოსისათვის მეხსიერება მნიშვნელოვანია ორი ასპექტით:

·         მეხსიერება როგორც ისტორიული წყარო. მეხსიერება ჩვენამდე მოდის ისტორიული დოკუმენტების, სხვადასხვა სახის ნარატივების, არტეფაქტების და სხვა სახის წყაროთა მეშვეობით. 1960-იანი წლებიდან დიდი ყურადღება ექცევა ზეპირი (ორალური) ისტორიის მნიშვნელობას. ზეპირსიტყვიერი ტრადიციის გავლენა მრავალ წერილობით ტექსტშიც ჩანს.

·         მეხსიერება როგორც ისტორიული ფენომენი. ამას, შეიძლება, დამახსოვრების სოციალური ისტორია ეწოდოს. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალური მეხსიერება სელექციურია/შერჩევითია, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სელექციის პრინციპები და ის, თუ როგორ განსხვავდება ეს პრინციპები დროისა და სივრცის მიხედვით. უნდა ვიცოდეთ, როგორ და ვის მიერ ხდება მეხსიერების ფორმირება. ამ საკითხს ყურადღება მხოლოდ XX საუკუნის 70-იანი წლებიდან მიექცა.

ისტორია მოიცავს ერთეულ მოვლენებს და ფაქტებს, რომელთა მნიშვნელობა განსხვავებულია სხვადასხვა დროში, სივრცეში, კულტურასა და სოციალურ ჯგუფშიც კი. მაგალითად, სედანის ბრძოლის თარიღი (1870 წლის 2 სექტემბერი), როცა პრუსიელებმა დაამარცხეს ფრანგები და დაატყვევეს ნაპოლეონ III, იქცა საზეიმო თარიღად გერმანელებისათვის და გლოვის დღედ - ფრანგებისათვის. სტალინგრადის ბრძოლას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს რუსებისა და გერმანელებისათვის, ასევე იმ ომის მონაწილის, საბჭოთა მოქალაქისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ახალგაზრდისათვის.

მეხსიერება და ისტორია ხშირად დაძაბული ურთიერთობით ხასიათდება. ისინი ხან წარმოაჩენენ ხალხის საუკეთესო თვისებებს, მაგრამ უფრო ხშირად -  წინააღმდეგობებსა და დაპირისპირებებს. 80-იანი წლების დასასრულს (რე)კონსტრუირებული კოლექტიური იდენტობები ემყარებოდა არა იმდენად მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკურ პროექტებს, რამდენადაც წარსულისა და ტრადიციისადმი სპეციფიკური დამოკიდებულების ჩარჩოებს. ცნობილი უნგრელი ისტორიკოსი გიორგი ლიტვანი (Gyorgy Litvan) 1993 წელს მიუთითებდა ამ ფაქტზე: "ხანდახან წარსულთან დამოკიდებულება გაცილებით მნიშვნელოვანია  თანამედროვე პოლიტიკური დაპირისპირებების გაგებისათვის, ვიდრე შეუთანხმებლობა ეკონომიკურ ან სოციალურ პრობლემებზე.” დღეს ფრიად დელიკატურ ურთიერთობას ისტორიასა და მეხსიერებას შორის ემატება კიდევ მესამე ელემენტი და ყალიბდება სამკუთხედი: ისტორია – მეხსიერება – პოლიტიკა. პოლიტიკური ძალები ისტორიას იყენებდნენ და იყენებენ როგორც მასალას თავიანთი ლეგიტიმურობის კონსტრუირებისათვის. ფაქტობრივად, ყველა რეჟიმი თუ ხელისუფლებაში მყოფი ესა თუ ის ჯგუფი იყენებდა ისტორიას თავისი ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად.

ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბება არ არის მხოლოდ ისტორიკოსთა საქმე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედია, მხატვრული შემოქმედება. ისტორია არ "ეკუთვნის” მხოლოდ და უპირატესად ისტორიკოსებს, სხვა თუ არაფერი, ისტორია, როგორც მარკ ბლოკი აღნიშნავდა "ისტორიის აპოლოგიაში”, სხვებისათვის გასართობის როლს მაინც ასრულებს.

მკვლევრები გამოყოფენ წარსულის დამახსოვრებისა და მეხსიერების გადაცემის სხვადასხვა ფორმას. მაგალითად, პ. ბერკი საუბრობს 5 მედიუმზე/შუამავალზე, რომელთა საშუალებითაც ხდება მეხსიერების გადაცემა: 1. ზეპირი ტრადიცია, 2. ისტორიკოსის შემოქმედება, 3. გამოსახულებითი და ფოტოგრაფიული ხატები, 4. მოქმედებები, რიტუალები. პირველთა მეშვეობით გადაიცემა ცოდნა და გამოცდილება. რიტუალები კი მეხსიერების აქტია, რომლის მეშვეობით ხდება წარსულის კვლავწარმოება, ინტერპრეტაცია და მეხსიერების ფორმირება. 5. სივრცე, სადაც ლოკალიზდება მეხსიერების „ხატები" (Burke 1980: 100-101).

პ. ბერკის აზრით, ამ ჩამონათვალიდან ისტორიკოსი და მის მიერ შექმნილი ნარატივი ერთ-ერთი მთავარი მედიუმია წარსულსა და აწმყოს შორის. ისტორიკოსის გავლენა სულაც არ არის მეორეხარისხოვანი, მაგალითად, ეროვნული დღესასწაულის დადგენის, ან რომელიმე მონუმენტის აგების დროს. სწორედ ისტორიკოსები არიან ერთ-ერთი მთავარი მსაჯული იმისა, თუ რა ჩაითვალოს დამახსოვრების ღირსად და რა - არა.

პიერ ნორა გამოყოფს 4 ტიპის ე.წ. „მეხსიერების ადგილებს/არეებს" (sites/realms of memory): 1. სიმბოლური არე - სადღესასწაულო დღეები, რიტუალები, იუბილეები, პილიგრიმობა და ა.შ.; 2. ფუნქციური არე - სახელმძღვანელოები, ავტობიოგრაფიები და სხვ.; 3. მონუმენტური არე - საფლავები, ნაგებობები და სხვა სახის ნივთიერი რეალობა; მე-20 საუკუნის მეხსიერების ადგილებს შორის არის არა მხოლოდ თავისუფლების ქანდაკებები ან ის ადგილები, სადაც დამოუკიდებლობა ან მშვიდობა იქნა მოპოვებული, არამედ ის ადგილებიც, სადაც ეს ყველაფერი ფეხქვეშ გაითელა. 4. ტოპოგრაფიული არე - არქივები, ბიბლიოთეკები, მეზეუმები.

წარსულისა და სოციალური მეხსიერების მნიშვნელობა სხვადასხვა კულტურაში. რატომ არის ზოგიერთი კულტურა უფრო მეტად დაინტერესებული წარსულით, ვიდრე სხვა კულტურები? მაგალითად, ადვილი დასანახია განსხვავება წარსულით ჩინელების დაინტერესებასა და საკუთარი წარსულისადმი ინდოელების ინდიფერენტულ დამოკიდებულებას შორის. ინგლისელების სოციალური მეხსიერება გაცილებით მოკლეა, ირლანდიელებისა და პოლონელების მეხსიერებასთან შედარებით. სამხრეთ ირლანდიაში გუშინდელი დღესავით ახსოვთ, როგორ მოექცნენ მათ ინგლისელები ოლივერ კრომველის დროს. როგორც სოციალური ანთროპოლოგი ჯ. ბარნსი აღნიშნავს, ინგლისელები „სტრუქტურული ამნეზიით" არიან შეპყრობილი, მიდრეკილნი არიან დავიწყებისაკენ. „სტრუქტურული ამნეზია" „სოციალური მეხსიერების" საპირისპირო ცნებაა (Burke 1980: 105-106).

ამ განსხვავებას წარსულისადმი დამოკიდებულებაში ზოგი მეცნიერი იმით ხსნის, რომ, გავრცელებული შეხედულებით, ისტორიას გამარჯვებულები წერენ. მაგრამ ასევე შეილება ითქვას, რომ გამარჯვებულები ივიწყებენ ისტორიას, მაშინ როცა დამარცხებულებს არ ძალუძთ მომხდართან შეგუება და ფიქრებით სულ მას დატრიალებენ, აცოცხლებენ და ფიქრობენ, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სულ სხვაგვარად მომხდარიყო. კიდევ ერთ მიზეზად „კულტურულ ფესვებს" განიხილავენ. როცა კარგავ ამ ფესვებს, ცდილობ მათ მოძებნას. ირლანდიელები და პოლონელები იძულებით მოწყვიტეს ფესვებს, მათი ქვეყანა კი დაინაწილეს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ისინი მძაფრად განიცდიან წარსულს. ეს ორი ხალხი ნათელი მაგალითია წარსულის, სოციალური მეხსიერების და მითების გამოყენებისა საკუთარი იდენტობის განსასაზღვრად. XIX საუკუნის ევროპაში ასეთი მაგალითები მრავლად მოიძებნება. შეიძლება თანამედროვე აზერბაიჯანის მაგალითის მოშველიებაც.

XIX საუკუნის ბოლო ნაციონალური ტრადიციების ძიების, ანუ, როგორც ე. ჰობსბაუმი უწოდებდა, „ტრადიციათა გამოგონების" საუკუნე იყო. ამ დროს აიგო ნაციონალური მონუმენტები, შეიქმნა ნაციონალური დღესასწაულები (მაგალითად, ბასტილიის აღების დღე). ნაციონალურმა ისტორიებმა მთავარი ადგილი დაიკავა სასკოლო პროგრამებში. ყოველივე ამის მიზანი ერი-სახელმწიფოს ლეგიტიმაცია იყო.

სოციალური ამნეზია. სოციალური მეხსიერების ფენომენის გასაგებად, საჭიროა იმის გააზრება, თუ ვის სურს, რომ ვიღაცამ დაივიწყოს რაღაც, კონკრეტულად რა და რატომ. ამნეზია დაკავშირებულია დავიწყების აქტთან, კონფლიქტის მეხსიერების დაძლევასთან სოციალური თანხმობის მიღწევის მიზნით.

ბევრი რევოლუციური და კონტრრევოლუციური რეჟიმი, წარსულთან კავშირის გაწყვეტის სომბოლიზების მიზნით, სახელს უცვლის ქუჩებს, ქალაქებს, სოფლებს. ეს სახელები, ხშირად, მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. თუმცა, არცთუ იშვიათად, რევოლუციური მოძრაობები თავიანთ მიზნად წარსულისაკენ მიბრუნებას აცხადებენ. წარსულისკენ მიბრუნების მოთხოვნით შეიძლება სრულიად ახალი პროექტი იყოს „შენიღბული". მაგალითად, სიონისტური მოძრაობის მიზანი იყო არა ძველი იუდეური პალესტინის აღდგენა, არამედ ახალი სახელმწიფოს - ისრაელის - შექმნა.

ისტორია და კონტრ-ისტორია. ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში, ისტორიის პუნქტუაციას ქმნიდა იუბილეები, კონგრესები, სპარტაკიადები, ყრილობები, სხვა სიტყვებით, ხელოვნური აქტივობანი, რომლებიც გულისხმობდა არა სუბიექტთა ურთიერთმოქმედებას, არამედ ერთადერთი ცენტრალური სუბიექტის – რომელიც ფლობდა ჭეშმარიტებასა და ძალაუფლებას – ერთგანზომილებიან, ზუსტად პროგნოზირებად თვითგამოხატვას. ნაციონალურ ისტორიებს უნდა უზრუნველეყო „სახალხო დემოკრატიის" ან „რევოლუციის" ლეგიტიმურობა. ისტორიული კვლევა, არქეოლოგია, მუზეოლოგია თუ ანთროპოლოგია ჩაყენებული იყო იდეოლოგიური მიზნების სამსახურში. ვთქვათ, ტრანსილვანიის გათხრებს უნდა გაერკვია, ვინ მივიდა იქ პირველი – უნგრელები თუ რუმინელები.

საბჭოთა კავშირში ინტელექტუალები მეტ-ნაკლებად თავისუფალი იყვნენ უფრო შორეული წარსულის საკითხების შესწავლაში. თითქმის ყველა ქვეყანაში ოფიციალური აკადემიური კვლევის სფეროში არსებობდა დამოუკიდებელი საისტორიო შრომები. ამან განაპირობა ისტორიკოსების ერთგვარად ამბივალენტური სტატუსი: ისინი ხან ადიდებდნენ, ხან უპირისპირდებოდნენ და აკრიტიკებდნენ რეჟიმს, შედეგად ზოგი მათგანი მოგვევლინა მომავალ ცვლილებათა მთავარ პოლიტიკურ პროტაგონისტად.

კოლექტიურ მეხსიერებასაც წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ხვდა წილად: ზოგჯერ იგი გაბატონებული რეჟიმის ზეწოლის ან მანიპულირების საგნად იქცეოდა. ხელისუფლება უგულებელყოფდა სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური, ეთნიკური, კულტურული ჯგუფის კოლექტიურ მეხსიერებას. საბჭოთა კავშირმა მოგვცა ე.წ. "დასჯილი ხალხების” მაგალითი, რომლებიც დეპორტირებულ იქნენ 1930-40-იან წლებში და ხელისუფლება შეეცადა მათი კვალის წაშლას. იგივე მიზანს ემსახურებოდა ქალაქებისა და სოფლების ისტორიული სახელების შეცვლა (მაგ., კენიგსბერგი-კალინინგრადი), აგრეთვე გვარების შეცვლა (მაგ., თურქებისა ბულგარეთში).

სხვა მეხსიერებანი „ამოგლეჯილ" იქნა საკუთარი ისტორიიდან. ხელისუფლება "ისაკუთრებდა” ამა თუ იმ ერთობისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს, შესაბამისად, კოლექტიურ მეხსიერებას და საკუთარ ყაიდაზე გადაწერდა ლოკალურ ისტორიას. მაგალითად, ასე იყო "მისაკუთრებული” გამათავისუფლებელი ბრძოლა იმპერიული ძალების წინააღმდეგ.

1989-1990 წლებში ჩამოყალიბებული კოლექტიური მეხსიერებანი სუსტი და მგრძნობიარე იყო. ისტორიკოსები კი პოლიტიკური ბრძოლების ქარცეცხლში აღმოჩნდნენ. ზოგმა მათგანმა უარი თქვა "ორ სკამზე ჯდომაზე”, ზოგმა თავისი ცოდნა თანამედროვეობის სამსახურში ჩააყენა და იდეოლოგიადაც კი აქცია. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე საისტორიო შრომები იშვიათად ემსახურებოდა "მეხსიერების სეკულარიზაციას”.

კოლექტიური მეხსიერებით მანიპულირების დღეს გამოყენებული საშუალებებიდან ცენტრალურ და აღმოსალეთ ევროპაში ყველაზე უკეთ მუშაობს შემდეგი სამი:

1)                      მუდმივი მსხვერპლის როლის მორგება („ვიქტიმიზაცია") და ისტორიის გადაწერა ძველი მითების საფუძველზე, რომლებიც ამა თუ იმ ერთობას განსაზღვრავდნენ "მუდმივი გარე ზეწოლის” მსხვერპლად. ეს აყალიბებს დამარცხებებს და უბედურებას ამ ჯგუფების თუ ერთობების მთავარ ამოსავალ წერტილად.

2)                      სტერეოტიპების გამოყენება ჯგუფური მეხსიერების (ან იდენტობის) ჩამოსაყალიბებლად. სტერეოტიპები სწრაფად ვრცელდება და არ საჭიროებს არავითარ დასაბუთებას. ნაციონალური სტერეოტიპი განაპირობებს ქცევის თავისებურებებს. როგორც რობერტ ფრანკი აღნიშნავს, სხვაზე წარმოდგენის გამარტივებით, ნაციონალური სტერეოტიპი ამარტივებს საკუთარ თავზე წარმოდგენასაც. ამდენად, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოლექტიური იდენტობის, ასევე ინდივიდის სპეციფიკური ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებაში. პროცესი, რომლის მეშვეობით ერთი ნაცია ახდენს მეორის განსაზღვრას, ეხმარება მას საკუთარი თავის განსაზღვრაში, საკუთარი თავის კონსტრუირებაში სხვების პირისპირ, მათ საპირისპიროდ ან მათ გვერდით. ეს კონსტრუქცია მუდმივად მოძრავია, ცვალებადია.

როგორც კი საბჭოთა კავშირში შემავალი ნაციები რეალურად დამოუკიდებელი გახდნენ, სტერეოტიპები ან ადაპტირდა ახალ რეალობასთან, ან იქცა მეხსიერების მანიპულირების საშუალებად, ოფიციალური ისტორიის საპირისპიროდ. ზოგი ხალხი სხვათა უბედობის ახსნისათვის განტევების ვაცად იქცა, მაგ., რუსები ბალტიისპირეთსა და საქართველოში, უნგრელები რუმინეთსა და სლოვაკეთში, თურქები და ალბანელები ბალკანეთში და ა.შ.

3)                      მესამე საშუალება მიმართავს მეხსიერების ტრადიციული ინსტრუმენტის – გამოსახულების/სახის/ხატის - ულტრათანამედროვე ვერსიებს. უხსოვარი დროიდან, ჯერ კიდევ დამწერლობის წარმოშობამდე, გამოსახულება ყოველთვის იყო მეხსიერების მედიუმი. მასმედიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, რომელთა მონოპოლიზება ხელისუფლებას შეუძლია, გამოსახულება (ფოტო ან ფილმი) ფრონტის წინა ხაზზეა დაპირისპირებათა დროს. სურათები არა მარტო ცენზურისა თუ მანიპულაციის საგანია, არამედ ხდება მათი ფაბრიკაციაც. მთავარი სატელევიზიო არხები მრისხანე იარაღად იქცა ახალი ნაციონალური ან ჯგუფური იდენტობების ფორმირების გზაზე. რელიგიური მეხსიერება (ან რელიგია როგორც მეხსიერება) და პოლიტიკური დისკურსი აქტიურ ექსპლოატაციას უწევს ამ რესურსს. გაჩნდა მედიაომის ცნება. კომუნიზმის დაცემამ და გლობალიზაციამ ხელი შეუწყო არა მხოლოდ ადამიანების, საქონლის თუ ფულის, არამედ ინფორმაციის, იდეებისა და მეხსიერებათა მოძრაობასაც. ერთი ჯგუფის მეხსიერება სხვათა მეხსიერების პირისპირ აღმოჩნდა.

კატეგორია: ისტორიის აღქმა და რეპრეზენტაცია.მეხსიერების პოლიტიკა | დაამატა: interculture
ნანახია: 1916 | რამოტვირთვები: 174 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: