მთავარი » ფაილები » შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები)

ლექცია 1
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (108.5 Kb) ] 03.10.2012, 23:20

      რას სწავლობს კულტურის მეცნიერებები? 

XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ცნობილი ფრანგი კულტურანთროპოლოგის კლოდ ლევი-სტროსის სიტყვებმა იმის თაობაზე, რომ "XXI საუკუნე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საუკუნე იქნება, ან იგი არ იქნება საერთოდ”, სათავე დაუდო ჰუმანიტარული ცოდნის განვითარების ახალ ეტაპს, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა კულტურათა და ცივილიზაციათა ისტორიის, მათი ურთიერთობის, განვითარების კანონზომიერება­თა კვლევა. ჩვენ ყოველთვის გვიზიდავს და ცნობისმოყვარეობას აღგვიძრავს ის, რაც უცხო და, ერთი შეხედვით, ძნელად გასაგებია. საზოგადოებები განსხვავდებიან ენით, რელიგიით, ცხოვრების წესით, ანუ ყოველივე იმით, რასაც კულტურას ვუწოდებთ. კულტურული მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა. კაცობრიობა არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი. დღეს კი გლობალიზაციის პროცესმა მჭიდროდ დააკავშირა ერთმანეთთან მსოფლიოს ცალკეული ნაწილები და ეს მრავალფეროვნება უფრო თვალსაჩინო გახადა. როგორც ხშირად ამბობენ, მსოფლიო სულ უფრო „ვიწროვდება": სხვადასხვა კულტურის ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან მოგზაურობის, დასვენების, მუშაობის, სწავლის პროცესში, რეალურ და ვირტუალურ სივრცეში, უშუალო კონტაქტით თუ სხვადასხვა ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალების გამოყენებით. კონტაქტების გახშირებამ და ინტენსიურმა ხასიათმა ნათლად წარმოაჩინა, ერთი მხრივ, კულტურული განსხვავებულობა, მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ ერთმანეთისათვის სრულიად უცხო ადამიანები, რომელთა საზოგადოებებს ცხოვრების სრულიად განსხვავებული წესი აქვთ, ერთმანეთს ბევრი რამით ჰგვანან: ყველასათვის დამახასიათებელია სიხარული და მწუხარება, სიყვარული და სიძულვილი, ტკივილი და თანადგომა. ყველა საზოგადოებას აქვს ენა, ხელოვნება, მითები, რელიგია, ოჯახი, ეკონომიკური სისტემა, ნათესაური კავშირები, საცხოვრებელი, ტაბუ და ა.შ. მაგრამ, ამავე დროს, თითოეულ საზოგადოებაში ისინი უაღრესად განსხვავებულია. მაგალითად, ადამიანები იკვებებიან, მაგრამ ის, თუ რას, როდის, სად, ვისთან ერთად და როგორ მიირთმევენ, სხვადაგვარია სხვადასხვა კულტურაში, ისევე როგორც, მაგალითად, მისალმების წესი, კეთილგანწყობის თუ უნდობლობის გამოხატვის  ფორმები, წარმოდგენა კეთილსა და ბოროტზე, დასაშვებსა და აკრძალულზე, მშვენიერებასა და სიმახინჯეზე და სხვ. ერთი სიტყვით, კულტურული მსგავსებები და განსხვავებანი ერთი მედლის ორი მხარეა. კულტურა, რომელიც მოიცავს ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, საზოგადოებებს შორის მსავსებისა და განსხვავების საფუძველია. ამიტომ ბუნებრივია, რომ კულტურის ფენომენისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება. ხშირად ისმის კითხვა: შენარჩუნდება მსოფლიოს კულტურული მრავალფეროვნება თუ, გლობალიზაციის პროცესის შედეგად, მსოფლიო სულ უფრო ერთგვაროვანი გახდება? რა არის კულტურულ განსხვავებათა მიზეზი და საფუძველი? რამდენად ღრმა და არსებითია ეს განსხვავებანი? კულტურის მეცნიერებათა ფარგლებში ამ საკითხების შესწავლა მიმდინარეობს. საქართველო, ისტორიულად და დღესაც, მრავალეთნიკური და მრავალკულტურული ქვეყანაა. საუკუნეების განმავლობაში აქ ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, სხვადასხვა ენის, ტრადიციის და, ზოგადად, კულტურის მატარებლები. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას აქვს კულტურათა თანაარსებობისა და ურთიერთქმედების გამოცდილება. ალბათ, წაგიკითხავთ და გსმენიათ, რომ ჩვენ კულტურათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე ვცხოვრობთ -  დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი გზების გადაკვეთაზე. ამდენად, ის გარემო, რომელშიც ქართულ კულტურას უხდებოდა არსებობა და განვითარება, მეტად მრავალფეროვანი და ცვალებადი იყო. თუ გავიხსენებთ ერთ-ერთ განსაზღვრებას, რომლის თანახმად კულტურა არის ბუნებრივ და სოციალურ/საზოგადოებრივ გარემოსთან შეგუების ფორმებისა და ხერხების ერთობლიობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფორმები და ხერხები, მეტ-ნაკლებად მაინც, წარმატებული ყოფილა, რადგან ჩვენი კულტურა დღესაც არსებობს. მაგრამ მხოლოდ წარსული გამოცდილება ვერ უზრუნველყოფს მის წარმატებულ განვითარებას, რადგან ყოველ დროს თავისი გამოწვევები და პრობლემები მოაქვს, რომლებსაც შესაბამისი პასუხის მოძებნა ჭირდება. დღეს საქართველოს  წარმატებული განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლთა ჰარმონიულ ურთიერთობაზე. ეს კი მაშინ არის შესაძლებელი, თუ მეტი ვიცით, ზოგადად, კულტურის ფენომენისა და, კერძოდ, ერთმანეთის კულტურის შესახებ. ასეთი ცოდნა ხელს უწყობს განსხვავებული ურთიერთპატივისცემას, სტერეოტიპების დაძლევას, კულტურული მრავალფეროვნების, როგორც ფასეულობის დამკვიდრებას და კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარის გამომუშავებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. კულტურის მეცნიერებათა ფარგლებში შეისწავლება: Ø  რა არის კულტურა? რა არის ცივილიზაცია? Ø  როგორ წარმოიშვა და განვითარდა ცხოვრების განსხვავებული წესი სხვადასხვა ხალხებში, სხვადასხვა დროსა და სივრცეში? Ø  როგორია ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავსა და მეზობლებზე? რა არის იდენტობა? ვის მივიჩნევთ „ჩვენიანად" და „უცხოდ"? Ø  რა არის კულტურული სტერეოტიპი? Ø  რას ნიშნავს კულტურული შოკი? Ø  რას ნიშნავს ეთნოცენტრიზმი და ეთნორელატივიზმი? Ø  რა არის გლობალიზაცია? ემუქრება თუ არა მსოფლიოს გაერთგვაროვნების საფრთხე? Ø  რატომ საუბრობენ ხშირად ცივილიზაციათა შეჯახებაზე? რა განაპირობებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთდაპირისპირებას? სად არის ჩვენი ადგილი - დასავლეთში თუ აღმოსავლეთში? და სხვ. კულტურის მეცნიერებები, თავისი არსით, ინტერდისციპლინურია; ეს ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანი იყო, რამაც ხელი შეუწყო კულტურის მეცნიერებათა დამკვიდრებას კვლევისა და სწავლების ცალკე დარგად. კულტურის მეცნიერებები თანამედროვე ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ერთ-ერთ გავლენიან მიმართულებად ჩამოყალიბდა, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ისტორიასთან, ფილოსოფიასთან, სოციოლოგიასთან, გეოგრაფიასთან, ფსიქოლოგიასთან, სემიოტიკასთან, ნეიროფოზიოლოგიასთან, ლინგვისტიკასა და სხვა მეცნიერებებთან. ისეთი საკითხების შესწავლა, როგორიცაა, მაგალითად, ბუნების, დროისა და სივრცის აღქმა, სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემისადმი, ბავშვობის, სიბერის, ავადმყოფობისადმი დამოკიდებულება, ყოველდღიური ყოფის ორგანიზაცია (საცხოვრებლისა და კვების ჩათვლით), სოციალური იდეალები, თავისუფლებისა და სამართლის გაგება, მენტალობა და მრავალი სხვა, შეუძლებელია მრავალი სხვადასხვა დარგის ურთიერთთანამშრომლობის გარეშე. XX საუკუნის ბოლო ათწლეულების მანძილზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, კულტურის კვლევებისადმი ინტერესი გაიზარდა. სხვა გარემოებებთან ერთად, ამას ხელი შეუწყო გლობალიზაციის პრობლემებისადმი ინტერესის ზრდამაც. კულტურის  გლობალიზაციის პერსპექტივით შეშფოთებული არიან როგორც არადასავლური სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც გლობალიზაციას ვესტერნიზაციად (გადასავლურებად) აღიქვამენ, ისე თავად დასავლელებიც, რომელთაც არანაკლებ აშფოთებთ საკუთარი კულტურული სახის დაკარგვის საფრთხე. გლობალიზაციის პროცესმა აჩვენა, რომ ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნები გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა რომელიღაც რეგიონებში, ვიდრე სხვაგან, თუმცა სასტარტო პოზიციები, თითქოს, ერთნაირი იყო. მეცნიერები თანდათან მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიზეზები კულტურულ ფაქტორებშია საძიებელი. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანთა კულტურულ თავისებურებათა კვლევით დაინტერესდნენ საერთაშორისო კორპორაციები, რომელთა პერსონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს და მრავალეთნიკურია. მაგალითად, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია IBM საყურადღებო ფაქტის წინაშე აღმოჩნდა: ხუთივე კონტინენტზე განლაგებული მისი ფილიალებისა და საწარმოების მენეჯერები, რომელთა შორის სხვადასხვა ეთნოსისა და კულტურის წარმომადგენლები არიან, სტანდარტულ მომზადებას გადიოდნენ ამერიკული მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის მიღწევებზე დაფუძნებული პროგრამით, მაგრამ მათი საქმიანობის შედეგები და წარმატება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი იყო. ნათელი გახდა, რომ მენეჯმენტის ამერიკული მოდელი უნივერსალური არაა და საქმის წარმატებით გაძღოლისათვის აუცილებელია ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ თავისებურებათა გათვალისწინება. ამიტომ კომპანიამ დააფინანსა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ჰოლანდიელი ფსიქოლოგი გ. ჰოფსტედე. გამოკვლევა მიზნად ისახავდა სწორედ კულტურის თავისებურებათა და საქმიანობის შედეგებზე მათი გავლენის გამოკვლევას. ფრიად საყურადღებო შედეგებმა შესაძლებელი გახადა სათანადო კორექტივების შეტანა მენეჯერთა მომზადების პროგრამებში, რამაც უზრუნველყო კომპანიის ფილიალთა საქმიანობის ხარვეზების გამოსწორება და წარმატება. საბჭოთა კავშირის დაშლას და ცივი ომის დამთავრებას ორპოლუსიანი მსოფლიოს გაქრობა მოჰყვა. ბუნებრივად გაჩნდა მომავალი მსოფლიოს სახის სხვადასხვა ვერსია. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, კაცობრიობის უახლოეს მომავალს ცივილიზაციათა დაპირისპირება და, შესაძლოა, კონფლიქტიც განსაზღვრავს. ეს კონფლიქტები კი, პირველ რიგში, ცივილიზაციათა გამყოფ მიჯნებზე, მათი შეხვედრის არეალებში გაიშლება. აღნიშნულმა პროგნოზმა ერთბაშად გამოაცოცხლა ინტერესი კულტურულ-ცივილიზაციური პრობლემატიკისადმი. კამათი დიდხანს გაგრძელდა და, როცა იგი, თითქოს, ამოიწურა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამ კვლავ ყველას გაახსენა ცივილიზაციათა კონფლიქტის ყველასთვის არასასურველი პროგნოზი. XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე ამ პროგნოზს რამდენიმე საერთაშორისო ("ცივილიზაციათა დიალოგი”, "ცივილიზაციათა ალიანსი” და სხვ.) და ლოკალური ("მშვიდობიანი კავკასია”) ინიციატივა მოჰყვა, რასაც თან ახლავს ამ მიმართულებით საგანგებო კვლევების წახალისება, კონფერენციები, სიმპოზიუმები და სხვადასხვა რანგის ადგილობრივი თუ საერთაშორისო, სამეცნიერო თუ პოლიტიკური ფორუმები. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ მოიტანა, დაკავშირებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებთან, რომლებიც მეტად მტკივნეულად წარიმართა და, არცთუ იშვიათად, ეთნოკონფლიქტების სახე მიიღო. კულტურის მეცნიერებები ცდილობს, მოძებნოს პასუხი კითხვებზე: რას წარმოადგენდა ერთიანი საბჭოთა იდენტობა კულტურის თვალსაზრისით? რამ გამოიწვია იდენტობის კრიზისის სახელით ცნობილი მოვლენა 90-იანი წლების დასაწყისში? რატომ მიიღო მან სხვადასხვა ფორმა პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ნაწილში? ასრულებს თუ არა რელიგიის ფაქტორი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან როლს პოსტსაბჭოთა კონფლიქტებში? რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები აქვს დაპირისპირებებსა და კონფლიქტებს პოსტკოლონიურ, პოსტსოციალისტურ (მაგალითად, იუგოსლავია) და პოსტსაბჭოთა სივრცეში? ეს მხოლოდ ნაწილია კითხვებისა, რომელთა აქტუალურობა და სიმწვავე განაპირობებს კულტურის მეცნიერებებისადმი ინტერესის ზრდას მთელ მსოფლიოში. იუნესკოს პროგრამის – "მსოფლიოს კულტურული პროექტი” – დირექტორი დ. შაფერი 1996 წელს აღნიშნავდა, რომ მსოფლიო ეკონომიკური საუკუნიდან კულტურის საუკუნეში გადადის, რომელსაც მკვლევართა ნაწილი კულტურათა და ცივილიზაციათა შეჯახების საუკუნედ ნათლავს; ნათელი გახდა, რომ კულტურის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე მსოფლიოს მოწყობის ნებისმიერი გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული. შაფერის აზრით, სწორედ კულტურის მეცნიერებათა წარმომადგენლებს შეუძლიათ, ყველაზე ავტორიტეტულად განსაზღვრონ გლობალური კულტურული სისტემის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, შექმნან მომავალი მსოფლიო სისტემის კულტურული "პორტრეტი”.   როგორ ჩამოყალიბდა კულტურის მეცნიერებები? კულტურის მეცნიერებები, როგორც კვლევისა და სწავლების ცალკე დარგი, XX საუკუნის შუა ხანებში ჩამოყალიბდა. იგი განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში კულტურის კვლევებს განსხვავებული პრობლემატიკა და ტრადიცია აქვს. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის აღმოჩენებმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სფეროში გადატრიალება მოახდინა ადამიანის ცნობიერებაში. ატომის გახლეჩამ, სიცოცხლის უჯრედული საფუძვლის მიგნებამ, გალაქტიკათა უსასრულო სივრცის აღმოჩენამ დაანგრია ადრე არსებული მეცნიერული წარმოდგენა სამყაროსა და მისი სტრუქტურის შესახებ. "მატერია გაქრა” და ადამიანი, თითქოს, „ჩაიკარგა" უკიდეგანო სამყაროში. ამ პრობლემის გადაწყვეტის იმედი ისევ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს უკავშირდებოდა. გაჩნდა ეჭვი: შეიძლება კი მეცნიერებად ჩაითვალოს ცოდნის ის სფერო, რომელიც ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის ან მათემატიკისაგან განსხვავებით, ზუსტად ვერ განსაზღვრავს თავისი კვლევის ობიექტს, არა აქვს ვარაუდებისა და დასკვნების ექსპერიმენტული შემოწმების საშუალება, მკაფიო და ყველასათვის მისაწვდომი სახით (ფორმულები, სქემები, დიაგრამები...) ვერ აყალიბებს კვლევის შედეგებს? სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენლები ცდილობდნენ, ბუნებისმეტყველი კოლეგებისაგან „ესესხათ" ცოდნის სისტემატიზაციის საშუალებები, ხშირად იშველიებდნენ ბუნებასთან ანალოგიას, მაგრამ სკეპტიკური დამოკიდებულება ამ მეცნიერებათა მიმართ არსებობას განაგრძობდა. სწორედ ამ დროს, XX საუკუნის დასაწყისში, ევროპელ მკვლევართა (ვ. ვინდელბანდი, მ. ვებერი, გ. რიკერტი) შრომებში პირველად მკაფიოდ ჩამოყალიბდა აზრი იმის შესახებ, რომ მეცნიერებები ბუნებისა და საზოგადოების/კულტურის შესახებ ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება. აქედან გამომდინარე, კვლევის ხერხები, მიღებული შედეგების სისტემატიზაციის თუ განზოგადების ფორმები მათ ერთმანეთის მსგავსი ვერ ექნებათ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სწავლობენ ობიექტურ (ადამიანისაგან დამოუკიდებელ) კანონებსა და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, რეალობას, სადაც ერთსა და იმავე მიზეზს ერთი და იგივე შედეგი მოსდევს (ნორმალური ატმოსფერული წნევის პირობებში 1000 ტემპერატურაზე წყალი დუღს; ნატრიუმისა და ქლორის რეაქცია აუცილებლად იძლევა ნატრიუმის მარილს; სიჩქარე ყოველთვის წარმოადგენს მანძილის შეფარდებას დროსთან და ა.შ.). საზოგადოების/კულტურის შემსწავლელი მეცნიერებები კი სწავლობენ ერთჯერად,  განუმეორებელ ფაქტებსა და მოვლენებს. განზოგადებები, რომელთაც ისინი აკეთებენ, სხვადასხვა დროსა და ვითარებაში იცვლება. XX საუკუნის დასაწყისიდან თანდათანობით ყალიბდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ კულტურას ცალკე მეცნიერება უნდა სწავლობდეს. 1913 წელს გერმანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ვილჰელმ ოსტვალდი (1853-1932) წერდა: "სპეციფიკურ ადამიანურ თავისებურებებს, რომლებიც განასხვავებს homo sapiens-ის მოდგმას ცხოველთა ყველა სხვა სახეობისაგან, აღვნიშნავთ სიტყვით "კულტურა”. შესაბამისად, მეცნიერებას საქმიანობის სპეციფიკური ადამიანური ფორმების შესახებ თავისუფლად შეიძლება ეწოდოს "კულტუროლოგია” (kulturologie)”. ვ. ოსტვალდის მიერ შემოთავაზებული ტერმინი თანდათან მკვიდრდებოდა.  კულტუროლოგიის ფუძემდებლად მიჩნეულია ამერიკელი კულტურანთროპოლოგი ლესლი ელვინ უაიტი (1900-1975), რომელმაც საგანგებოდ დაასაბუთა კულტურის შემსწავლელი მეცნიერების ცალკე დარგად ჩამოყალიბებისა და მის აღმნიშვნელად ტერმინ "კულტუროლოგიის” დამკვიდრების აუცილებლობა. 1930-იანი წლების დასაწყისში მან მიჩიგანის უნივერსიტეტში წაიკითხა "კულტუროლოგიის” სალექციო კურსი, ხოლო 1949 წელს გამოსცა ცნობილი ნაშრომი "მეცნიერება კულტურის შესახებ”. „ჩვენ შევეჩვიეთ აღტაცებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიღწევებით და ქედმაღლურ დამოკიდებულებას სოციალური მეცნიერებებისადმი, ამიტომ ბევრს, შეიძლება, უაზრობად მოეჩვენოს მტკიცება, რომ კულტურის, როგორც ცოდნის ცალკე დარგის გამოყოფა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. სრულიადაც არ ვაპირებთ, დავამციროთ ფიზიკის, ქიმიის, გენეტიკის ან მედიცინის უკანასკნელ წარმატებათა მნიშვნელობა, მაგრამ ადამიანის დანიშნულება დედამიწაზე არ დაიყვანება გალაკტიკების შესწავლამდე, ატომის გახლეჩასა თუ ახალი სასწაულმოქმედი პრეპარატის შექმნამდე. კულტურები, რომელთა ფარგლებში ცხოვრობს, სუნთქავს და მრავლდება ადამიანთა მოდგმა, გაცილებით მნიშვნელოვანია კაცობრიობის მომავლისათვის. და აი, ასტრონომიის, ფიზიკისა და ქიმიის რამდენიმესაუკუნოვანი, ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ათეულწლოვანი განვითარების შემდეგ, მეცნიერებამ, როგორც იქნა, ყურადღება მიაპყრო იმას, რაც ყველაზე მეტად განსაზღვრავს ადამიანის სახესა და ქცევას – კულტურას. სიახლე მეცნიერებაში ნელა იკაფავს გზას. ამიტომ არაფერია საკვირველი იმაში, რომ მეცნირების ახალი დარგის – კულტუროლოგიის – დამკვიდრებას მრავალი წინააღმდეგობა ხვდება. მაგრამ კულტურის, როგორც კვლევის ცალკე სფეროს აღმოჩენა ოდესმე უთუოდ დაიკავებს კუთვნილ ადგილს კოპერნიკის ჰელიოცენტრული თეორიისა და სიცოცხლის ყველა ფორმის უჯრედული საფუძვლის მიგნების გვერდით", – წერდა ლ. უაიტი. ახალ დარგის დამკვიდრებას სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა. ბევრს კამათობდნენ მისი სახელწოდების შესახებ, აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო ხელოვნური სიტყვა, მიღებული ლათინურ ძირზე ბერძნული დაბოლოების დართვით. თუმცა ლინგვისტების ნაწილი აღნიშნავდა, რომ ტერმინის დამკვიდრება დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენად "სწორია” იგი სიტყვათწარმოების თვალსაზრისით, არამედ იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება იგი აღსანიშნ ობიექტს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ თავად დარგი გაცილებით დიდი წარმატებით დამკვიდრდა, ვიდრე ტერმინი "კულტუროლოგია”, რომელსაც არცთუ ხშირად იყენებენ. როგორც წესი, კულტურის შემსწავლელ მეცნიერებას აღნიშნავენ ცნებებით: კულტურის მეცნიერებები (Cultural Studies) ან კულტურის ანთროპოლოგია (Cultural Anthropology), "კულტუროლოგია” კი ყველაზე ფართოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოიყენება. მეორე სახის წინააღმდეგობა გაცილებით სერიოზული იყო. დარგები, რომელთა საფუძველზე წარმოიშვა ცალკე მეცნიერება კულტურის შესახებ (განსაკუთრებით _ ფილოსოფია, ისტორია, ეთნოლოგია...), ეჭვქვეშ აყენებდნენ მისი დამოუკიდებლად არსებობის საჭიროებასა და მიზანშეწონილობას. ერთი ავტორის მოსწრებული შენიშვნით, ეს ძალიან ჰგავდა მშობლის სურვილს, სახლიდან არ გაეშვა წამოზრდილი შვილი, რომელიც დამოუკიდებლობას ესწრაფვოდა. მიუხედავად ამისა, "შვილი” დამოუკიდებელი გახდა. დღეს კულტურის მეცნიერებები აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომელიც აკადემიურ დისციპლინას წაეყენება: არსებობს შესწავლის ობიექტი, მისი კვლევის მეთოდები და მიდგომები, არსებობს თავად დისციპლინის ისტორია: "ტრადიციულად, აკადემიურ დისციპლინა სამი კრიტერიუმით ისაზღვრება: პირველი – შესწავლის ობიექტი, მეორე – შესწავლის ობიექტისადმი მიდგომა, მესამე – თავად დისციპლინის ისტორია” (John Storey, Introduction to Cultural Theory and Popular Culture). ტერმინის "კულტურის მეცნიერებები" ან „კულტურის კვლევები” შემოტანა რიჩარდ ჰოგარტის სახელს უკავშირდება: 1964 წელს მან ბირმინჰემში დააარსა თანამედროვე კულტურის კვლევათა ცენტრი (Centre for Contemporary Cultural Studies). დღეს კულტურის მეცნიერებათა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ წარმომადგენლად მიჩნეული ბრიტანელი მეცნიერის სტიუარტ ჰოლის[1] აზრით, კულტურის მეცნიერებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო 50-იანი წლების ბოლოს დასავლურ სამყაროში მიმდინარე პროცესებმა: კოლონიური სისტემის რღვევამ და რასიზმის წინაააღმდეგ ბრძოლამ, მარქსისტული თვალსაზრისის გადასინჯვამ იმის თაობაზე, რომ საზოგადოების განვითარებას და მის სახეს ეკონომიკური ურთიერთობები განსაზღვრავს,  ფემინისტური მოძრაობის გააქტიურებამსის ზრდამ და ა.შ.[2] ნებისმიერი მეცნიერება განვითარების გარკვეულ სტადიებს გადის. ცოდნის დაგროვების პროცესს თან სდევს დაყოფა ქვედარგებად თუ ქვედისციპლინებად. გარკვეულ ეტაპზე კავშირი ამ ქვედარგებს შორის სუსტდება, ჩნდება ინფორმაციის სიჭარბით განპირობებული ბარიერები, რაც ქმნის სირთულეს მთლიანად დარგის განვითარებისათვის. შემდეგ იწყება რეინტეგრაციის (ხელახალი დაკავშირების) პროცესი – რა თქმა უნდა, ახალ საფუძველზე. გავიხსენოთ მედიცინის მაგალითი: მისი განვითარების გარკვეულ ეტაპზე დიფერენციაციამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ თავად მედიკოსები ხუმრობდნენ მარცხენა თვალის თუ ყურის სპეციალისტების შესახებ, რომელთაც მეორე ყურისა არა გაეგებოდათ რა. ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე შემდგომი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა. ასეთივე გზა გაიარა კულტურის მეცნიერებებმა. კულტურის მეცნიერებები ორი ძირითადი სკოლის _ ბრიტანულისა და ამერიკულის _ ფარგლებში განვითარდა. კულტურის მეცნიერებები თავს უყრის კულტურის ანთროპოლოგიის, მუზეუმმცოდნეობის, ხელოვნების ისტორიის, სოციოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიის, მედიის თეორიის, ლიტერატურათმცოდნეობის, პოლიტიკური ეკონომიის და ზოგიერთი სხვა დარგის მონაცემებს. იგი ცდილობს, გაარკვიოს კულტურის ფენომენის კავშირი იდეოლოგიის, ეთნიკურობის, ნაციონალიზმის, სოციალური კლასის, გენდერის და სხვა სფეროებში მიმდინარე პროცესებთან. კულტურის მეცნიერებათა მიზანია კულტურის გაგება მთელი თავისი სირთულითა და მრავალფეროვნებით, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც იგი ფუნქციონირებს. 

კატეგორია: შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები) | დაამატა: interculture
ნანახია: 2155 | რამოტვირთვები: 289 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 1
1 you_more  
0
up up up up up up up up up up up up up

სახელი *:
Email *:
კოდი *: