მთავარი » ფაილები » შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები)

ლექცია 10
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (91.0 Kb) ] 28.11.2012, 13:48

ლექცია 10
 

1.  

ევროპაცენტრიზმი
 

 ევროპაცენტრიზმს ვუწოდებთ შეხედულებას, რომლის თანახმად, ევროპა თავისი უნიკალური სულიერი წყობით მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის ცენტრს წარმოადგენს, მან წამყვანი როლი ითამაშა თანამედროვე ცივილიზაციისა და კულტურის განვითარებაში. უკვე ძველ საბერძნეთში დასავლეთისა და აღმოსავლეთის გამიჯვნა ნიშნავდა "ბარბაროსისა” და "ელინის”, როგორც ველურისა და ცივილიზებულის დაპირისპირებას. ეს ტრადიცია შემდგომი პერიოდის ევროპას მემკვიდრეობით გადაეცა. ევროპაცენტრისტულ შეხედულებებს ევროპულ ცნობიერებაში შეიძლება საუკუნეების მანძილზე გავადევნოთ თვალი. ჯვაროსნული ლაშქრობები, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, ახალი მიწების ათვისება და კოლონიური სისტემის ჩამოყალიბება _ ეს, ფაქტობრივად, ისტორიულ ფაქტებში განხორციელებული ევროპოცენტრისტული შეხედულებებია, რომლის მიხედვით ევროპა, თავისი ისტორიით, პოლიტიკით, რელიგიით, კულტურითა და ხელოვნებით, წარმოადგენს ერთადერთსა და უდავო ფასეულობას, რომელიც უპირისპირდება აღმოსავლური სამყაროს "განუვითარებლობას”. ადრე შუასაუკუნეებში, როდესაც ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები დანარჩენ გარესამყაროსთან სუსტი და ზედაპირული იყო, აღმოსავლეთი აღიქმებოდა როგორც შორეული და ეგზოტიკური სამყარო. განმანათლებლობის ეპოქაში კი, როდესაც გამყარდა შეხედულება ისტორიაზე, როგორც სწორხაზოვან პროცესსზე, პროგრესი განიხილებოდა როგორც ევროპული ცივილიზაციის თანდათანობითი შეღწევა მსოფლიოს ყველა რეგიონში. მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ისტორიის გადმოცემა, როგორც წესი, ბერძნებით იწყება, შემდეგ მოდის რომი, ევროპული "ბნელი საუკუნეები”, რენესანსი და ინდუსტრიული რევოლუცია. ეპიზოდურად და ზედაპირულადაა მოხსენიებული ძველი ეგვიპტელების, ჩინელების, ინდოელთა და მუსლიმური სამყაროს მოღწევები ამ სფეროში. თანდათან ჩამოყალიბდა აზრი მეცნიერების როგორც ევროპული ფენომენის შესახებ. აზროვნების ისტორია ვრცლად ეხება არისტოტელეს, თომა აქვინელს, კანტს, მარქსს და სხვა ევროპელ მოაზროვნეებს და გაცილებით ნაკლებად – აღმოსავლელებს. ევროპის უპირატესობის იდეის ჩამოყალიბება დაიწყო XVI საუკუნეში, გაგრძელდა XVII-XVIII საუკუნეებში და მწვერვალს XIX საუკუნეში მიაღწია. ხაზი ესმებოდა ევროპული კულტურის პროგრესულ ხასიათს მონადირეთა, მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა საზოგადოებების კულტურებთან შედარებით, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არსებობდნენ და რომელთა შესწავლა ევროპელებმა მაშინ ინტენსიურად დაიწყეს. ევროპასთან შედარებით, ნაკლებ განვითარებულად განიხილებოდა მუსლიმური სამყარო, ჩინეთი და იაპონია, ეს საზოგადოებები ევროპელთა მიერ აღიქმებოდა როგორც უმოძრაო, სტატიკური – დინამიკურ, სწრაფად ცვალებად დასავლეთთან შედარებით. ევროპის ისტორია ეტალონად მიიჩნეოდა მთელი არადასავლური სამყაროსათვის, რომელსაც ჯერ კიდევ უნდა მიეღწია ევროპის მიერ უკვე გავლილი საფეხურისათვის. ამასობაში, თავად ევროპელი მეცნიერები სულ უფრო ღრმად ეცნობოდნენ არადასავლური სამყაროს ისტორიასა და კულტურებს; იქაური ისტორიკოსები მსოფლიო ისტორიის საკუთარ სქემებს ქმნიდნენ, რომელთა ცენტრში იყო ჩინეთი, ინდოეთი თუ იაპონია, თუმცა მათ მაინც განიცადეს ევროპაცენტრისტული იდეის გავლენა, რომელიც მით უფრო ძლიერი იყო, რაც უფრო სერიოზული იყო ევროპული ხელისუფლების პოზიციები ამ ქვეყნებში. მაგალითად, იაპონიამ მოახერხა დასავლური იდეებისა და მიღწევების გადამუშავება საკუთარი კულტურული იდენტობის შენარჩუნების ფონზე, ინდოეთში კი ბრიტანულმა მმართველობამ ისტორიისა და კულტურის ანგლოცენტრული მოდელების ჩამოყალიბება განაპირობა. დღემდე ევროპოცენტრისტული კონცეფცია აისახება მსოფლიო ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში, სადაც ევროპისა და აშშ ისტორია გადმოცემულია დეტალურად და მხოლოდ გაკვრით და მოკლედაა მოხსენიებული აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ისტორიის ფაქტები. ეს უკანასკნელნი, ისევე როგორც ავსტრალია, როგორც წესი, არც იხსენიება იმ დრომდე, როცა დაიწყო მათი კოლონიზაცია ევროპელთა მიერ. XX საუკუნის პირველი ათწლეულებიდან ევროპელი მკვლევრები ცდილობდნენ ისტორიის ევროპოცენტრული ხედვის დაძლევას. ო. შპენგლერის "ევროპის დაისი” ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. უფრო გვიან არნოლდ ჯოზეფ ტოინბი ცდილობდა მსოფლიო ცივილიზაციის პოლიცენტრული ვერსიის ჩამოყალიბებას, მანვე ყურადღება მიაქცია არაევროპელ ისტორიკოსთა შემოქმედებას, დიალოგი ჰქონდა აზიელ კოლეგებთან, მაგალითად, იაპონელ დაისაკა იკედასთან.  

2. ოსვალდ შპენგლერი და მისი „ევროპის დაისი"    

 1918-23 წწ. გამოქვეყნდა ოსვალდ შპენგლერის (Oswald Spengler) (1880-1936) წიგნი "ევროპის დაისი” ("Der Untergang des Abendlandes"), რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და რომელიც იქცა მოვლენად ევროპულ კულტურაში. ყველაზე დიდი გავლენა შპენგლერზე, მისივე აღიარებით, გოეთესა და ნიცშეს იდეებმა იქონია. როგორც მისი შემოქმედების ერთ-ერთი მკვლევარი ჰ.ს. ჰიუზი აღნიშნავდა, გოეთესაგან შპენგლერმა აიღო მეთოდი, ნიცშესაგან კი - კითხვათა დასმის ხელოვნება. შპენგლერის აზრით, არ არსებობს ერთიანი მსოფლიო ისტორია. ამ ისტორიას ქმნის რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კულტურის სურათი, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ბედი აქვს. ”მსოფლიო ხაზოვანი ისტორიის უღიმღამო სურათის ნაცვლად, მე ვხედავ მრავალი მძლავრი კულტურის ნამდვილ სპექტაკლს, რომლებიც აღმოცენდებიან დედა-ლანდშაფტიდან და პირველყოფილი სიცხოველით ყვავიან მასზე, მკაცრად მიჯაჭვული არიან მას მთელი თავიანთი განვითარებით, თავიანთ მასალაზე - კაცობრიობაზე - სჭედენ საკუთარ ფორმას და აქვთ საკუთარი იდეა, საკუთარი სიცოცხლე, სურვილები, გრძნობები, საკუთარი აღსასრული”, - წერდა შპენგლერი. მსოფლიო ისტორია, რომელიც 6 ათას წელს მოიცავს, 8 ერთმანეთისაგან იზოლირებული, თანაბარმნიშვნელოვანი კულტურის ისტორიაა. ესენია: ჩინური, ბაბილონური, ეგვიპტური, ინდური, ანტიკური, არაბული, დასავლური და მაიას კულტურები. არსებობენ კიდევ ჩანასახოვანი კულტურები, რომლებიც არ განვითარდნენ, ვერ მომწიფდნენ (მაგალითად, ხეთური ან სპარსული კულტურები). შპენგლერმა შემოიტანა "კულტურის სულის” ცნება. მისი აზრით, ყველა კულტურას აქვს თავისი საკუთარი სული, რომელიც რეალიზდება მრავალრიცხოვან ინდივიდუალურ სიცოცხლეებში. ყოველი კულტურის სული უნიკალურია და ბოლომდე არ გამოიხატება რაციონალური საშუალებებით. ამიტომაა ესოდენ ძნელი სხვა კულტურის მატარებელი ხალხის შინაგანი სამყაროს წვდომა, მათი სიმბოლოების, გრძნობების, რწმენათა ბუნების გაგება. ყველა დიდ კულტურას ახასიათებს მსოფლშეგრძნების საიდუმლო ენა, რომელიც სრულად გასაგებია მხოლოდ იმისათვის, ვისი სულიც მთლიანად ეკუთვნის ამ კულტურას. სხვა კულტურა სხვა ენაზე „ლაპარაკობს", სხვა ადამიანებისათვის არსებობს სხვა ჭეშმარიტებები. შპენგლერი გამოყოფდა სულის რამდენიმე სახეს: აპოლონურს, მაგიურსა და ფაუსტურს, რომლებიც, შესაბამისად, საფუძვლად უდევს ბერძნულ, შუა საუკუნეების არაბულ და ევროპულ კულტურებს. ყველა კულტურა თანაბარმნიშვნელოვანია და უნიკალური; თითოეულს აქვს არა მარტო საკუთარი ხელოვნება, არამედ საკუთარი ბუნებისმეტყველება და თვით ბუნებაც კი, რადგან ბუნება ადამიანის მიერ კულტურის მეშვეობით აღიქმება. ყოველ კულტურას აქვს ისტორიის საკუთარი ტიპი, რომლითაც იგი უშუალოდ შეიგრძნობს და განიცდის ზოგადსა და კერძოს, მსოფლიო-ისტორიულსა და ბიოგრაფიულს. კულტურა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც "სულიერი ცხოვრების იდუმალი ჭაობიდან იბადება” და ცოცხალი ორგანიზმისათვის დამახასიათებელ ყველა საფეხურს გადის: ბავშვობას, სიმწიფეს, სიბერეს და სიკვდილს. კულტურა კვდება მაშინ, როცა მისი სული განახორციელებს თავის ყველა შესაძლებლობას ხალხთა, ენათა, რწმენა-წარმოდგენათა, ხელოვნებათა, სახელმწიფოთა, მეცნიერებათ სახით. დგება ცივილიზაციის ეპოქა. როგორც კი მიზანი მიღწეულია, შინაგანი შესაძლებლობები ამოწურულია, კულტურა ქვავდება, სისხლი უდედდება, ღონე ეცლება - იგი ცივილიზაციად იქცევა. ყველა კულტურას თავისი ცივილიზაცია აქვს; იგი მოსდევს კულტურას, როგორც სიკვდილი - სიცოცხლეს, გაქვავება - განვითარებას, სულიერი მოხუცებულობა და გაქვავებული მსოფლიო ქალაქი - მიწის ბატონობას და სულის ბავშვობას. ცივილიზაცია გარდაუვალი დასასრულია, ღრმა შინაგანი აუცილებლობით ამ საფეხურს აღწევს ყველა კულტურა, - წერდა შპენგლერი. ცივილიზაციად ქცეულმა კულტურამ შეიძლება კიდევ ასწლეულები იარსებოს, როგორც უღრან ტყეში გამხმარმა ხემ, რომელსაც შორს გაუწვდია თავისი უსიცოცხლო ტოტები. ასე დაემართა ეგვიპტეს, ჩინეთს, ინდოეთს, მუსლიმურ სამყაროს. ამ გოლიათივით იდგა იმპერიის ეპოქის უზარმაზარი ანტიკური ცივილიზაცია - ერთი შეხედვით, ჭაბუკური ძალით აღსავსე, და ახშობდა აღმოსავლეთის ახალგაზრდა არაბულ კულტურას. კულტურა სიცოცხლის ეტაპია, ცივილიზაცია - სიკვდილის; კულტურა სულის ბატონობაა, ცივილიზაცია - ინტელექტის; კულტურის ეტაპზე ღმერთის სიყვარულია, ცივილიზაციის საფეხურზე უღმერთობა ბატონობს; კულტურის საფეხურზე ადამიანი მიჯაჭვულია თავის საცხოვრებელ მხარეს, პატრიოტია, ცივილიზაციის საფეხურზე კი იგი მოხეტიალე კოსმოპოლიტია. ამ ეტაპზე ადამიანები მიისწრაფვიან დიდი, უსახო ქალაქებისაკენ. კულტურის ეტაპზე ადამიანის ენერგია მიმართულია შემოქმედებისაკენ, ცივილიზაციის ეტაპზე - დაპყრობისა და გაფართოებისაკენ. ცივილიზაციის ნიშანია იმპერიალიზმი, აგრეთვე პიროვნების გაუფასურება და მასაში გათქვეფა. ადამიანი კარგავს ღირებულებას და ძირითადი ფასეულობა ფული ხდება. ადამიანის ადგილს იკავებს და მას თანდათანობით იმორჩილებს მანქანა, რაც ბოლოს უღებს ყოველგვარ თავისუფლებას. კულტურა მადნით სავსე საბადოა, ცივილიზაცია კი იმ საბადოს გავს, საიდანაც მადნის მთელი მარაგი ამოღებულია. კულტურა და ცივილიზაცია - ესაა სულიერების ცოცხალი სხეული და მისი მუმია. ცხოვრების პრაქტიკულ კეთილმოწყობაში ცუდი არაფერია, მაგრამ იგი მთლიანად შთანთქავს ადამიანს და კულტურისათვის აღარ რჩება სულიერი ძალები, სულიერი ცეცხლი ქრება. "ყოველგვარი ხელოვნება მოკვდავია - არა მხოლოდ ცალკეული ქმნილებები, არამედ თავად ხელოვნებანიც. დადგება დრო, როცა არსებობას შეწყვეტს რემბრანდტის უკანასკნელი პორტრეტი და მოცარტის მუსიკის უკანასკნელი ტაქტი - თუმცა, შესაძლოა, დარჩეს ფერადი ტილო ან სანოტო ფურცელი, მაგრამ გაქრება უკანასკნელი თვალი და უკანასკნელი ყური, რომელთათვისაც მისაწვდომი იყო მათი ენა”, - წერდა შპენგლერი. საინტერესოა შპენგლერის მიერ შემოთავაზებული „ერთდროულობის”/ „თანადროულობის” ცნების ახლებური გაგება: ჩვეულებრივ, ერთდროულად ითვლება დროში პარალელურად მიმდინარე მოვლენები. შპენგლერის მიხედვით კი ერთდროულია ის ისტორიული მოვლენები, რომელთაც საკუთარ კულტურებში სავსებით შესაბამისი მნიშვნელობა აქვთ და ერთნაირ როლს ასრულებენ. მაგალითად, ანტიკურ და დასავლურ კულტურებში ერთდროულია პითაგორა და დეკარტი, პლატონი და ლაპლასი, არქიმედე და გაუსი, ყველა კულტურისათვის ერთდროულია კულტურის გადასვლა ცივილიზაციაში: ანტიკურობაში ესაა ფილიპესა და ალექსანდრეს ეპოქა, დასავლეთში - რევოლუციისა და ნაპოლეონის ეპოქა. ამ თვალსაზრისით ერთდროულია, ერთი მხრივ, სოკრატე, არისტოფანე, იზოკრატე, მეორე მხრივ - ვოლტერი, რუსო, მირაბო, ბომარშე. მათ, როგორც დაცემის ეპოქის მაუწყებელთ, ერთი და იგივე ნიშნები ახასიათებთ. რელიგიის, ხელოვნების, მეცნიერების, პოლიტიკის დიადი ქმნილებანი და ფორმები კულტურაში ერთდროულად აღმოცენდება და ერთდროულად ქრება, შინაგანი სტრუქტურებით ისინი სავსებით შეესაბამება ერთმანეთს. სულიერი ცხოვრების, ხელოვნების, პოლიტიკურ მოვლენათა ერთდროულობა შპენგლერმა წელიწადის დროთა მიხედვით განსაზღვრა. მისი აზრით, ინდოეთის კულტურის გაზაფხულს - მითოსურ პერიოდს - ანტიკურობაში შეესაბამება ჰომეროსის ოლიმპიური მითი, დასავლურ კულტურაში - გერმანული კათოლიციზმი; ინდური კულტურის ზაფხული წარმოდგენილია აზროვნების სიმწიფით, ბრამანიზმით და თავისებური რეფორმაციით; ანტიკური კულტურისა - დიონისეს კულტით, წინასოკრატელებით და პითაგორათი, არაბულისა - მონოფიზიტების გამოყოფითა და მუჰამედით; დასავლურისა - პროტესტანტიზმით, გალილეით, დეკარტით, პასკალითა და პურიტანობით. შემოდგომა ინდურ კულტურაში ვლინდება განმანათლებლობით, ანტიკურობაში - გონების ყოვლისშემძლეობის რწმენით, არაბულში - ბუნების კულტით, დასავლეთში - გონიერი რელიგიით. უკანასკნელი ეტაპია ზამთარი. ამ პერიოდში ყველა კულტურის საერთო ნიშანია საქალაქო ცივილიზაცია, სულიერი შემოქმედებითი ძალების ქრობა, ეთიკურ-პრაქტიკული რელიგიურობა. შპენგლერის აზრით, კულტურებს შინაგანი ჰერმეტულობა (ჩაკეტილობა) ახასიათებს. მათ არ ესმით ერთმანეთის. ისინი მხოლოდ დროში არსებობენ ერთმანეთის შემდეგ, მაგრამ მათ შორის არავითარი მემკვიდრეობითობა არ არის. ყოველი კულტურა თავისი სულის გამოვლენის შესაძლებლობებს მთლიანად თავისი თავში ინახავს. მკვდარი კულტურიდან არაფერი რჩება და არაფერი გადადის ახლად შექმნილ კულტურაში, მაშინაც კი, როცა მათ შორის მსგავსებაა. მაგალითად, დასავლეთის კულტურა ანტიკური კულტურის მიღწევებს თავის იდეალად თვლის, ბაძავს მას, ცდილობს მასთან დაახლოებას, მაგრამ სინამდვილეში დასავლურ სამყაროს ანტიკურობიდან მემკვიდრეობით არაფერი მიუღია. ერთი შეხედვით გვეჩვენება, თითქოს ანტიკურობამ რაღაც ტრადიცია გადასცა არაბულ კულტურას, მაგრამ ეს ასე არ არის. ანტიკური არისტოტელე, არაბული არისტოტელე და ახალი დროის არისტოტელე ერთმანეთისაგან განსხვავდება. ყოველ კულტურას არისტოტელეს საკუთარი გაგება აქვს, მაშასადამე, საკუთარი არისტოტელე ყავს. სწორედ ასევე, ანტიკურმა ადამიანმა შინაგანად ვერაფერი აითვისა ბაბილონური და ეგვიპტური კულტურებიდან, თუმცა მან მშვენივრად იცოდა ქრონოლოგია, კალენდარი და ქონდა ამწუთიერი სინამდვილის წარმავლობის გრძნობა. ამრიგად, შპენგლერის მიხედვით, ერთიანი მსოფლიო ისტორია ილუზიაა, რომელიც რაციონალიზმის შექმნილია. კულტურები იღუპება ისე, რომ არაფერს გადასცემს ერთმანეთს, ისინი აბსოლუტურად შეუღწევადია.   

კატეგორია: შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები) | დაამატა: interculture
ნანახია: 1800 | რამოტვირთვები: 285 | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: