მთავარი » ფაილები » ისტორიის აღქმა და რეპრეზენტაცია.მეხსიერების პოლიტიკა |
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (78.5 Kb) ] | 17.10.2012, 23:35 | ||||||||
შესავალი ლექცია კურსის მიზანი. მის ფარგლებში გამოყენებული ცნებები
და ტერმინები „ჩვენ
ვცხოვრობთ მეხსიერების საყოველთაო ზეიმის ეპოქაში", აღნიშნავდა 2002
წელს ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი პიერ ნორა, „უკანასკნელი ოცი თუ ოცდახუთი
წლის მანძილზე ყველა ქვეყანაში, ყველა სოციალურ თუ ეთნიკურ ჯგუფში წარსულისადმი
დამოკიდებულება არსებითად შეიცვალა: ისტორიის ოფიციალური ვერსიების
კრიტიკა, ისტორიული პროცესის ადრე მივიწყებული ან მიჩქმალული მხარეების
გახსენება, „წართმეული წარსულის" დაბრუნება, „ფესვების კულტი", მემორიალური
ღონისძიებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება, წარსულთან „ანგარიშსწორება"...
მსოფლიოს თავს დაატყდა მოგონებათა ნიაღვარი, რომელმაც რეალური თუ მოგონილი
წარსულისადმი ერთგულება მჭიდროდ დაუკავშირა კოლექტიურ ცნობიერებას,
მეხსიერებასა და იდენტობას".[1] უკანასკნელი
ათწლეულების მანძილზე მეხსიერების კვლევები (Memory Studies) ინტერდისციპლინური
შესწავლის ერთ-ერთ საყურადღებო მიმართულებად ჩამოყალიბდა. მისი მიზანია, შეისწავლოს წარსულის დამახსოვრების
ხერხები და მისი ასახვის მეთოდები სხვადასხვა დროსა და სივრცეში. დღეისათვის არსებობს სამეცნიერო ჟურნალი
„მეხსიერების კვლევები" (Memory Studies), გამოცემულია
სახელმძღვანელო ტექსტების რამდენიმე კრებული. კვლავ პიერ ნორას თუ მოვიშველიებთ,
მეხსიერებაზე ამდენს იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ მისგან ასე ცოტა რამ რჩება.[2] მეხსიერების ცნება. ფართოდ გავრცელებული
მნიშვნელობით, მეხსიერება გულისხმობს ინდივიდების, ჯგუფებისა და სახელმწიფოთა
მცდელობას, განსაზღვრონ საკუთარი რაობა ისტორიის ინტერპრეტაციით,
დაგროვილი გამოცდილების ასახვითა და ღირსშესანიშნავად მიჩნეული მოვლენების
დაფიქსირებით.[3]
მეხსიერება შუამავალია წარსულსა და აწმყოს შორის, მას გამოაქვს დავიწყების
განაჩენი ან სიცოცხლეს ანიჭებს წარსულს, შესაბამისად, ერთმანეთთან აკავშირებს
ერთობებს ან განაცალკევებს მათ. მისი კვლევა სამ ძირითად დონეზე მიმდინარეობს:
ინდივიდუალურ (ძირითადად, სწავლობენ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები),
კოლექტიურ (სოციოლოგების, კულტურის მეცნიერებათა და ისტორიკოსთა
ინტერესის სფერო) და ინსტიტუციურ (პოლიტიკის მეცნიერებები,
კულტურის მეცნიერებები და ისტორიკოსები). „კოლექტიური მეხსიერების" ცნება სამეცნიერო ლიტერატურაში XX საუკუნის
დასაწყისში დაამკვიდრა ფრანგმა სოციოლოგმა
მორის ჰალბვაქსმა. მისი აზრით, ჩვენ
აღვიქვამთ, გავიაზრებთ და, შესაბამისად, ვიმახსოვრებთ მოვლენებს იმ სოციალური
ჯგუფის მიერ განსაზღვრული საშუალებებით, რომელსაც ვეკუთვნით.[4] სოციალური
მეხსიერება „აქტიურდება" სოციალური ჯგუფის „კარნახით". პიერ ნორას განსაზღვრებით, კოლექტიური მეხსიერება ისაა,
რაც ერთობათა აქტიურ გამოცდილებაში დაილექა, ისტორიული მეხსიერება
კი სპეციფიკური ჯგუფის - ისტორიკოსების - კოლექტიური მეხსიერებაა;
იგი ანალიტიკური და კრიტიკულია. მეხსიერება მუდმივ ევოლუციას განიცდის,
იგი წარმოადგენს დამახსოვრებისა და დავიწყების დიალექტიკურ ერთიანობას.
ისტორია კი რეკონსტრუქცია და რეპრეზენტაციაა - მუდამ საკამათო და დაუსრულებელი
- იმისა, რაც აღარ არსებობს. ამავე დროს, პ. ნორას სიტყვით, ის, რასაც ჩვენ
დღეს მეხსიერებას ვუწოდებთ, მეხსიერება კი არა, უკვე ისტორიაა.[5] მართალია,
ისტორიკოსები სიფრთხილით ეკიდებიან ფაქტებს და წარსულის კრიტიკულ რეკონსტრუქციას
ახდენენ, მაგრამ მათი არჩევანი არ არის თავისუფალი მათი სოციალური
იდენტობისაგან, ხოლო მათ მიერ აღდგენილი (რეკონსტრუირებული) ისტორიული სურათი
- მდიდარი წარმოსახვისაგან. ჟაკ ლე გოფის სიტყვით, მეხსიერება იკვებება
ისტორიით და, ამავე დროს, ამარაგებს მას საწვავით. იგი ესწრაფვის წარსულის
შენახვას, რათა ემსახუროს აწმყოსა და მომავალს.[6] „კოლექტიური" ან „სოციალური" მეხსიერების
ცნებათა გვერდით, ფართოდ გამოიყე-ნება „კულტურული მეხსიერების" ცნება, იგი მრავლისმომცველი ტერმინია
და ხშირად ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი მნიშვნელობით გამოიყენება.
ყველაზე ზოგადი, „სამუშაო" განსაზღვრებით, როგორითაც ხშირად ვსარგებლობთ
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, კულტურული მეხსიერება
- ეს არის „თანამედროვეობისა და წარსულის ურთიერთქმედება სოციალურ-კულტურულ
კონტექსტში".[7]
ეს სფერო მოიცავს ფენომენთა ფართო წრეს: დამახსოვრების ინდივიდუალურ
აქტს, ჯგუფურ მეხსიერებას, ნაციონალურ მეხსიერებას თავისი „გამოგონილი
ტრადიციებით" და, ბოლოს, ტრანსანაციონალურ მეხსიერებას, დაკავშირებულს,
მაგალითად, ჰოლოკოსტთან ან 11 სექტემბერთან. კულტურული მეხსიერების
ცნება ასახავს მჭიდრო კავშირს ნაციის მიერ შექმნილ საკუთარი წარსულის სურათსა
და ნაციონალურ იდენტობას შორის. წარსულთან შეხება მხოლოდ ჩვენი კულტურის
გადასახედიდან, მისი კატეგორიებისა და სქემების მეშვეობით შეგვიძლია.
შესაბამისად, წარსული კი არა, თანამედროვეობა განსაზღვრავს ამა თუ იმ
საზოგადოების ფასეულობით ორიენტაციას, სპეციფიკურ ისტორიულ მეხსიერებას.
დამახსოვრებაცა და დავიწყებაც სოციალურადაა განსაზღვრული. ინსტიტუციური მეხსიერება აღნიშნავს პოლიტიკური ელიტების, მათ მხარდამჭერთა
და ოპონენტთა ძალისხმევას, მნიშვნელობა მიანიჭონ წარსულს და დაამკვიდრონ
ეს მნიშვნელობა საზოგადოებაში. საერთო მეხსიერება
და მის საფუძველზე ჩამოყალიბებული საერთო ფასეულობები აყალიბებს
ინდივიდისა და ჯგუფების განსხვავებულ იდენტობებს. ნაციონალიზმის თანამედროვე
მკვლევართა შრომებში ნაჩვენებია, რომ საერთო წარსული, დამყარებული ტერიტორიაზე,
ენაზე, რელიგიაზე ან მათ რაიმეგვარ კომბინაციაზე, ეთნიკური/ნაციონალური
მიკუთვნებულობის მთავარი საფუძველია. წარსულის რეპრეზენტაცია, გაზიარებული
ერთობის წევრთა მიერ, აყალიბებს „ჩვენ"-ჯგუფად ყოფნის განცდას.[8] წარსულისადმი
დამოკიდებულება, მისთვის აზრის მინიჭება ნარატივში (თხრობა, მოთხრობა) აისახება და მჭიდროდ უკავშირდება
იდენტობის ფორმირების პროცესს, რადგან იდენტობა „თავისთავადი" ფენომენი
კი არაა, არამედ კონსტრუირდება და რეკონსტრუირდება მეხსიერების აქტების
მეშვეობით, წარსული „მე"-ს („ჩვენ"-ის)დაკავშირებით აწმყო „მე"/"ჩვენ"-თან. კულტურული მეხსიერების
ცნება ამ პროცესის კოლექტიურ დონეზე შესწავლის საშუალებას იძლევა.
საზოგადოება - ერთობა - არაფერს „იმახსოვრებს", ამ სიტყვის ზუსტი გაგებით,
მაგრამ წარსულის ვერსიის შექმნა თანამედროვე ცოდნისა და საჭიროებების
შესაბამისად ხდება, რაც საზოგადოებრივადაა განსაზღვრული. ნაციონალური
ნარატივი ყოველთვის დაკავშირებულია კონკრეტულ ისტორიულ ეპოქასთან
და იდეოლოგიურ ტენდენციებთან. ეს თანაბრად ითქმის როგორც ე.წ. გაბატონებულ,
კანონიზებულ ნარატივზე, ასევე კონტრნარატივზეც (საპირისპირო
ნარატივზე).[9]
წარსულის ნარატივი იქმნება ცხოვრების წესის განსასაზღვრად და დასასაბუთებლად,
თანამედროვე გამოწვევებზე პასუხების მოსაძებნად. ისტორია - თხრობა
წარსულის შესახებ - გვაჩვენებს, როგორც წარმოიდგენს საზოგადოება საკუთარ
თავს და სხვებს, აგრეთვე იმას, თუ როგორ იცვლებოდა მისი მდგომარეობა და
გარესამყაროსთან მიმართება დროთა განმავლობაში. რას გულისხმობს მეხსიერების
პოლიტიკა? წარსულში მომხდარი ფაქტები და მოვლენები თანამედროვე რეალობის შესაბამისად
გადმოიცემა, აიხსნება და იცვლება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხდება წარსული მოვლენების
გადარჩევა (სელექცია) პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენით. წარსულის აღქმა და მეხსიერების
ფორმირება პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, დროში ცვალებადია. წარსულს მიმართავენ თანამედროვე პოლიტიკური
წესრიგის თუ მისწრაფებებისა ლეგიტიმაციისათვის, შესაბამისად, იგი კონსტრუირდება
პოლიტიკური რეალობის შესაბამისად. მეხსიერების
კვლევათა სფეროში გამოყენებული ცნებები და ტერმინები 1.
მეხსიერება - ინდივიდების, ჯგუფებისა
და სახელმწიფოთა მცდელობა, განსაზღვრონ საკუთარი რაობა ისტორიის ინტერპრეტაციით,
დაგროვილი გამოცდილების ასახვითა და ღირსშესანიშნავად მიჩნეული მოვლენების
დაფიქსირებით.[10] კოლექტიური მეხსიერება - საერთო მეხსიერება, რომელიც
გადაიცემა და კონსტრუირდება ჯგუფის მიერ (მორის ჰალბვაქსი); ინდივიდის მიერ ჯგუფის
მეხსიერების მიღება და საკუთარი თავის იდენტიფიცირება კოლექტიურ წარსულთან კოლექტიური მეხსიერება საერთოა
ოჯახებისთვის, ეთნიკური ჯგუფებისათვის და სხვა მნემონიკური ერთობისთვის. ის არ არის
პირადი მოგონებების უბრალო ერთობლიობა, არამედ მოიცავს იმ მოგონებებს, რომლებიც საერთოა
ერთობის ყველა წევრისათვის (ევიათარ ზერუბაველი) 2.
მნემონიკური
ერთობა - ჯგუფი, რომელსაც აქვს საერთო წარმოდგენა საკუთარ წარმოშობასა და წარსულზე ამ წარმოდგენათა საფუძველზე ის ცდილობს ტერიტორიული და
სხვა პოლიტიკური უფლებების გამყარებას და სხვა ჯგუფებზე ისტორიული უპირატესობის
დამტკიცებას 3.
კოლექტიური და
ისტორიული მეხსიერება
4.
კულტურული მეხსიერება
- თანამედროვეობისა და წარსულის ურთიერთქმედება
სოციალურ-კულტურულ კონტექსტში 5.
ნარატივი - თხრობა, მოთხრობა რაიმე ისტორიული ფაქტის ან მოვლენის ისტორიულად და
კულტურულად განპირობებული ინტერპრეტაცია [1]Нора, П. "Всемирное торжество памяти”. Память
о войне 60 лет спустя. Россия, Германия, Европа.
М.,
2005, с.
391. [2]Nora, P.
"Between Memory and History: Les Lieux de
Mémoire”. Representations, No. 26, Special Issue: Memory and Counter-Memory. [3]The Politics
of Memory in Postwar [4]Halbwachs, M. On Collective Memory. University of
Chicago Press, 1992. [5]Nora, P. "Between
Memory and History: Les Lieux de Mémoire”. Representations, No. 26, Special Issue:
Memory and Counter-Memory. [6]Le Goff, J. History
and Memory. Columbia University Press. New York, 1992, p. 108. [7]Cultural Memory Studies. An International
and
Interdisciplinary Handbook. Ed. by Astrid Erll, Ansgar Nünning in collaboration
with Sara B. Young.
Walter
de Gruyter. [8]The Politics
of Memory in Postwar [9]Discourses of
Collective Identity in Central and [10]The Politics
of Memory in Postwar | |||||||||
ნანახია: 2847 | რამოტვირთვები: 106 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |