ლექცია 12 ლოკალურ ცივილიზაციათა თეორია
ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსის არნოლდ
ჯოზეფ
ტოინბის (Arnold Joseph Toynbee)
(1889-1975) ნააზრევი ლოკალური ცივილიზაციების თეორიის კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს. ა. ტოინბის 30 წლიანი მუშაობის შედეგია ცნობილი ფუნდამენტური ნაშრომი, მრავალტომიანი "ისტორიის
კვლევა”
("A Study of History”) (1934-1961).
მასვე ეკუთვნის მრავალი სხვა საინტერესო გამოკვლევა.
ტოინბის აზრით, ცივილიზაციები დიდი საზოგადოებებია,
რომელთა ფარგლებში მოქცეულია გარკვეული
ნიშნებით ერთმანეთის მსგავსი უფრო მცირე საზოგადოებები.
ასეთ დიდი საზოგადოებებად იგი ასახელებდა, მაგალითად, აღმოსავლურ-ქრისტიანულ, დასავლურ, მუსლიმურ თუ სხვა ცივილიზაციებს, რომლებიც ერთმანეთის მსგავს საზოგადოებებს მოიცავს.
ტოინბი ერთმანეთისაგან განასხვავებს ცივილიზებულ და პრიმიტიულ საზოგადოებებს. ამ უკანასკნელთ შედარებით ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ, გეოგრაფიულად უფრო მცირე არეალს მოიცავენ და დემოგრაფიულად მცირერიცხოვანნი არიან. ტოინბიმ გამოყო 650 პრიმიტიული საზოგადოება და 21 ცივილიზაცია: 7 ცოცხალი და 14 მკვდარი. ტოინბის აზრით, საზოგადოება ცივილიზაციად მხოლოდ მაშინ ყალიბდება, თუ იგი
ახერხებს გარემოს უპირობო გავლენისაგან თავის დაღწევას.
როგორ ჩნდება ცივილიზაციები? ტოინბის აზრით,
ცივილიზაციათა წარმოშობის ახსნა შეუძლებელია რასობრივი ფაქტორით ან გეოგრაფიული გარემოთი. მას საფუძვლად უდევს "გამოწვევა-პასუხის” ურთიერთქმედება. გამოწვევა - ეს არის ბუნებრივი ან სოციალური
გარემოდან მომდინარე პრობლემა, რომლის მოგვარების გარეშე საზოგადოების წარმატებული
და სტაბილური განვითარება შეუძლებელია. მაგალითად, ძველეგვიპტური ცივილიზაციის
წარმოშობამდე ნილოსის ხეობაში არსებულ პრიმიტიულ საზოგადოებებს მუდმივად უხდებოდათ
სეზონურად ადიდებული მდინარის გამოწვევაზე პასუხის მოძებნა, რათა არსებობა
შეენარჩუნებინათ. მათ შეძლეს სარწყავი სისტემის შექმნის გზით ამ ამოცანის გადაჭრა,
რითაც საფუძველი ჩაუყარეს ეგვიპტურ ცივილიზაციას, რომლის შემადგენლობაში მოექცა იქ
ადრე არსებული პრიმიტიული საზოგადოებები.
შეიძლება, ცივილიზაცია მეორე გზითაც
წარმოიშვას - წინამორბედი ცივილიზაციისაგან, რომელმაც დაკარგა ახალ გამოწვევებზე
პასუხის მოძებნის უნარი და დაცემის გზას დაადგა. მაგალითად, ანტიკურმა ცივილიზაციამ,
თავისი განვითარების ბოლო ეტაპზე - რომის იმპერიის ხანაში, ვეღარ შეძლო ადეკვატური
პასუხის მოძებნა მომთაბარეთა შემოსევების გამოწვევისათვის და დაცემის გზას დაადგა,
თუმცა დასაბამი მისცა ორ „შვილ" ცივილიზაციას - დასავლეთ ქრისტიანულსა (დასავლეთ
რომის იმპერია) და აღმოსავლურ ქრისტიანულს (ბიზანტია).
როგორც ვხედავთ, შპენგლერისაგან
განსხვავებით, ტოინბი არ მიიჩნევდა, რომ ცივილიზაცია არაფერს იღებს წინამორბედი
ცივილიზაციისაგან და არაფერს გადასცემს მომდევნოს. იგი აღნიშნავდა, რომ
კაცობრიობის ისტორია იცნობს ორივე ვარიანტს: 1) როცა ცივილიზაცია ქრება მემკვიდრის
გარეშე (მაგალითად, ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია); 2) როცა იგი ერთ ან მეტ
მემკვიდრეს ტოვებს (მაგალითად, ანტიკური ცივილიზაცია). ეს უკანასკნელი შემთხვევა
შეიძლება მშობლისა და შვილის ურთიერთობას შევადაროთ: შვილი მშობლის წიაღში ისახება
და ვითარდება, შემდეგ ტოვებს მშობლის სხეულს და იწყებს დამოუკიდებელ არსებობას.
თავდაპირველად იგი ძალიან გავს მშობელს და მის გარეშე არსებობა არ შეუძლია, მერე
თანდათანობით იზრდება, მშობლისაგან სულ უფრო დამოუკიდებელი და განსხვავებული ხდება.
საბოლოოდ, მშობელი წყვეტს არსებობას, ხოლო ახალი, მემკვიდრე ცივილიზაცია (ან
ცივილიზაციები) არსებობას განაგრძობს მანამ, სანამ იგი ახერხებს ახალ-ახალ
გამოწვევებზე წარმატებული პასუხების მოძებნას.
ტოინბი აღნიშნავდა, რომ ცივილიზაციის
გაჩენის შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ მაშინ, თუ გამოწვევა არ არის არც მეტისმეტად
მკაცრი და არც მეტისმეტად მსუბუქი. თუ იგი ზედმეტად მკაცრია, მაშინ საზოგადოების
მთელი ძალისხმევა მხოლოდ არსებობის შენარჩუნებას ხმარდება და აღარ რჩება
შემოქმედებითი განვითარების შესაძლებლობა. მეტისმეტად მსუბუქი გამოწვევა ასევე არ
უბიძგებს შემოქმედებით აქტივობას.
ცივილიზაცია შედგება შემოქმედებითი უმცირესობისა და უმრავლესობისაგან, რომელსაც ტოინბი პროლეტარიატს უწოდებდა. იგი მიყვება უმცირესობის მიერ გაკვალულ გზას.
რა იწვევს ცივილიზაციის დაქვეითებასა და დაღუპვას? ტოინბის აზრით, ის არ შეიძლება მიეწეროს კოსმოსურ მიზეზებს, გეოგრაფიულ ფაქტორს, რასობრივ გადაგვარებას თუ გარეშე მტრის შემოსევას ცალ-ცალკე, არც ტექნიკისა და ტექნოლოგიის დაქვეითებას, რომელიც ცივილიზაციის კვდომის შედეგია და არა მიზეზი. ტოინბის მიხედვით, ცივილიზაციის დაცემა შედგება
ბზარის გაჩენის, დაშლისა და დაღუპვის საფეხურებისაგან. პირველსა და ბოლოს შორის ზოგჯერ ასწლეულები და ათასწლეულებიც კი გაივლის. მაგალითად, ეგვიპტურ ცივილიზაციას ბზარი გაუჩნდა ძვ.წ. XVI საუკუნეში, მაგრამ მან არსებობა მხოლოდ ახ.წ. V საუკუნეში შეწყვიტა. მათ შორის იყო 2000 წლიანი გაქვავებული არსებობის პერიოდი.
ს.ჰანთინგტონი: ცივილიზაციათა შეჯახების თეორია
ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა სამუელ
ჰანთინგტონმა 1993
წელს გამოაქვეყნა
სტატია "ცივილიზაციათა შეჯახება?”, რომელსაც მოჰყვა მისი სხვა ნაშრომები და მონოგრაფია "ცივილიზაციათა შეჯახება და მსოფლიო წესრიგის შეცვლა” (1996).
ს.ჰანთინგტონის აღნიშნულ ნაშრომებს უკავშირდება ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიის მიმართ ყურადღების გამოცოცხლება.
ს.ჰანთინგტონის თეორიის თანახმად, "ცივი ომის” დამთავრების შემდეგ, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მსოფლიოს სახეს განსაზღვრავს 7-8 დიდი ცივილიზაციის ურთიერთობის პროცესი. ცივილიზაციური იდენტობა, და არა იდეოლოგია ან ეკონომიკა (როგორც ადრე), საფუძვლად ედება კაცობრიობის გამყოფ უმნიშვნელოვანეს საზღვრებს და იქცევა კონფლიქტების ძირითად წყაროდ მომავალ მსოფლიოში. ცივილიზაციას ჰანთინგტონი განსაზღვრავს როგორც უმაღლესი რანგის კულტურულ ერთობას, ადამიანთა კულტურული იდენტობის ყველაზე ვრცელ დონეს. მომდევნო დონეს შეადგენს უკვე ის, რაც განასხვავებს ადამიანთა მოდგმას ცოცხალ არსებათა სხვა სახეობებისაგან. ცივილიზაცია განისაზღვრება ობიექტური ხასიათის სხვადასხვა ნიშნის (ენა, ისტორია, რელიგია, ზნე-ჩვეულებანი, ინსტიტუტები) არსებობით, აგრეთვე ადამიანთა სუბიექტური თვითიდენტიფიკაციით. ს.ჰანთინგტონი მიუთითებს ფაქტორებზე, რომლებმაც განაპირობა ცივილიზაციური იდენტობის როლის ზრდა. მათგან უმთავრესად მიჩნეულია ის, რომ "ცივი ომის” დამთავრებასთან ერთად დასრულდა საერთაშორისო პოლიტიკის განვითარების დასავლური ფაზა; წინ წამოიწია ურთიერთობამ დასავლურ და არადასავლურ ცივილიზაციებს შორის. ეს უკანასკნელნი აღარ კმაყოფილდებიან ისტორიის ობიექტის როლით, რომელსაც ტრადიციულად ასრულებდნენ, არამედ, დასავლეთის მსგავსად, თავად ქმნიან და წარმართავენ საკუთარ ისტორიას. იდეოლოგიის "რკინის ფარდა” კულტურის "ხავერდის ფარდამ” შეცვალა.
მეცნიერის დასკვნით, უახლოეს
მომავალში
არ ჩამოყალიბდება ერთიანი უნივერსალური ცივილიზაცია (თუმცა დასავლეთში ბევრმა ირწმუნა დასავლურ ფასეულობათა უნივერსალურობა და მათ საფუძველზე მსოფლიოს გაერთგვაროვნების პერსპექტივა), თითოეულ ცივილიზაციას მოუწევს სხვებთან თანაარსებობა, და როგორც დღევანდელი გამოცდილება გვიჩვენებს, ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტები სწორედ ცივილიზაციათა გამყოფ მიჯნებზე წარმოიშობა.
ს.ჰანთინგტონის კონცეფციას
დისკუსიათა
მთელი ტალღა მოჰყვა. მიუხედავად სერიოზული კრიტიკისა და არაერთი მკაცრი შეფასებისა, ამ დისკუსიამ გამოაცოცხლა ყურადღება ცივილიზაციათა თეორიისადმი და უბიძგა მსოფლიოს ცივილიზაციური ხედვის ახალი ვერსიების ჩამოყალიბებას.
|