მთავარი » ფაილები » ისტორიის აღქმა და რეპრეზენტაცია.მეხსიერების პოლიტიკა |
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (52.5 Kb) ] | 17.10.2012, 23:48 |
ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერება. ერი - მნემონიკური თემი მეხსიერების
ფენომენთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ინდივიდუალური და
კოლექტიური (ან სოციალური) მეხსიერების ურთიერთმიმართების პრობლემა. ძირითადი
კითხვა შემდეგია: ვის ეკუთვნის მეხსიერება - ინდივიდს თუ ჯგუფს? სხვაგვარად რომ
ვთქვათ, მეხსიერება ინდივიდუალური ფენომენია თუ კოლექტიური? ამ კითხვაზე
სხვადასხვაგვარი პასუხი არსებობს. ერთი მათგანის თანახმად, მეხსიერება
ინდივიდუალური ფენომენია. ეს მოსაზრება ემყარება ჯერ კიდევ არისტოტელეს მიერ გამოთქმულ აზრს, რომ ინდივიდი გამოხატავს იმას, რაც
მოისმინა, იგრძნო და იფიქრა წარსულში. ამ ტრადიციის თანახმად, რომელსაც ბევრი
ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი უჭერს მხარს, მეხსიერება სუბიექტური გამოცდილებაა,
რომელიც განასხვავებს ინდივიდს სხვებისაგან და ეხმარება მას თვითიდენტიფიკაციაში,
საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებაში. მეორე, რადიკალურად
განსხვავებული თვალსაზრისის მიხედვით, მეხსიერება არა ინდივიდუალური, არამედ
კოლექტიური ფენომენია. პირველი, ვინც მეხსიერების სოციალურ ხასიათს გაუსვა ხაზი და
კოლექტიური მეხსიერების ცნება
დაამკვიდრა, დიურკჰაიმის ტრადიციის მიმდევარი ფრანგი მეცნიერი მორის ჰალბვაქსი (Maurice Halbwachs)
იყო. მან მეხსიერება ინდივიდს კი არა, ერთობას მიაკუთვნა და აღნიშნა, რომ
მეხსიერება დამოკიდებულია, ერთი მხრივ, საზოგადოებაზე, რომელშიც ინდივიდი ცხოვრობს,
მეორე მხრივ კი ამ ინდივიდის სტატუსზე საზოგადოებაში. ინდივიდუალური მეხსიერება
არსებობს იმდენად, რამდენადაც ინდივიდი არის სოციალური ჯგუფების ურთიერთქმედების
ობიექტი. იმისათვის, რომ დაიმახსოვროს, ინდივიდი ჩართული უნდა იყოს კოლექტიური
აზროვნების ნაკადში. აქედან გამომდინარე, ჰალბვაქსი ასკვნიდა, რომ არ არსებობს
წმინდა ინდივიდუალური მეხსიერება, ანუ ისეთი, რომელიც მხოლოდ ინდივიდს ეკუთვნის და
რომლის წყაროს მხოლოდ თავად ინდივიდი წარმოადგენს. კოლექტიური მეხსიერება
ყოველთვის სოციალურადაა განსაზღვრული: სწორედ სოციალური ჯგუფი განსაზღვრავს, რა
არის დასამახსოვრებელი და როგორ უნდა მოხდეს მისი დამახსოვრება. ინდივიდის
მეხსიერება და მოგონებები განსაზღვრულია სოციალური მეხსიერებით. ჰალბვაქსის აზრით,
არსებობს იმდენი მეხსიერება, რამდენი სოციალური ჯგუფიც არსებობს. რადგან ინდივიდი
თავს მიაკუთვნებს სხვადასხვა სოციალურ სისტემასა და ჯგუფს, შესაბამისად, არსებობს
მრავალი მეხსიერებაც. „ჩემი მეხსიერება იცვლება ჩემი მდგომარეობის ცვლილებასთან
ერთად, ეს მდგომარეობა კი, თავის მხრივ, იცვლება, როცა იცვლება ჩემი
დამოკიდებულება სხვადასხვა გარემოსთან" (Misztal 2003: 51). ინდივიდუალური
მეხსიერება იცვლება მაშინ, როცა იცვლება ინდივიდის ჯგუფური მიკუთვნებულობა.
მეხსიერება ჩვენი აწმყო მიკუთვნებულობის, კავშირებისა და მდგომარეობის
შესაბამისია. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ საკუთარი მეხსიერების სისწორეზე
მხოლოდ მაშინ, თუ ის სხვების
მეხსიერებით არის განმტკიცებული. მიუხედავად იმისა,
რომ კოლექტიური მეხსიერება შეიცავს ინდივიდუალურ მეხსიერებებს, ის ყოველთვის
განსხვავდება მათგან და საკუთარი წესებით ყალიბდება. მეტიც - გახსენების/მოგონების
დროს ჩვენ წარსულის ხატებს აღვიდგენთ არა ისე, როგორც ისინი თავის დროზე იყო
აღქმული, არამედ ჩვენი აწმყო მდგომარეობის შესაბამისად. ჩვენ ჩართული ვართ
მოვლენებში, როგორც ინდივიდები, მაგრამ ჩვენი მეხსიერება მაინც რჩება კოლექტიურად,
რადგან ჩვენ ყოველთვის ვაზროვნებთ, როგორც ჯგუფის წევრები.
ჩვენი იდეები ჩნდება
ჯგუფის ფარგლებში და ჩვენი აზროვნება გვაკავშირებს ამ ჯგუფთან. ავტორთა ნაწილმა
სცადა, შეერბილებინა ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერების ურთიერთგამომრიცხავი
გაგება. მაგალითად, პოლ რიკერი
ამტკიცებდა, რომ მეხსიერება ინდივიდის „საკუთრებაა", მაგრამ მეხსიერება ასევე
მოიცავს სხვას, რომელიც გავლენას
ახდენს მასზე. მეხსიერება იჭრება საზოგადოებრივ სფეროში, რადგან ის ყოველთვის
მიეწოდება სხვას და მიიღება სხვის მიერ, ჰალბვაქსის კვალდაკვალ, რიკერი
ამტკიცებდა, რომ ინდივიდს დამახსოვრებაში მისი თანამედროვეები, მისი საზოგადოების
სხვა წევრები ეხმარებიან, შესაბამისად, დამახსოვრების პროცესი მოიცავს როგორც
ინდივიდს, ასევე ჯგუფს. რიკერის აზრით, ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებებს
შორის არსებობს შუალედური ზონა, სადაც ურთიერთქმედებს ინდივიდის ცოცხალი მეხსიერება
და იმ ერთობის სოციალური მეხსიერება, რომელსაც ეს ინდივიდი ეკუთვნის. მეცნიერთა ნაწილი
ხაზს უსვამს ინდივიდუალური და კოლექტიური მეხსიერების ორმხრივ ურთიერთგავლენას.
მათი აზრით, კოლექტიური მეხსიერება შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც
ურთიერთქმედებენ ინდივიდუალური მეხსიერებები. ამ პროცესის გარდაუვალი შედეგია
წარსულის რეპრეზენტაციის ნაწილობრივი გაერთგვაროვნება. ამ თვალსაზრისით,
კოლექტიური მეხსიერება განიხილება როგორც ინდივიდუალური მეხსიერებების
მარეგულირებელი სტრუქტურა. ა.ჯ.მეიერმა და ნ.რუსიომ აღნიშნეს, რომ ინდივიდები იღებენ იმ ჯგუფის მეხსიერებას,
რომელშიც ცხოვრობენ: ინდივიდის პირადი მოგონებები/მეხსიერება ყოველთვის
დაკავშირებული იქნება ჯგუფის საერთო/უპიროვნო მეხსიერებასთან, რადგან მეხსიერება,
თავისი არსით, საზიაროა და, ამდენად, სოციალური ხასიათი აქვს. ამგვარად,
კოლექტიური მეხსიერება არის ის ჩარჩო, რომელშიც ინდივიდუალური მეხსიერება
ყალიბდება. XX საუკუნის ბოლოს ჯეიმს ფენტრესმა და კრის უაიკემმა (წიგნში
„სოციალური მეხსიერება") მიზნად დაისახეს ისეთი კონცეფციის შემუშავება, რომელიც
აღიარებდა ინდივიდის ცნობიერი ცხოვრების კოლექტიური მხარის მნიშვნელობას, მაგრამ,
ამასთანავე, ინდივიდი წარმოჩენილი იქნებოდა არა როგორც კოლექტიური ნების პასიური
მორჩილი, არამედ როგორც არჩევანის შესაძლებლობის მქონე სუბიექტი. კითხვაზე - რა
შემთხვევაში გადაიქცევა ინდივიდუალური მეხსიერება სოციალურ მეხსიერებად? - მათი პასუხი
ასეთია: ეს ხდება კომუნიკაციის პროცესში, განცდილისა და ნანახის მოთხრობის დროს. ამგვარად,
მეხსიერება სოციალურია მაშინ, როცა შესაძლებელია მისი გადაცემა, ამისათვის კი
საჭიროა მეხსიერების „გამოხატვა" (არტიკულირება), რაც ხდება არა მხოლოდ
მეტყველების, არამედ რიტუალების, გამოსახულებების და ა.შ. მეშვეობით. მაგრამ
ნებისმიერი ხატის (image), მათ შორის - წარსულის ხატის, გადაცემა
შესაძლებელია მაშინ, თუ ეს ხატები შეთანხმებული/კონვენციური და გამარტივებულია:
კონვენციური იმიტომ, რომ ხატს მნიშვნელობა უნდა ქონდეს მთელი ჯგუფისათვის, ხოლო
გამარტივებული იმიტომ, რომ საერთო მნიშვნელობის ქონისათვის იგი გადაცემადი უნდა
იყოს, ანუ მისი სირთულე მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ინდივიდუალური
მოგონებები მოიცავს პირად განცდებსა და გამოცდილებასაც, ბევრი მათგანის გამოხატვა
(არტიკულირება) ძნელია, ამიტომ ინდივიდუალური მეხსიერება უფრო მდიდარია, ვიდრე
სქემატური კოლექტიური ხატები. აუცილებლად უნდა
აღინიშნოს, რომ განსხვავება ინდივიდუალურ და სოციალურ მეხსიერებას შორის ფარდობითია.
მეხსიერება, თავისთავად, სუბიექტურია, მაგრამ, ამასთანავე, ის ყალიბდება ენის,
განათლების, კოლექტიურად გაზიარებული იდეებისა და გამოცდილების მეშვეობით. გარდა
ამისა, ინდივიდუალური მეხსიერება სოციალურია იმიტომაც, რომ ის ეხება სოციალურ
ურთიერთმოქმედებას და სიტუაციებს, რომელსაც ინდივიდი სხვა ადამიანებთან იზიარებს. ერი - მნემონიკური თემი სოციალური
მეხსიერების ცნება უკავშირდება ეროვნული კონსოლიდაციის პრობლემას. ნაციონალიზმის
კლასიკურ თეორიათა ტრადიციის ფარგლებში, ერი განისაზღვრება როგორც
პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთობა, რომლის კონსოლიდაცია ხდება საზოგადოების კულტურული
გაერთგვაროვნების (ჰომოგენიზაციის) საფუძველზე. კულტურული ჰომოგენიზაცია ხელს
უწყობს გეოგრაფიულად და ბიოგრაფიულად ერთმანეთთან დაუკავშირებელ ადამიანთა შორის ერთობის განცდის განვითარებას, ეს კი
საერთო ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების წინაპირობად მიიჩნევა. გარდა ამისა, ერი
უნდა გავიგოთ არა როგორც მხოლოდ ობიექტური ნიშნებით ჰომოგენიზებული ერთობა, სადაც
შეიძლება არსებობდეს ენის, რელიგიური ტრადიციის თუ სხვა კულტურული ელემენტის
თანაზიარობა, არამედ ასევე როგორც მნემონიკური
ერთობა. მნემონიკური ერთობა (ბერძნ. mnēmonikon - დამახსოვრების ხელოვნება) სოციალურ-კულტურული მთლიანობაა, რომელსაც აქვს
საერთო, გაზიარებული წარმოდგენა საკუთარ წარმოშობასა და წარსულზე; ამ წარმოდგენათა
საფუძველზე იგი ცდილობს ტერიტორიული და სხვა პოლიტიკური უფლებების გამყარებას და
სხვა ჯგუფებზე ისტორიული უპირატესობის დამტკიცებას. „წინაპრების ხატი სხვა
დანარჩენ კულტებს შორის ყველაზე ძლიერია, ყველაზე ლეგიტიმური, რადგან წინაპრებმა
შეგვქმნეს იმად, რაც ვართ. გმირული წარსული, დიადი პიროვნებები - ეს არის ის სოციალური
კაპიტალი, რომელსაც ეროვნული იდენტობის იდეა ეფუძნება", აღნიშნავს პოსტკოლონიური
თეორიის გამოჩენილი წარმომადგენელი ჰომი ბაბა. წარსულის ისტორიულად
და კულტურულად განპირობებულ ინტერპრეტაციას, რომელიც აყალიბებს ინდივიდის/ჯგუფის
წევრის სტატუსს, როლს, უფლებებს, მოვალეობებს, მოსალოდნელ ქცევებს, ერთმანეთთან
ურთიერთობის წესებს, ლეგიტიმაციას ანიჭებს სოციალურ ორგანიზაციას, ყოველდღიურ
პრაქტიკასა და ცხოვრების წესს, ისტორიული
ნარატივი ეწოდება. ადამიანს, ხშირად, "მთხრობელ ცხოველს” – homo narrans-ს
უწოდებენ. ნარატივის მეშვეობით იგი ქმნის საკუთარი თავისა და სამყაროს სურათს. ეთნო-ისტორიული
ნარატივით (რასაც ცნობილი მკვლევარი ენტონი სმითი ეთნოისტორიას უწოდებდა)
აღწერილი და ხაზგასმულია არა მხოლოდ წარსული, არამედ, ზოგადად, საერთო ბედის იდეაც,
რაც მომავალსაც უკავშირდება. ეთნოპოლიტიკურ
ერთობათა ფარგლებში პროფესიონალ ისტორიკოსთა მიერ ჩამოყალიბებული ისტორიული
ნარატივები, როგორც წესი, საკუთარ ერებს სთავაზობენ სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება-განვითარებისა
და თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე მდგარი, ისტორიულად მდგრადი და მყარი ერების
სურათს, რომელთა ბედს საფრთხეს, ძირითადად, ერთი (ან ორი) მთავარი „სხვა"
(Other), მჩაგვრელი ჯგუფი უქმნიდა (პოსტკოლონიურ ნარატივებში, ბუნებრივია, „დიდი
სხვა" კოლონიზატორის სახით იყო წარმოდგენილი). ჩაგვრისა და უსამართლობის
შესახებ თხრობის მეშვეობით ხდებოდა გაერთიანების, კონსოლიდაციის საჭიროების
დასაბუთება. | |
ნანახია: 1619 | რამოტვირთვები: 175 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0 | |