მთავარი » ფაილები » შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები) |
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (182.0 Kb) ] | 03.10.2012, 23:29 |
კულტურის ცნების განსაზღვრება (რა არის კულტურა?) "კულტურა” ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული. ტერმინი "კულტურა” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან cultura, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად ედო ზმნა colere. ამ უკანასკნელს მრავალი მნიშვნელობა ჰქონდა: დასახლება, კულტივირება, მფარველობა, თაყვანისცემა და სხვ. ზოგიერთი მათგანი შემდგომში დამოუკიდებელ ტერმინად ჩამოყალიბდა, მაგალითად, "დასახლება” _ colonus – კოლონია, "თაყვანისცემა” _ cultus – კულტი. ლათინურ ენაში cultura, ძირითადად, მიწის დამუშავების მნიშვნელობით იხმარებოდა, თუმცა უკვე კლასიკურ ლათინურში გვხვდება მისი გამოყენება აღზრდის, გონების სრულყოფის, გონებრივი შრომის მნიშვნელობითაც. ანტიკურ ეპოქაში ჩამოყალიბდა წარმოდგენა გარემომცველი სამყაროს ორ სფეროზე: ბუნება – ნატურა – ანუ ის, რაც შეიქმნა და ვითარდება ადამიანისაგან დამოუკიდებლად, და კულტურა – მეორე ბუნება, რომელიც შექმნილი ან გარდაქმნილია ადამიანის მიერ. თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი "კულტურა” XVII საუკუნიდან იხმარება. მიჩნეულია, რომ დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულის სახით იგი პირველად გამოიყენა გერმანელმა იურისტმა და ისტორიკოსმა სამუელ პუფენდორფმა (1632-1694), რომელიც კულტურას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას უპირისპირებდა. ამერიკელი სოციოლოგების ალფრედ კროებერისა და კლაიდ კლაკჰონის მიერ 1952 წ. ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 1871 წლიდან, როცა ცნობილმა ინგლისელმა მეცნიერმა ე.ბ.ტაილორმა კულტურის ცნების პირველი მეცნიერული განსაზღვრება ჩამოაყალიბა, 1919 წლამდე ამ ცნების სულ 7 დეფინიცია იყო შემოთავაზებული; 1920-დან 1950 წლამდე კი მათ სხვადასხვა ავტორთან იგივე ცნების 157 განსაზღვრება დათვალეს. 1963 წელს კროებერმა და კლაკჰონმა ხელახლა გამოსცეს თავიანთი ნაშრომი. ამჯერად დეფინიციათა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, რადგან პირველი გამოცემიდან გასული ათი წლის განმავლობაში გაჩნდა კულტურის ცნების ახალი განსაზღვრებანი. კულტურის განსაზღვრებათა ეს მიმოხილვა ყველაზე სრული იყო იმჟამად არსებულთაგან, თუმცა ავტორები, ძირითადად, ინგლისურ-ამერიკულ ლიტერატურაში არსებული მიდგომებით იფარგლებოდნენ და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გერმანულ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში არსებულ მრავალფეროვან განსაზღვრებებსა და კონცეფციებს. კულტურის ფენომენი სხვადასხვა მეცნიერების შესწავლის ობიექტია. თითოეულ მათგანს იგი „საკუთარი" კუთხით აინტერესებს, ამდენად, განსაზღვრებათა სიმრავლე სრულიად ბუნებრივია. და მაინც, როგორც შეიძლება განვმარტოთ კულტურა? ადამიანი - ჰომო საპიენსი (homo sapiens) - ცოცხალ არსებათა განსაკუთრებული სახეობაა. რა განასხვავებს ადამიანს ყველა დანარჩენი ბიოლოგიური სახეობისაგან? ადამიანებს ბევრი უნიკალური თვისება აქვთ, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული მახასიათებელი ისაა, რომ ჩვენთვის სამყარო სიმბოლოებით არის დატვირთული. რას ნიშნავს ეს? წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი და შველი ვეფხვის პირისპირ აღმოჩნდნენ. როგორ მოიქცევიან ისინი? ცხადია, ერთნაირად - შეეცდებიან გაქცევით უშველონ თავს, რადგან ვეფხვი ორივესათვის მტაცებელია, რომელიც მათ სიცოცხლეს ემუქრება. მაგრამ შვლისათვის ვეფხვის „მნიშვნელობა" ამით და მხოლოდ ამით ამოიწურება, ადამიანისათვის კი ვეფხვი, გარდა ამისა, სიძლიერის, სიმამაცის, სილამაზის განსახიერებაცაა, სიმბოლოა. ამიტომ ვეფხვის სახელს არქმევენ ბავშვებს (ქართული სახელი ვეფხია, გოლფის ჩემპიონი თაიგერ (ინგლისურად ვეფხვს ნიშნავს) ვუდსი), გამოსახავენ დროშებზე, ეთაყვანებიან და წმინდა ცხოველად აღიარებენ, იყენებენ საფირმო ნიშნად და ა.შ. ერთი სიტყვით, ადამიანისთვის ვეფხვი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ დიდი, ზოლებიანი, სახიფათო კატა. ამგვარი სიმბოლიკა ახლავს ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს ყველა შემადგენელ ნაწილს – მცენარეებს, მთებს, მდინარეებს, გარდა ამისა კი – ფერებს, რიცხვებს, სხეულის ნაწილებს, მოძრაობებს... სიმბოლოა ასო-ბგერა, სიტყვა, ნოტი, საგზაო ნიშანი, ციფრი. სიმბოლოები ერთგვარი ორიენტირებია, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობას უადვილებს და, ზოგადად, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებას. სიმბოლოებს კონკრეტული, შეთანხმებული მნიშვნელობა აქვთ კონკრეტული კულტურის მატარებელი ხალხისათვის. ადამიანებს ბევრი უნიკალური თვისება აქვთ, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული მახასიათებელი, ალბათ, არის საგნებისა და მოვლენების სიმბოლიზაციის, აგრეთვე ამ სიმბოლოთა გამოყენების უნარი. სიმბოლიზაციის - შესაბამისად, კულტურის სწავლის - უნარი მხოლოდ ადამიანს აქვს. ამით იგი ყველა დანარჩენი ცოცხალი არსებისაგან განსხვავდება. სწორედ ამიტომ, კულტუროლოგიის ფუძემდებელმა, ამერიკელმა მეცნიერმა ლესლი უაიტმა კულტურის შემდეგი განმარტება შემოგვთავაზა: კულტურა - ეს არის საგნებისა და მოვლენების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელ სიმბოლიზაციის უნართან. ამრიგად, ყველაზე ფართო მნიშვნელობით, კულტურის ცნება ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებას ყველა სხვა ბიოლოგიური არსებისაგან. კულტურაში იგულისხმება არა ცალკეული შემოქმედებითი აქტი (მხატვრობა, ქანდაკება, ლიტერატურა, ფოლკლორი, იარაღის დამზადება), არამედ მთლანად შემოქმედება, როგორც ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი, რომლის მეშვეობით იგი ქმნის "ახალ სამყაროს” და საკუთარ თავს. თითოეული კულტურა განუმეორებელი სამყაროა, რომლის შიგნით არსებობს ადამიანის (ადამიანთა) სწორედ ამგვარი დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისა და საკუთარი თავისადმი. მიჩნეულია, რომ კულტურის ცნების პირველი მეცნიერული განსაზღვრება ედუარდ ბერნეტ ტაილორს ეკუთვნის: "კულტურა ანუ ცივილიზაცია, ფართო ეთნოგრაფიული აზრით, შედგება ცოდნის, რწმენა-წარმოდგენების, ხელოვნების, ზნეობის, კანონების, ზნე-ჩვეულებებისა და ზოგი სხვა უნარ-ჩვევისაგან, რომლებიც შეძენილია ადამიანის როგორც საზოგადოების წევრის მიერ”. როგორც ვხედავთ, ტაილორი არა მხოლოდ ჩამოთვლის კულტურის შემადგენელ ელემენტებს, არამედ ხაზს უსვამს მის არაბიოლოგიურ, სოციალურ ბუნებას. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელმა სოციოლოგებმა ა. კროებერმა და კ. კლაკჰონმა დათვალეს ინგლისურენოვან ლიტერატურაში არსებული განსაზღვრებები, რომელთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. გარდა ამისა, მათ დააჯგუფეს ეს განსაზღვრებები 6 ბლოკად: აღწერილობით, ისტორიულ, ნორმატიულ, ფსიქოლოგიურ, ნორმატიულ და გენეტიკურ განსაზღვრებებად. 10 წლის შემდეგ მათ გაიმეორეს განსაზღვრებათა დათვლის მცდელობა, ამჯერად დეფინიციათა რიცხვი 400-ს აღწევდა. თავად კ. კლაკჰონმა ნაშრომში "სარკე ადამიანისათვის” კულტურის 12 სხარტი, ლაკონური განსაზღვრება შემოგვთავაზა: კულტურა - ეს არის Ø "ხალხის ცხოვრების განზოგადებული წესი”; Ø "სოციალური მემკვიდრეობა, რომელსაც ინდივიდი იღებს თავისი ჯგუფისაგან”; Ø "აზრთა, გრძნობათა და რწმენა-წარმოდგენათა სახე”; Ø "ქცევის აბსტრაქცია”; Ø "ადამიანთა ჯგუფის ქცევის ანთროპოლოგთა მიერ შექმნილი ვერსია”; Ø "კოლექტიური ცოდნის საგანძური”; Ø "განმეორებად პრობლემებში ორიენტაციის ხერხების სტანდარტული ნაკრები”; Ø "შესწავლადი ქცევა”; Ø "მექანიზმი ქცევის ნორმატიული რეგულირებისათვის”; Ø "გარემოსა და სხვა ადამიანებთან შეგუების ხერხების ერთობლიობა”; Ø "ნალექი, რომელსაც ტოვებს ისტორია”; Ø "რუკა, მატრიცა”. გავეცნოთ კულტურის კიდევ რამდენიმე ცნობილ განსაზღვრებას. კულტურა ნიშნავს იცოდე ყოველივე საუკეთესო, რაც თქმულა და რაც გაფიქრებულა ქვეყანაზე (მეთიუ არნოლდი, ინგლისელი პოეტი და კრიტიკოსი) კულტურა ყველაფერია. იგი არ არის მხოლოდ წიგნების წერა და სახლების შენება. კულტურაა ის, თუ როგორ ვიცვამთ, როგორ გვიჭირავს თავი, როგორ დავდივართ, როგორ ვიკეთებთ ჰალსტუხს... (აიმე ცეზარი, მარტინიკელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი) კულტურა განსაკუთრებული ცოდნის ერთობლიობაა, რომელიც თავს იყრის ერთ საერთო ოჯახში და მისი თითოეული წევრის საკუთრებას წარმოადგენს (ალდას ჰაქსლი, ინგლისელი ნოველისტი, ესეისტი და კრიტიკოსი) უხეშად რომ ვთქვათ, კულტურაა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, და რასაც მაიმუნები არ აკეთებენ (ლორდ რაგლანი, ბრიტანელი სამხედრო მოღვაწე) თევზი მხოლოდ წყლის გარეშე გრძნობს, რომ იგი მისთვის აუცილებელია. ჩვენი კულტურაც წყალივითაა. ჩვენ მისით ვსაზრდოობთ, ვცხოვრობთ და ვსუნთქავთ მისი მეშვეობით (ფონს ტრომპენაარსი, თანამედროვე ჰოლანდიელი მეცნიერი, კულტურის ფსიქოლოგიის მკვლევარი) საქართველოში სიტყვა „კულტურა"მე-19 საუკუნიდან გავრცელდა ჯერ მწერლებისა და მეცნიერთა წრეებში, მოგვიანებით კი ყოფით ლექსიკონშიც დამკვიდრდა. თუმცა კულტურის, როგორც ბუნებისაგან განსხვავებული სინამდვილის, გაგება უფრო ადრეც არსებობდა. მაგალითად, ვახუშტი ბაგრატიონი საქართველოს შესახებ წერდა: „გარნა არს ქუეყანა შუენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ და არა ხელოვნებითა კაცთა". სწორედ „ხელოვნებითა კაცთა" შექმნილი სინამდვილე, „ღვთისა მიერი"-საგან განსხვავებით, გახლავთ კულტურა. არსებობენ მეტად ან ნაკლებად კულტურული ადამიანები? XIX საუკუნის ევროპაში თვლიდნენ, რომ ადამიანები მეტად ან ნაკლებად კულტურული არიან. ამგვარი შეხედულება დღესაც არის გავრცელებული: ადამიანი, რომელიც ოპერაში დადის, შამპანურს მიირთმევს და მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს, უფრო „კულტურულია”, ვიდრე ის, ვინც ფეხბურთის მატჩს უყურებს, ლუდს სვამს და ბულვარულ პრესას ეცნობა. ადამიანის „მეტად კულტურულად" აღქმას საფუძვლად უდევს წარმოდგენა, რომ იგი მიეკუთვნება მაღალ სოციალურ ფენას, შესაბამისად, უფრო განათლებულია, აქვს დახვეწილი გემოვნება და მანერები. კულტურის ასეთი გაგება შეიძლება გავრცელებული იყოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეცნიერები კი თვლიან, რომ „კულტურულობა" არ განისაზღვრება სოციალური მდგომარეობით, განათლების დონით ან გემოვნებით. მოდი, ვნახოთ, რამდენად მართებულია საუბარი „მაღალ" და „დაბალ", „ჩამორჩენილ" და „განვითარებულ", „კარგ" და „ცუდ" კულტურებზე. ცნობილი ამერიკელი ანთროპოლოგი ფრანც ბოასი (1858-1942) ამბობდა, რომ თითოეული ჩვენგანი „კულტურის სათვალეს” ატარებს, რომლის მეშვეობით აღვიქვამთ გარემომცველ სამყაროს და ვსაზღვრავთ ჩვენს მოქმედებებს. ამ სათვალით „ვხედავთ" სხვა კულტურებს, გაუცნობიერებლად, ვადარებთ მათ ჩვენსას და ვსაზღვრავთ, რა არის „კარგი" და „ცუდი". სხვაგვარად რომ ვთქვათ, სხვა კულტურას ჩვენი კულტურის მეშვეობით აღვიქვამთ. ჩვენი კულტურის თავისებურებები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორც ვხედავთ მას. კულტურა, როგორც სათვალე, განაპირობებს ჩვენს მიერ სამყაროს ხედვას. ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ კულტურა განსაზღვრავს, ერთი შეხედვით, „ბუნებრივ" რეაქციებსაც კი; მაგალითად, კვება კულტურის რთული სისტემის ნაწილია. ის არ არის მხოლოდ შიმშილის დაკმაყოფილებისაკენ მიმართული ქმედება, არამედ ასევე გამოხატავს ჩვენს მიერ შეთვისებულ ცოდნას სამყაროს შესახებ. ყველა კულტურა უნიკალური და თავისებურია. ენა და ჟესტიკულაცია, რელიგია და სოციალური ურთიერთობები, საქორწინო და ოჯახური ტრადიციები, საკვები და დასვენება-გართობის ფორმები, სამუშაო და მმართველობა, განათლება, საკომუნიკაციო და ეკონომიური სისტემები, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ტექნიკური საშუალებები და ტექნოლოგიები გარემო პირობებისა და სხვა კულტურებთან ურთიერთობის გავლენით ყალიბდება. არ არსებობს უნივერსალური საზომი, რომლითაც შეფასდებოდა კულტურის განვითარების დონე და მისი მნიშვნელობა. როცა სხვა კულტურის ხალხს აკვირდები, ზოგი რამ - მაგალითად, ჩაცმულობა, მისალმების წესი და სხვ. - აშკარად გხვდება თვალში, ზოგი - ნაკლებად, ზოგი კი საერთოდ შეუმჩნეველი გრჩება. მოდით, კულტურა აისბერგის სახით წარმოვიდგინოთ. აისბერგის მოდელი თვალნათლივ წარმოგვიდგენს კულტურის რთულ და მრავალფეროვან ხასიათს. აისბერგის მხოლოდ მცირე ნაწილი (1/8) ჩანს წყლის ზემოთ, წყლის ქვეშ კი უფრო დიდი, უხილავი ნაწილია დაფარული. კულტურის ის ელემენტები, რომელიც ერთი შეხედვითაც თვალშისაცემია, შეიძლება შევადაროთ აისბერგის ზედა ნაწილს, მაგალითად, ენა, არქიტექტურა, რიტუალები, ანბანი, ხელოვნება, საკვები, სამზარეულო, სამოსი, მუსიკა, ავეჯი, სამკაული და ა.შ. კულტურის ძირითადი, ფუნდამენტური ელემენტები კი უხილავ ნაწილში ექცევა, ესენია ნორმები, ფასეულობები, მსოფლმხედველობა, რომლებიც ქმნიან საფუძველს კულტურის „ხილული" ნაწილისათვის. შესაძლოა, ჩვენ ვიცნობდეთ „ხილულ" ელემენტებს, თუმცა, ამა თუ იმ კულტურასთან შეხვედრის საწყის ეტაპზე, ვერ შევიცნობთ ფუნდამენტურ ელემენტებს, რომლებიდანაც ხილული ნაწილი მომდინარეობს. „კულტურის სათვალისა" და „აისბერგის" მეტაფორების გააზრება გვეხმარება კულტურის (განსაკუთრებით - სხვა კულტურათა) შესახებ ზედაპირული დასკვნების თავიდან აცილებაში. | |
ნანახია: 1306 | რამოტვირთვები: 188 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარები: 1 | |
| |