მთავარი » ფაილები » ისტორიის აღქმა და რეპრეზენტაცია.მეხსიერების პოლიტიკა |
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (57.5 Kb) ] | 23.10.2012, 17:34 |
დროის აღქმა
- ანთროპოლოგიური პერსპექტივა. დროის
რუკები: კოლექტიური მეხსიერება და წარსულის სოციალური სახე (Eviatar
Zerubavel.[1] Time Maps, Collective Memory and the Social
Shape of the Past. Chicago&London, 2004)
დრო ისტორიის აღქმისა და წარსულის დამახსოვრების
ძირითადი კატეგორიაა. ჩვეულებრივ, ერთმანეთისაგან განასხვავებენ ბუნებრივ და
კულტურულ დროს. პირველი - ესაა მზისა და მთვარის მოძრაობის, სეზონური ციკლების,
დღისა და ღამის მონაცვლეობის დრო; მეორე კი - ადამიანის მიერ „მოწესრიგებული",
სტრუქტურირებული დრო - წუთი, საათი, დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი. დროის
მოწესრიგების, ქრონოლოგიის, მოვლენათა დროში განაწილების (ლოკალიზაციის) ძირითადი
ინსტრუმენტია კალენდარი, რომლის მეშვეობით ადამიანი ბუნებისა და მითების ციკლურ,
მუდმივად დაბრუნებად დროს გარდაქმნის დანაწევრებულ, წელიწადებად, საუკუნეებად,
ოლიმპიადებად... დაყოფილ დროდ. დროის აღქმა იცვლება საზოგადოებების, კულტურების,
ისტორიული ეპოქების, კონტექსტის, ინდივიდის სოციალური სტატუსის, ასაკის მიხედვით. დროისათვის მნიშვნელობის და ღირებულების მინიჭება, კონტექსტზეა დამოკიდებული. კაცობრიობა "სხვადასხვა” დროებს
იცნობს: დასავლური გაგებით, დრო - ესაა ერთმიმართულებიანი, უწყვეტი მდინარება, მოვლენათა რიგი, რომლებიც წარსულიდან მომავლისკენ მიმართულ ხაზზეა გამწკრივებული
(ბ. უორფი). დროის
სწორხაზოვანი, იუდეურ-ქრისტიანული კონცეფციით, დრო სწორხაზოვანია, აქვს დასაბამი (ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა) და დასასრული (განკითხვის დღე - დროისა და სამყაროს დასასრული).
არსებობს „ციკლური" დროის გაგება: ესაა ე.წ. "დროის ბორბალი”, განმეორებადი პერიოდების მარადიული წრებრუნვა. როდესაც წარსულის აღქმაზე
ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ იმის გააზრებას, თუ როგორ ვახდენთ ისტორიის ორგანიზებას.
ამ შემთხვევაში, გვაინტერესებს არა ის, თუ რა მოხდა სინამდვილეში, არამედ ის, თუ
როგორ გვახსოვს წარსული, როგორ იმახსოვრებენ წარსულს არა მხოლოდ ინდივიდები,
არამედ მთელი ერთობები. მეხსიერებას განსაზღვრავს დამახსოვრების სოციალური
ნორმები, რომლებიც გვეუბნება, რა უნდა დავიმახსოვროთ და რა უნდა დავივიწყოთ.
სოციალური გარემო გავლენას ახდენს არა მარტო იმაზე, თუ რა უნდა გვახსოვდეს, არამედ
იმაზეც, თუ როდის გავიხსენოთ. ჯგუფის მიერ წარსულის მიღება ნიშნავს მის
იდენტიფიცირებას კოლექტიურ წარსულთან, რომელიც საერთოა ოჯახებისათვის, ეთნიკური
ჯგუფებისათვის, ნაციებისათვის და სხვა მნემონიკური
ერთობებისათვის.[2]
წარსულის
სოციალური სახე ადამიანის მეხსიერება
მოვლენათა სერიას, რომელსაც არა აქვს რაიმე შინაგანი სტრუქტურა, გარდაქმნის
ურთიერთდაკავშირებულ ისტორიულ ნარატივებად, მოთხრობებად, რომელთა ეპიზოდებს
წარსულის მოვლენები წარმოადგენენ. სწორედ ეს მოთხრობები სძენენ ამ მოვლენებს
ისტორიულ მნიშვნელობას. იმისათვის, რომ
ისტორიული მოვლენები მოთხრობის მსგავს ნარატივებად იქცეს, საჭიროა მათ შორის
კავშირის მოძებნა. სხვადასხვა კულტურასა და ეპოქაში მიღებულია წარსულის თხრობისა და წერის გარკვეული
სქემატური ფორმატები, რომლებიც გამოხატავენ დამახსოვრების სოციალურ ტრადიციას. მათ
საფუძველზე ისტორიული პერიოდების დამახსოვრება განსხვავებულად ხდება. განვიხილოთ
ეს სქემატური ფორმატები: Ø პროგრესის
ნარატივი. ისტორიული ხედვა
ეფუძნება განვითარების, თანდათანობითი სრულყოფის იდეას. ამგვარი ნარატივის ნაწილია
ისტორიული ოპტიმიზმის იდეაც. Ø დაღმასვლის
(decline)
ნარატივი. აქ წარსული
წარმოჩენილია დიდებულ რეალობად, რომელიც, სამწუხაროდ, სამუდამოდ დასრულდა. ამ
ნარატივის მიხედვით, დროთა განმავლობაში მდგომარეობა უარესდება. აშკარად ვლინდება
წარსული „ოქროს საუკუნის" ნოსტალგია - წინაპრები გაზვიადებულად, თითქმის
ზეადამიანებად არიან წარმოდგენილი. Ø ზიგზაგის
ნარატივი - ეფუძნება პროგრესისა
და დაღმასვლის ერთობის იდეას. მის ფარგლებში მოიაზრება „აღმასვლა-და-დაღმასვლისა"
და „დაღმასვლა-და-აღმასვლის" ნარატივები, რომლებიც გულისხმობს ისტორიული პროცესის
დრამატულ ცვლილებას, მისი მიმართულების ზემოთ ან ქვემოთ შემობრუნებას, რაც გარდატეხის
მომენტში ხდება. Ø წრეები
და რითმები. განსხვავებით ერთ- და
მრავალხაზოვანი ერთმიმართულებიანი ნარატივებისაგან, რომლებშიც დრო ერთი
მიმართულებით - წინ - მიდის, ისტორიის ციკლური ხედვა მოვლენებს მარადიულ აწმყოში
განიხილავს. ასეთი განმეორებადი ნარატივები ისტორიის სქემატიზებას პიროვნებებისა
და მოვლენების გაერთიანების გზით ახდენენ. მაგალითად, მეფეთა კლასიფიცირება ხდება
ისეთი ნიმუშების საფუძველზე, როგორიცაა, ვთქვათ, „კანონმდებელი", ან
„დამპყრობელი". სოციალური მეხსიერება შედგება არა მხოლოდ ცალკეული ფიგურებისა და
მოვლენებისაგან (დავით აღმაშენებელი, ასპინძის ბრძოლა), არამედ ფიგურების
(მეფეები) და მოვლენების (ომები) ზოგადი ტიპებისაგან. Ø „მთები"
და „დაბლობები". ისტორიული ნარატივები
ერთმანეთისაგან განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა
ინტენსივობით/სისავსით/სიმჭიდროვით გამოხატავენ ისტორიას. მნემონიკური
სისავსე/სიმჭიდროვე გულისხმობს იმას, თუ რა ინტენსივობით ვიმახსოვრებთ სხვადასხვა
ისტორიულ პერიოდს. თავისთავად, დრო ჰომოგენურია, მაგრამ ჩვენ მის სხვადასხვა
მონაკვეთს სხვადასხვა ხარისხს ვანიჭებთ და დროის სხვადასხვა მონაკვეთი, სოციალური
თვალსაზრისით, არათანაბარი ხდება. ერთმანეთისაგან განვასხვავებთ „მოვლენებით
მდიდარ" და „მოვლენებით ღარიბ" ისტორიულ პერიოდებს, მაგალითად, ომიანობა
„მოვლენებით სავსე, მდიდარი" პერიოდია[3].
ამრიგად, მათემატიკურად იდენტური დროითი ინტერვალები ხარისხობრივად განსხვავებული
(ჰეტეროგენული) ხდება, რაც მიუთითებს ქრონოლოგიისადმი არამეტრიკულ მიდგომაზე:
გარკვეული ისტორიული პერიოდები „იზრდება", სხვები კი პირიქით, მჭიდროვდება.
ნათელია განსხვავება მეტრულ/გაზომვად „ქრონოლოგიასა" (metrical chronology) და
არამეტრულ (nonmetrical) სოციალურ დროს შორის. Ø „ლეგატო"
და „სტაკატო" ნარატივები. პირველის მიხედვით,
ისტორია არის ურთიერთდაკავშირებულ მოვლენათა უწყვეტი პროცესი, როგორც მუსიკალური
ბგერების/ნოტების ერთობლიობა, რომლებიც ლეგატოს ფრაზას ქმნიან. მეორის მიხედვით,
ისტორიაში არის წყვეტილები, როგორც სტაკატოს ფრაზის წამომქნელი მუსიკალური
ბგერები/ნოტები, რომლებიც ერთმანეთისაგან ყოფს სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებს.
წარსულის ორგანიზებისათვის ხშირად ორივე ნარატივი გამოიყენება.
ისტორიის
უწყვეტობა ჩვეულებრივ, აწმყო
წარსულის გაგრძელებად განიხილება. წარსული მიიჩნევა თანამედროვე იდენტობის
განუყოფელ ნაწილად და საფუძვლად. მიმდინარე სწრაფმა
სოციალურმა და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა შეასუსტა კავშირი წარსულსა და აწმყოს
შორის, რაც იდენტობის კრიზისის მიზეზი ხდება. ამ კავშირის აღდგენის თუ
შენარჩუნების მცდელობები ხშირად წარსულისადმი ნოსტალგიის ფორმით ვლინდება. იგი
მაშინ ძლიერდება, როცა ჯგუფი მძიმე მძიმე პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ
კრიზისშია. რატომ მივიჩნევთ, რომ
ერთობა, ჯგუფი ერთი და იგივეა XIV და XXI
საუკუნეებში? როგორ ვახერხებთ ისტორიული უწყვეტობის დანახვას რეალურად ერთმანეთთან
დაუკავშირებელ მონაკვეთებს შორის? უწყვეტი იდენტობები ერთმანეთთან დაუკავშირებელი
მონაკვეთების ერთ მთლიანობად გადაქცევის შედეგია. აწმყოსა და წარსულის
დასაკავშირებლად ვიყენებთ მათ შორის „ხიდის გადების", კავშირის გაბმის (bridging) სხვადასხვა ხერხს. ეს მენტალური აქტია, თუმცა ჩვენ
ყოველთვის ვცდილობთ მის დაფუძნებად მყარ და ხელშესახებ რეალობაზე: Ø „იგივე"
ადგილი. ადგილის უცვლელობა
მნიშვნელოვანი საფუძველია იგივეობის განცდის შესაქმნელად. დრამატული სოციალური თუ
პოლიტიკური ცვლილებების პირობებში, ჩვენი ფიზიკური გარემო შედარებით უცვლელი
რჩება. ეს ხელს უწყობს იმ ილუზიის შექმნას, რომ, ძირითადად, არაფერი შეცვლილა.
ადგილის „შენახვა" ხდება, მაგალითად, ისტორიულ შენობებში: 1236 წელს ფერდინანდ III
არ დაანგრია მავრების მეჩეთი და ის კათედრალად გადააკეთა, რითაც გააერთიანა
ესპანეთის მუსლიმური წარსული და ქრისტიანული აწმყო. ადგილის უცვლელობის შეგრძნება
საშუალებას გვაძლევს, ვირტუალურად „დავინახოთ" ხალხი, რომელიც ოდესღაც აქ
ცხოვრობდა. საკუთარ წარსულთან მნემონიკური ერთობის კავშირის გამყარებაში
მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისტორიული ძეგლების ნანგრევები. Ø „იგივე"
დრო. ისტორიული ფაქტების
„გაცოცხლება", წარსულთან პერიოდული „შერწყმა" ხდება დღესასწაულების დროს
(მაგალითად, შობა...). ეს კალენდრის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, იგი გვეხმარება
კოლექტიური წარსულისკენ მიბრუნებაში. დღესასწაულებთან ისტორიული მოვლენების
სინქრონიზაციის გზით ჩვენ ვცდილობთ „ახლა"-სა და „მაშინ"-ს შორის სიმბოლური
კავშირის გაბმას. მაგალითად, შემთხვევითი არაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის
გამოცხადება 1991 წელს 9 აპრილს დაამთხვიეს. Ø ისტორიული
ანალოგია. წარსულს ვხედავთ როგორც
აწმყოს მსგავს რეალობას. მათ ერთმანეთთან ანალოგიებით ვაკავშირებთ. ერთმანეთს
ვადარებთ, მაგალითად, დიდ კატაკლიზმებს, ტრაგედიებს თუ რეფორმებს. ამ კუთხით
მეხსიერების მობილიზაცია მიზნად ისახავს წარსულის შეცდომათა გამეორების თავიდან
აცილებას. ჩვენ არ გვაშინებს ის დისტანცია, რომელიც ერთმანეთისაგან აშორებს
წარსულისა და აწმყოს ამ მოვლენებს. Ø დისკურსული
უწყვეტობა. წარსულთან დაკავშირება
ძველი სახელების დარქმევის გზითაც ხდება (მაგალითად, აღმაშენებლის მოედანი, მეტროს
სადგური „სარაჯიშვილი" და სხვ.). უწყვეტობის შესანარჩუნებლად გამოიყენება
თანმიმდევრული რიგობითი რიცხვები, მაგალითად, მესამე რაიხი ნაცისტებს მეორე რაიხის
პირდაპირ მემკვიდრედ მიაჩნდათ, ამასთან, ყურადღებას არ აქცევდნენ „არაიმპერიულ"
ნახევარსაუკუნოვან შუალედს; ეთიოპიის მეფე მენელიკ II მენელიკ I-საგან 2800 წელი
აშორებდა და ა.შ. Ø დინასტიები
და გენეალოგია. კონტაქტი წარსულ
თაობებთან ხშირად ბოლოგიური ტერმინებით გამოიხატება - მაგალითად, სისხლით
ნათესაობა. იგი განიხილება როგორც რეალური მოცემულობა (ეგვიპტელი ნაციონალისტების
აზრით, მათ ძარღვებში რამზეს II სისხლი ჩქეფდა). მემკვიდრეობითობა გულისხმობს
უწყვეტობას ორ დასაკავშირებელ რგოლს შორის. გენეალოგიური ჯაჭვი ხშირად უფრო
ცალსახა და თანაბრად განგრძობადი ჩანს, ვიდრე ის რეალურად იყო. Ø საერთო
წარმოშობა. სისხლით ნათესაობა
გულისხმობს არა მხოლოდ ვერტიკალურ კავშირებს წინაპრებთან - მამა-პაპასთან, არამედ
აგრეთვე კავშირებს ძმებთან, ბიძაშვილებთან და სხვა სისხლით ნათესავებთან, რომლებიც
საერთო წინაპრის შთამომავლები არიან. საერთო წარმოშობა ერთიანობის განცდის
ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. საერთო წარსულია ქონა გულისხმობს საერთო აწმყოს
ქონასაც. Ø წარსულის
სოციალური პუნქტუაცია. სხვადასხვა პერიოდი
ერთმანეთისაგან გამიჯნულია ისტორიული მოვლენებით, რომლებიც მნემონიკური ერთობის
მიერ დამახსოვრებულია საკუთარი ისტორიის წყალგამყოფ მომენტებად. ისინი ასეთი
მნიშვნელობის მოვლენებად მხოლოდ აწმყოს გადასახედიდან ჩანს და ასეთად არ
აღიქმებოდა იმ დროს, როცა ხდებოდა. ეს საეტაპო ეპიზოდები მნემონიკური ერთობის
ისტორიის ერთი თავიდან მეორეზე გადასვლას გამოხატავს. Ø ასიმილაცია
და დიფერენციაცია. ისტორიული ასიმილაცია
გულისხმობს ისტორიის დიდი პერიოდებისათვის საერთო სახელის დარქმევას, რათა ის
ჰომოგენურად წარმოვიდგინოთ და ერთი იდენტობა მივაწეროთ: მაგალითად, ნეოლითის ხანა.
ისტორიულ ასიმილაციას თან ერთვის ისტორიული დიფერენციაციის პროცესი: ჩვენ ვზრდით
წარმოსახვით მიჯნებს, რომლებიც ერთმანეთისაგან ყოფს პერიოდებს. ფიზიკური დროის პატარა
მონაკვეთი სოციალურ დროში უზარმაზარ ნახტომად იქცევა. Ø ისტორია
და პრეისტორია. „ახალი ერის დასაწყისი"
ხშორად გულისხმობს წინამორბედ პერიოდთან კავშირის სრულ გაწყვეტას (საფრანგეთისა და
რუსეთის რევოლუციები, ქემალისტური თურქეთი და სხვ.). იმისათვის, რომ არსებობდეს
ისტორიული წყვეტილობის შეგრძნება, აუცილებელია მენტალური „ხიდების" მოსპობა
(რომაელებმა, წარსულთან კავშირის სრული გაწყვეტის ნიშნად, დაანგრიეს კართაგენი).
წყალგამყოფი მომენტები ხშირად თამაშობენ ეფექტური ქრონოლოგიური „ღუზის" როლს
(მაგალითად, იესოს დაბადება, მუჰამედის წასვლა მექადან მედინაში ქრონოლოგიურ
სისტემათა მთავარი საფუძველია). ეს არის მნემონიკური ერთობის „ისტორიული
ქრონომეტრის" ნულზე დაყენება, ისტორიის ნულიდან დაწყება. ისტორიული დასაწყისის
გაგება ამნეზიასაც გულისხმობს -
შეგნებულად ხდება რაღაც ფაქტების დავიწყება, ან მათი მნიშვნელობის დაკნინება. Ø ისტორიული
წყვეტილობის სოციალური კონსტრუირება. წყვეტა
ისტორიაში თავისთავად არ არის მოცემული, წარსულის დანაწევრება ცალკეულ პერიოდებად
მენტალური აქტია და იგი, ასე ვთქვათ, სოციალური სკალპელით ხდება. არსებობს არა ერთი,
არამედ რამდენიმე წერტილი, რომლებმაც შეიძლება შექმნას ისტორიული ნარატივის
ფორმალური დასაწყისი. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი ევროპელებისათვის 1939 წლის 1
სექტემბერს დაიწყო, ამერიკელებისათვის კი - 1941 წლის 11
დეკემბერს, პერლ-ჰარბორის შემდეგ. [1]
ევიათარ ზერუბაველი - ცნობილი მეცნიერი, დაიბ. 1948 წელს ისრაელში. სწავლობდა ჯერ ტელ-ავივის
უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხი სოციოლოგიაში მიიღო პენსილვანიის უნივერსიტეტში.
ამჟამად - რათგერსის უნივერსიტეტის (Rutgers University) (აშშ)
სოციოლოგიის პროფესორი. [2] მნემონიკა -
დამახსოვრების ხელოვნება; წესებისა და ხერხების ერთობლიობა, რომლებიც გამოგონილია
საჭირო ინფორმაციის დამახსოვრების გასაადვილებლად. მნემონიკური ერთობა - იხ.
ცნებები და ტემინები, ლექცია I. [3] ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდები, რომელთაც ნაცია იმახსოვრებს, ე.წ. „წმინდა
პერიოდებია" (sacred periods). კალენდარი, როგორც „წმინდა დღეები" ციკლი,
გამოხატავს ამა თუ იმ მნემონიკური ერთობის ისტორიის საკრალურ პერიოდებს. ხშირად, საზოგადოება ერთზე მეტ მნემონიკურ ერთობას
მოიცავს, მაგალითად, ზოგი ქვეყანა ორი, სამი და მეტი რელიგიის აღმსარებელია.
შესაბამისად, მასში შემავალი ერთობები პატივს მიაგებენ სხვადასხვა დამოუკიდებელ
წარსულს. ამას მნემონიკური სინკრეტიზმი ეწოდება.
| |
ნანახია: 1223 | რამოტვირთვები: 220 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |