მთავარი » ფაილები » შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები)

ლექცია 11
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (260.0 Kb) ] 07.12.2012, 17:28

ლექცია 11

ფრანც ბოასის ისტორიული სკოლა. 

კულტურული რელატივიზმის თეორია. ფუნქციონალიზმი


                  1.    ფრანც ბოასის ისტორიული სკოლა    

ევოლუციონისტებსა და დიფუზიონისტებთან კამათში ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საინტერესო მიმდინარეობა, რომელსაც "ფრანც ბოასის ისტორიულ სკოლას", ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიას, ხან კი ეთნოფსიქოლოგიურ სკოლას უწოდებენ. თავის მხრივ, იგი საფუძვლად დაედო კულტურული რელატივიზმის (ფარდობითობის) _ მსოფლიოს ყველა ხალხის კულტურის თანაბარი ღირებულების _ თეორიას. ამ მიმდინარეობას საფუძველი ჩაუყარა ფრანც ბოასმა (Franz Boas, 1858-1942), რომელიც თანამედროვე ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლად ითვლება. მას ხშირად „ამერიკული ანთროპოლოგიის მამასა" და „თანამედროვე ეთნოლოგიის არქიტექტორს" უწოდებენ. იგი დაიბადა ვესტფალიაში (ახლანდელ ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში), ქალაქ მინდენში, მდიდარ ებრაულ ოჯახში, თავდაპირველი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგისა და ბონის უნივერსიტეტებში სწავლობდა ფიზიკას, მათემატიკასა და გეოგრაფიას, 23 წლის ასაკში მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. შემდეგ იგი გერმანულ ექსპედიციას გაჰყვა არქტიკაში, ერთი წელი გაატარა ბაფინის კუნძულზე (კანადის არქტიკა), სადაც 50 გრადუსიანი ყინვის პირობებში შეაგროვა ინუიტების ლეგენდები, შეისწავლა მათი რიტუალები და ცერემონიები. 1888 წელს მან გამოსცა წიგნი ესკიმოსების შესახებ. სწორედ ამ ექსპედიციაში მონაწილეობის შედეგად იგი დაინტერესდა არადასავლური საზოგადოებების კვლევით. გერმანიაში მზარდი ანტისემიტური და ნაციონალისტური განწყობების, ასევე შეზღუდული აკადემიური შესაძლებლობების  გამო, ბოასმა შეერთებულ შტატებში გადაწყვიტა დარჩენა, დაქორწინდა და მიიღო ამერიკის მოქალაქეობა. მომდევნო წლებში მონაწილეობდა ექსპედიციებში ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, რომლის დროსაც შეისწავლა ადგილობრივ ამერიკელთა  ენები, სოციალური ორგანიზაციის ფორმები კვაკიუტლისა და ციმშიანის ადგილობრივ ტომებში. ბოასს ექვსი წიგნი და 700-ზე მეტი სტატია ეკუთვნის. მისი ნაშრომების უმრავლესობა არქტიკისა და ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროს გამოკვლევას ეხება. ბოასმა უარყო ევოლუციონისტური თეორია როგორც დაუსაბუთებელი, რომელიც არ ექვემდებარება შემოწმებას. ფ.ბოასის აზრით, ფაქტები გვიჩვენებს საგნებსა და ზნე-ჩვეულებებს მუდმივ მოძრაობაში, მაგრამ ეს აუცილებლად პროგრესის გზა არ არის. შესაძლოა, ტექნოლოგიურ პროცესებს ევოლუციური თანმიმდევრობა ახასიათებს, მაგალითად, ცეცხლის მოპოვება წინ უსწრებს მეთუნეობას, მაგრამ არ არსებობს ეთნოგრაფიული მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ მატრიარქალური გვარი წინ უსწრებს პატრიარქალურს. იმ აზრის საწინააღმდეგოდ, რომ კულტურული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეიძლება აიხსნას მხოლოდ ევოლუციის საფუძველზე, ბოასი ამტკიცებდა, რომ მათი ახსნა მხოლოდ კონკრეტულ კულტურულ კონტექსტშია შესაძლებელი. ფ. ბოასი სხვადასხვა კულტურების შესწავლისას საერთო თეორიების და სქემების გამოყენების წინააღმდეგი იყო. "ჩვენ უნდა გავიგოთ ცალკეულ კულტურათა განვითარების პროცესი, სანამ შევეცდებით დავადგინოთ მთელი კაცობრიობის კულტურის განვითარების კანონები", _ წერდა იგი. მისთვის ამოსავალი იყო თეზისი იმის შესახებ, რომ ყოველ კულტურას განვითარების საკუთარი, უნიკალური გზა აქვს. ევოლუციონისტებისაგან განსხვავებით, რომლებიც ხაზს უსვამდნენ სხვადასხვა კულტურის უნივერსალურ და მსგავს ნიშნებს, ბოასი მიუთითებდა თითოეული კულტურის თავისებურებებზე, როგორც საკუთრივ ამ კულტურის განვითარების შედეგზე. იგი საჭიროდ თვლიდა ყოველი ცალკეული კულტურის შესწავლას ისტორიულ ჭრილში; "ყოველი კულტურა, _ წერდა ფ.ბოასი, _ შეიძლება გაგებულ იქნას მხოლოდ როგორც ისტორიული მოვლენა". ბოასის მიხედვით, კულტურა არის ქცევის მოდელთა ერთობლიობა, რომელთაც ადამიანი ითვისებს ზრდისა და თავისი კულტურული როლის მიღების პროცესში. არა მხოლოდ ჩვენი ენა, არამედ ემოციებიც ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისა და იმ ხალხის ისტორიის შედეგია, რომელსაც ვეკუთვნით. ყველა კულტურული ელემენტი განხილული უნდა იყოს მხოლოდ მთლიან კულტურულ კონტექსტში, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს. სწორედ ბოასმა ჩაუყარა საფუძველი კულტურის, როგორც მთლიანობის, როგორც ერთიანი სისტემის კვლევას, რომელიც მრავალი შინაგანად დაკავშირებული, ურთიერთშეთანხმებული ნაწილისაგან შედგება. ერთი კულტურის ელემენტთა სესხება მეორის მიერ არ შეიძლება იყოს მხოლოდ მათი კონტაქტის ავტომატური შედეგი. მაშინაც კი, როცა სესხება ხდება, ნასესხები ელემენტი სხვა კულტურაში ახალ მნიშვნელობას იძენს. ფ.ბოასი თვლიდა, რომ ინდიელთა რომელიღაც ტომის კულტურა არანაკლებ რთულია, ვიდრე ამა თუ იმ ევროპული ერის კულტურა. ერთ მათგანს დამწერლობა აქვს, მეორეს _ არა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი კულტურათაშორისი განსხვავებაა. ზნეობრივ შეფასებათა "ჩვენი" კრიტერიუმები არ უნდა გადავიტანოთ სხვა ხალხებზე, რადგან ყოველ ხალხს თავისი სოციალური იდეალები და მორალური ნორმები აქვს. დიდი სიფრთხილეა საჭირო კაცობრიობის კულტურის განვითარების ზოგად კანონზომიერებათა დადგენისას; გარეგნულად მსგავსი ნიშნები შეიძლება სხვადასხვა წარმოშობისანი აღმოჩნდნენ და არსებითად განსხვავდებოდნენ კიდეც ერთმანეთისაგან. ბოასმა დაასაბუთა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ერთი რასა თავისი ბუნებით უფრო ინტელექტუალურია, დაჯილდოებულია ძალაუფლების ნებით, ან ემოციურად უფრო სტაბილურია, ვიდრე მეორე. ბოასი ამერიკის ფერადკანიანი მოსახლეობის განვითარების ნაციონალური ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. როგორც უკვე ვიცით, რომ ბოასის სახელს უკავშირდება „კულტურის სათვალის" მეტაფორის დამკვიდრება.  

  2.    კულტურული რელატივიზმის თეორია    

კულტურული რელატივიზმის თეორიის ფუძემდებლად ითვლება ამერიკელი ანთროპოლოგი მელვილ ჰერსკოვიცი (1895_1963), რომლის კონცეფცია ჩამოყალიბებულია ნაშრომში "კულტურის ანთროპოლოგია" (1948). ჰერსკოვიცი გადაჭრით დაუპირისპირდა "სამ დეტერმინიზმს": კულტურის რასისტულ თეორიებს; გეოგრაფიული დეტერმინიზმის უკიდურეს ფორმებს (კულტურის მთელი მრავალფეროვნების ახსნა მხოლოდ გეოგრაფიული გარემოთი); ეკონომიკურ დეტერმინიზმს, რომლის მიხედვით განმსაზღვრელი მნიშვნელობა მატერიალური დოვლათის წარმოების წესს ენიჭება. ჰერსკოვიცი არ ეთანხმებოდა თვითმყოფადი კულტურების განხილვას ერთიანი მსოფლიო-ისტორიული პროცესის ნაწილად, რომელსაც საერთო აღმავალი მიმართულება აქვს. ჰერსკოვიცის აზრით, არ არსებობს სხვადასხვა კულტურის განვითარების ერთიანი კანონზომიერება, რომლის ნიმუშად მიჩნეულია დასავლეთევროპული მოდელი. მსოფლიო-ისტორიული პროცესი შედგება განვითარების სხვადასხვა მიმართულების მქონე კულტურებისაგან; კულტურათა სხვადასხვა ტიპის არსებობის შესაბამისად, არსებობს პროგრესის სხვადასხვა კრიტერიუმი, ამიტომ პროგრესის ცნება ფარდობითია, სუბიექტური. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში, ტრადიციული კულტურის განვითარებას დასავლური გზით ამ კულტურის სიკვდილი, განადგურება მოსდევს. ჰერსკოვიცი განსაკუთრებით მკვეთრად აკრიტიკებდა მსოფლიო ისტორიის მორგანისეულ პერიოდიზაციას _ ველურობა, ბარბაროსობა, ცივილიზაცია, რადგან მასში "პრიმიტიული" და "ცივილიზებული" ხალხების ევროპოცენტრისტულ დაპირისპირებას ხედავდა. ყოველ კულტურას აქვს უნიკალური, მყარი ტრადიციით განსაზღვრული მოდელი, ძირეული, მხოლოდ მისთვის  ნიშანდობლივი მახასიათებელი _ "კულტურის ფოკუსი". თანამედროვე ევროპულ-ამერიკული კულტურისათვის ესაა ტექნოლოგიის განვითარება, შუა საუკუნეების ევროპისათვის _ რელიგიური იდეოლოგიის ბატონობა და სხვ. ჰერსკოვიცის აზრით, კულტურა, ერთსა და იმავე დროს, სტაბილურიცაა და ცვალებადიც. ცვლილებათა არარსებობა კულტურის სიკვდილს ნიშნავს, მეორე მხრივ კი, კულტურის მდგრადი სტრუქტურების რღვევა ნიშნავს მის დეგრადაციას, თვითმყოფადობის დაკარგვას. კულტურული გამოცდილების ათვისების პროცესს მკვლევარი ინკულტურაციას უწოდებდა. ეს მისი კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი ცნება იყო, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს სოციალიზაციის ცნებასთან. თუმცა ჰერსკოვიცი ამ ცნებას ერთმანეთისაგან განასხვავებდა და თვლიდა, რომ ინკულტურაცია _ ეს არის ინდივიდის მიერ კონკრეტული კულტურის ათვისების, ამ კულტურისათვის დამახასიათებელი აზროვნებისა და მოქმედების წესის, ქცევის მოდელის შესწავლის პროცესი, სოციალიზაცია კი საერთო-საკაცობრიო ცხოვრების წესის ათვისების პროცესია. ინკულტურაციაში მკვლევარი ორ დონეს გამოყოფდა: ბავშვობას და სიმწიფეს. პირველ დონეზე ინდივიდი მხოლოდ ითვისებს კულტურულ გამოცდილებას, იგი მოკლებულია არჩევანის ან შეფასების შესაძლებლობას. ინკულტურაციის მეორე დონის უმთავრესი ნიშანი ის არის, რომ ადამიანს უჩნდება არჩევანის და უარყოფის შესაძლებლობა. შესაძლებელია განსჯა, დისკუსია, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ცვლილებები კულტურაში. ამრიგად, ინკულტურაციის პირველი ეტაპი უზრუნველყოფს კულტურის სტაბილურობას, მეორე ეტაპი კი _ ცვლილებებს, ალტერნატიულ შესაძლებლობებს. კულტურული რელატივიზმის მთავარი იდეაა სხვადასხვა ხალხის მიერ შექმნილ კულტურულ ფასეულობათა თანასწორობის აღიარება. ეს, ცხადია, ნიშნავს ეთნოცენტრიზმისა და ევროპოცენტრიზმის პრინციპულ უარყოფას. "აღიარება იმისა, რომ სამართალს, სამართლიანობას, სილამაზეს შეიძლება იმდენივე გამოვლინება ჰქონდეს, რამდენი კულტურაც არსებობს, შემწყნარებლობის გამოვლინებაა", წერდა ჰერსკოვიცი. ჰერსკოვიცი ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო, რომელმაც გამოთქვა აზრი იმის თაობაზე, რომ საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს ადამიანის ცხოვრების ორგანიზაციას არადასავლური ტიპის კულტურებში, გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ხალხის მიღწევები (ბუნებასთან დამოკიდებულების ფილოსოფია, მედიცინის სხვადასხვა ფორმა, რომელთაც ათასწლოვანი ისტორია აქვთ, სხვა ასპექტები) თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაში. როდესაც გაეროს შექმნის შემდეგ მიმდინარეობდა მუშაობა "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე”, ჰერსკოვიცმა და მისმა ჯგუფმა განსახილველად წარადგინა დეკლარაციის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ დეკლარაციას უნდა გაეთვალისწინებინა სხვადასხვა კულტურაში უფლებისა და თავისუფლების სხვადასხვაგვარი გაგება. მართალია, ეს მოსაზრება არ იქნა გათვალისწინებული, მაგრამ მსოფლიო პროცესების შემდგომმა განვითარებამ ცხადყო ჰერსკოვიცის მოსაზრების სისწორე.

3.    ფუნქციონალიზმი  

ფუნქციონალიზმი კიდევ ერთი მიმართულება იყო, რომელიც ევოლუციონიზმისა და დიფუზიონიზმის ალტერნატივის სახით ჩამოყალიბდა. ფუნქციონალიზმი კულტურას განიხილავს მთლიანობად, რომელიც ცალკეული ელემენტებისაგან შედგება. კვლევის უმთავრესი ამოცანაა მთელის (კულტურის) შემადგენელ ნაწილებად დაშლა და მათ შორის დამოკიდებულების გამოვლენა. კულტურის თითოეულ ელემენტს გარკვეული ამოცანა, ფუნქცია აქვს. ხშირად, ცალკეული ელემენტი არა მარტო თავის ფუნქციას ასრულებს, არამედ წარმოადგენს რგოლს, რომლის გარეშე კულტურა ვერ იარსებებს როგორც მთლიანობა. ფუნქციონალისტებს ნაკლებად აინტერესებდათ კულტურათა ისტორიული ცვლილებები; მათთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ მოქმედებს კულტურა "აქ და ახლა". ფუნქციონალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ინგლისელი მკვლევარი ბრონისლავ კასპერ მალინოვსკი (Bronislav Kasper Malinowski, 1884-1942), წარმოშობით პოლონელი, დაიბადა კრაკოვში. იქვე, იაგელონის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი მათემატიკასა და ფიზიკაში. შემდეგ ორი წელი სწავლობდა ლაიპციგის უნივერსიტეტში, სადაც  დაინტერესდა ანთროპოლოგიით და გაემგზავრა ინგლისში, ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში სასწავლებლად. საველე კვლევებს აწარმოებდა პაპუასა და ტრობრიანდის კუნძულებზე. მოიპოვა დოქტორის ხარისხი ანთროპოლოგიაში. სიცოცხლის ბოლო წლებში ასწავლიდა აშშ-ში, იელის უნივერსიტეტში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ნაშრომებში "კულტურის მეცნიერული თეორია" ("A Scientific Theory of Culture", 1944) და "კულტურულ ცვლილებათა დინამიკა" ("The Dynamics of Culture Change", გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ, 1945 წელს) მან ჩამოაყალიბა ფუნქციონალიზმის თეორიული საფუძვლები. მალინოვსკის კონცეფციის საფუძველი გახდა მოთხოვნილებათა თეორია. ცხოველთა სამყაროსაგან ადამიანს განასხვავებს საბაზო/ძირითადი და მეორადი/ წარმოებული მოთხოვნილებები; ეს უკანასკნელნი კულტურული გარემოთია განპირობებული. ადამიანი ბიოლოგიური არსებაა და მისი უპირველესი ამოცანაა მარტივი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მის პროცესში ადამიანი მოიპოვებს საკვებს, სათბობს, ქმნის ტანსაცმელს, საცხოვრებელს. გარდა საბაზო (ბიოლოგიური) მოთხოვნილებებისა, არსებობს კიდევ წარმოებული, მეორადი (საკვების განაწილების, შრომის დანაწილების, თავდაცვის, რეპროდუქციის რეგულირების, სოციალური კონტროლის, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების, სოციალური ჰარმონიის, შემეცნების სისტემის, კანონების, რელიგიის, მაგიის, მითოლოგიის, ხელოვნების) მოთხოვნილებანი, რომელთა დაკმაყოფილებას ემსახურება კულტურა. კულტურის თითოეულ ასპექტს თავისი ფუნქცია აქვს. კულტურას არ აქვს ზედმეტი და უსარგებლო ელემენტები. თუ კულტურის რომელიმე ელემენტს მოვსპობთ (მაგალითად, ავკრძალავთ ჩვენი აზრით მავნე რიტუალს), შეიძლება, მთელი ეთნოკულტურული სისტემა და, შესაბამისად, მასში მცხოვრები ხალხი დეგრადაციისა და დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. მკვლევარი მკაცრად აკრიტიკებდა ტაილორის "გადმონაშთების თეორიას", რომელიც ამა თუ იმ მოვლენას, მისი აზრისა და ფუნქციის ძიების ნაცვლად, დრომოჭმულ გადმონაშთად აცხადებდა. მალინოვსკი ხშირად მოიხსენიება როგორც პირველი მკვლევარი, რომელმაც „ანთროპოლოგია ვერანდიდან ველზე გადაიტანა". მისი წინამორბედი ანთროპოლოგები საველე სამუშაოს ინტერვიუს სახით აწარმოებდნენ და არ იყვნენ ჩართული მათი კვლევის ობიექტების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მალინოვსკი ხაზს უსვამდა დეტალური, "ჩართული დაკვირვების” ("involved partisipant observation”) მნიშვნელობას და ამტკიცებდა, რომ მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი დროის მანძილზე მკვლევარმა უნდა იცხოვროს იმ საზოგადოებაში, რომლის კულტურასაც იკვლევს, მაქსიმალურად ეცადოს ამ საზოგადოებაში ინტეგრირებას. ამისათვის აუცილებელია, იგი დაეუფლოს ადგილობრივ ენას, რათა კომუნიკაცია ამ ენაზე მიმდინარეობდეს. ეს მეთოდი კულტურის "შიგნიდან” დანახვის საშუალებას იძლევა. ანთროპოლოგებს ყოველდღიური კონტაქტი უნდა ჰქონდეთ თავიანთ ინფორმანტებთან იმისათვის, რომ ადეკვატურად აღწერონ "ყოველდღიური ცხოვრების შეუმჩნეველ ნიუანსები”, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია უცხო კულტურის გასაგებად. მალინოვსკის მტკიცება იმის შესახებ, რომ ეთნოგრაფი უნდა ეცადოს, რომ საგნები და მოვლენები დაინახოს "ადგილობრივების თვალთახედვით”, მისი დროისათვის სრულიად უჩვეულო იყო. ფუნქციონალისტები არ იზიარებდნენ კულტურების ევოლუციონისტურ შეფასებას (უფრო მაღალგანვითარებული - "უკეთესი") და მხარს არ უჭერდნენ მათ თეორიას ყველა კულტურის აუცილებელი სტადიური განვითარების შესახებ, ევროპული ცივილიზაციის ეტალონის შესაბამისად. მათ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ტრადიციულ და თანამედროვე კულტურათა ურთიერთქმედების პრობლემის დასმა და მისი სირთულის ჩვენება.  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო კულტურათა სხვა, ევროპელისათვის უჩვეულო ტიპების გაგების, კულტურის "შიგნიდან" შესწავლის, სხვა კულტურულ ფასეულობათა გააზრების მცდელობა. კულტურის ფუნქციონალისტურ თეორიათა  თავისებურებას წარმოადგენდა კვლევათა პრაქტიკული მიზანმიმართულება. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები ცდილობდნენ რეკომენდაციების შემუშავებას აქტუალური პოლიტიკური ამოცანების (განსაკუთრებით - ბრიტანეთის კოლონიებში) გადასაწყვეტად. პირველ რიგში, ეს იყო იმ ტერიტორიათა მმართველობის პრობლემა, სადაც ტრადიციული კულტურები დომინირებდა. ფუნქციონალისტთა გარკვეული ზეგავლენით შემუშავდა "არაპირდაპირი" მმართველობის კონცეფცია - მართვა ხელისუფლების ტრადიციულ ინსტიტუტებსა და ჩამოყალიბებულ სოციალურ სტრუქტურაზე დაყრდნობით. 



კატეგორია: შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები) | დაამატა: interculture
ნანახია: 1640 | რამოტვირთვები: 307 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 natia  
0
leqcia 11 -s qvemoda ,,serveridan gadmotvirtva" rom weria mand shedi da gadmotvirtav, ise ar xsnis :*

1 nino pangani  
0
ar mixsnis am fails da rato ar machveneb leqcias ro davakopiro? :((

სახელი *:
Email *:
კოდი *: