მთავარი » ფაილები » შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები)

ლექცია 3
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (77.0 Kb) ] 10.10.2012, 15:18

აქვთ თუ არა ცხოველებს კულტურა?

 ენა. ადამიანი „ენის ტყვეობაში"

 

დედამიწაზე არსებული 10 მილიონზე მეტი ბიოლოგიური სახეობიდან ზოგიერთი უფრო ახლოს დგას  ადამიანთან, ვიდრე სხვა. მაგალითად, როგორც უკვე ვიცით, ჩვენ დნმ-ის 40% საერთო გვაქვს მატლთან, 60% – ქათამთან, 80% – თაგვთან, და თითქმის 95%-ზე მეტი – ადამიანის მსგავს მაიმუნებთან.

ადამიანებს მსგავს მაიმუნებს შორის ადამიანისგან ყველაზე დაშორებული ორანგუტანგია, მასთან დნმ-ს მხოლოდ 96,4% გვაქვს საერთო; შემდეგ მოდის გორილა, რომელთანაც დნმ-ს 97,7% ვიზიარებთ; და ბოლოს, შიმპანზეებთან ეს მაჩვენებელი 98,4% აღწევს.

ამრიგად, ბიოლოგიურად ჩვენი უახლოესი ნათესავები ადამიანის მსგავსი მაიმუნები არიან. მანამდეც, სანამ მეცნიერებისათვის დნმ-ის შესახებ გახდებოდა ცნობილი, ადამიანმა იცოდა, რომ ადამიანის მსგავსი მაიმუნები ძალიან გვგავდნენ, მათ ბევრი რამ შეეძლოთ გაეკეთებინათ ისე, როგორც ჩვენ, ხან კი - უკეთაც. ექპერიმენტებმა ცხადყო, რომ მათი მყისიერი/ხანმოკლე მეხსიერება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადამიანის, საგანგებო წვრთნის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გაიგონ ასობით სიტყვის მნიშვნელობა, ახერხებენ უფრო რთული იარაღების გამოყენებას, ვიდრე გვეგონა.

ერთი შეხედვით, მაიმუნებისაგან ყველაზე მეტად გარეგნობით განვსხვავდებით. მაგრამ ადამიანისა და შიმპანზეს 5 თვის ემბრიონის გარჩევა ძალიან რთულია, მათი ჩონჩხი და გულისცემაც კი სრულიად ერთნაირია. დაბადების შემდეგაც ახალშობილები მსგავსი არიან. პატარა შიმპანზეს სხეული დაახლოებით 5 მილიონი ღერი თმით არის დაფარული. თუ ახალშობილ ბავშვს  დავაკვირდებით, მის სხეულზეც შევამჩნევთ თმებს და, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი რაოდენობაც ისეთივეა, როგორც შიმპანზის, უბრალოდ, ადამიანის თმა უფრო თხელი და მოკლეა.

მსგავსებები ამით არ ამოიწურება. აღმოჩნდა, რომ ადამიანის მსგავს მაიმუნებს შეუძლიათ გამოამჟღავნონ სიკეთე ან თანაგრძნობა. მაგალითად, ჯგუფის წევრები თანაგრძნობას იჩენენ ბრძოლაში დაშავებული შიმპანზის მიმართ, ისინი ზრუნავენ მასზე, აჩვენებენ, რომ ესმით მისი ტკივილი. ჩიკაგოს ზოოპარკში სამი წლის ბიჭი გორილების ვოლიერში ჩავარდა და გონება დაკარგა. ის გორილების გარემოცვაში აღმოჩნდა, რომლებიც 100 კილოგრამზე მეტს იწონიდნენ. მდედრმა გორილამ ბიჭი აიყვანა და ნაზად დაარწია, თითქოს ის მისიანი ყოფილიყოს. ეს ძალიან „ადამიანური” შემთხვევა იყო, თუმცა, ცხადია, ჩვენ არ ვიცით, რა მოტივები ამოძრავებდა ამ დროს გორილას.

მაქს პლანკის ინსტიტუტის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ექსპერიმენტის შედეგად აღმოაჩინეს, რომ სივრცითი ორიენტაციის უნარი ადამიანებს და ადამიანის მსგავს მაიმუნებს თანაბრად აქვთ განვითარებული, თუმცა ამ უკანასკნელთ იგი უფრო ადრე უვითარდებათ. ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ ბავშვები უფრო მეტად და დიდხანს არიან უფროსებზე დამოკიდებული და არ საჭიროებენ სივრცეში დამოუკიდებელ ორიენტაციას მტრისგან თავდასაცავად ან საკვების მოპოვების მიზნით.

და მაინც,  მიუხედავად ამ მსგავსებისა, ადამიანის მსგავსი მაიმუნი ისევ ხიდან ხეზე ხტის, ადამიანი კი კოსმოსში მოგზაურობს.

რა არის ამის მიზეზი? რა გვაქვს ჩვენ ისეთი, რაც მათ არ აქვთ? რა არის დნმ-ს ის 1,6%, რაც ჩვენ ადამიანად გვქმნის?

რა განასხვავებს ადამიანს დანარჩენი სახეობებისაგან, მათ შორის, ადამიანის მსგავსი მაიმუნებისაგან? რა თქმა უნდა, ტვინი. ადამიანის თავის ტვინი სამჯერ უფრო დიდია და მას დამახსოვრების უნიკალური უნარი აქვს. ადამიანისა და მისი ბიოლოგიური ნათესავების ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ენაა - მეტყველების უნარი, რომელიც ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა დაახლოებით 200 000 წლის წინ შეიძინეს. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს თანამედროვე ადამიანის სახეობა - ჰომო საპიენსი. ენა არის ის იარაღი, რომელიც შესაძლებელს ხდის კომუნიკაციას, სწავლასა და სწავლებას, გამოცდილების გაზიარებას,  თანამშრომლობას.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ადამიანების კულტურა, თუ არ ჩავთვლით ენას, რომელიც მართლაც უნიკალურია, მხოლოდ ხარისხით განსხვავდება ცხოველების ტრადიციებისაგან. კულტურის მკვლევრები ამ აზრს არ იზიარებენ და თვლიან, რომ ადამიანი არ შეიძლება წარმოვიდგინოთ ასე მარტივად: შიმპანზე + ენა.

ცხოველებს არ აქვთ არც ისტორია და არც კულტურა.

ისტორია არის თანმიმდევრული ფაქტები და მოვლენები სახეობათა ცხოვრებაში, რომელთა განმავლობაში თავად ეს სახეობები ბიოლოგიურად  უცვლელი რჩებიან. ისტორიის ქონა ნიშნავს იმას, რომ ჯგუფი/ერთობა გარდაქმნის გარემოს და, მასთან ერთად, საკუთარ თავსაც. ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მიგნებებს თან ახლდა სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებები ადამიანთა საზოგადოების ცხოვრებაში. მაგალითად, ადამიანის მიერ მუდმივი საცხოვრებლის აგებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ოჯახსა და სოციალური ურთიერთობების სხვა სფეროებზე. რაც შეეხება შიმპანზეებს, მართალია, სულ ასიოდე წელია, რაც მათ საგანგებოდ სწავლობენ, მაგრამ  მეცნიერები ასკვნიან, რომ მათ ცხოვრებაში ისტორიული მნიშვნელობის რაიმე ცვლილება არ მომხდარა და ისინი ისევე ცხოვრობენ, როგორც ასეულ ათასობით წლის წინ: ისეთივე საცხოვრებელში, ისეთივე, გენეტიკურად განპირობებული წესებით.

ყველა ცოცხალი არსებისათვის მნიშვნელოვანია თაობათა შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, ანუ ახალგაზრდების აღზრდა. ინფორმაცია გადაეცემა მშობლიდან შვილს, გამოცდილიდან - გამოუცდელს, უფროსიდან - უმცროსს. ყველაზე მარტივ საფეხურზე ინფორმაციის გადაცემა მხოლოდ ინსტინქტის დონეზე ხდება: მაგალითად, ვირთაგვა საკვებად ირჩევს იმას, რასაც სუნით დედის რძეს ამსგავსებს. მეორე საფეხურზე ინფორმაციის მიმღები „დაინტერესებულია" მისი მიღებით, ინფორმაციის გადამცემი კი „გულგრილია" მისადმი. ამას იმიტაციას ან დაკვირვებით სწავლას უწოდებენ. მაგალითად, მაიმუნი ან ბავშვი აკვირდება უფროსს და ამ გზით „სწავლობს". ყველაზე მაღალ საფეხურზე კი ინფორმაციის მიმღებიცა და გამცემიც მიზანმიმართულად მოქმედებენ: როგორც იმიტაციის შემთხვევაში, ინფორმაციის მიმღები აკვირდება უფროსს/გამოცდილს, მაგრამ ეს უკანასკნელიც აკვირდება მიმღების ქცევას და უსწორებს, თუ ის ვერ ახერხებს შესაბამისად მოქმედებას. ეს არის პედაგოგიკა და იგი მხოლოდ ადამიანებში გვხვდება. პედაგოგიკა მოიცავს დაკვირვებას, შეფასებას და ჩარევას.

მაგალითად, კატას მიჰყავს თაგვი კნუტებთან, რომლებმაც შემდეგ სულ უფრო და უფრო მეტი წარმატებით უნდა შეძლონ თაგვზე ნადირობა. არის თუ არა ეს პედაგოგიკა? _ არა, რადგან კატა არ ამჟღავნებს დაინტერესებას შედეგით. თუ კნუტი ვერ ახერხებს თაგვზე ნადირობას, ხომ არ მისცემს მას მშობელი "დამატებით” თაგვს, რათა იგი თავის და-ძმებს დაეწიოს?

მეცნიერებს არა აქვთ მონაცემები იმის შესახებ, რომ ცხოველები აფასებენ შვილების ქცევას და ცდილობენ "წვრთნის” მოწესრიგებას. აღწერილია შემთხვევა, როცა შინაურმა კატამ დაიჭირა კნუტის მიერ გაშვებული თაგვი და დაუბრუნა მას, მაგრამ ეს იყო რეაქცია თაგვზე და არა კნუტზე. შიმპანზეები ამჟღავნებენ რაღაც მსგავსს პედაგოგიკასთან, მაგრამ არა ველურ ბუნებაში, არამედ მხოლოდ ტყვეობაში. კიდევ ერთი განსხვავება: სხვა სახეობებში წვრთნა  შემოფარგლულია, ძირითადად, საკვების მოპოვებით, ადამიანური პედაგოგიკა კი მრავალ სფეროს მოიცავს. იგი მიზნად ისახავს არა მხოლოდ არსებული ჩვევებისა და გამოცდილების გადაცემას, არამედ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ინდივიდების მიღწევათა შენარჩუნება-გადაცემასაც.

და ბოლოს, ადამიანს, ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან განსხვავებით, ახასიათებს ეჭვი  და რწმენა, რაც კულტურის - ადამიანის სპეციფიკური მახასიათებლის - საფუძველია.

 

ენა. ნიშანთა სისტემები

სხვა ბიოლოგიური სახეობებისაგან ადამიანს, უპირველესად, ენა და მეტყველების უნარი გამოარჩევს. მისი მეშვეობით ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებენ, სწავლობენ და ასწავლიან, თანამშრომლობენ, გამოცდილებას გადასცემენ.

ენა ინფორმაციის დაგროვების, სწავლებისა და სწავლის ყველაზე ეფექტური, ყველაზე ტევადი საშუალებაა. ცხოველთა საკომუნიკაციო სისტემებისაგან ენა, პირველ რიგში, იმით განსხვავდება, რომ ადამიანი მას ბიოლოგიური მემკვიდრეობის სახით კი არ იღებს, არამედ სწავლობს. შესაბამისად, ენობრივი კომუნიკაცია, თითქმის სრულად, სწავლებაზეა დაფუძნებული.

ენა, როგორც კომუნიკაციის ძირითადი საშუალება, კაცობრიობის ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა. იგი არ გაჩენილა უცებ, ისტორიის ერთ კონკრეტულ ეტაპზე, არამედ ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა. განვითარების რომელიღაც საფეხურზე ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბგერების კომბინირება. გაჩნდა დანაწევრებული მეტყველება. ბგერითი სისტემები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ, თანდათანობით ჩამოყალიბდა ენებად.

ენა სიმბოლოთა სისტემაა. ამ სიმბოლოების - სიტყვების - მნიშვნელობა გაზიარებულია კონკრეტული საზოგადოების წევრთა მიერ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გასაგებია ამ საზოგადოების წევრებისათვის. როგორც ენათმეცნიერები ვარაუდობენ, დღეს მსოფლიოში დაახლოებით 5-6 ათას სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ.

ენა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული სისტემა. ისტორიულ და სოციალურ ცვლილებებთან ერთად, იგი მუდმივად  ვითარდება. ჩნდება ახალი სიტყვები, იცვლება მათი მნიშვნელობა. მაგალითად, რეგვენი ძველ ქართულში ახალგაზრდასა და გამოუცდელს ნიშნავდა, დღეს კი სულელის, ბრიყვის მნიშვნელობით გამოიყენება. იცვლება არა მარტო ლიტერატურული (ოფიციალური) ენა, არამედ ყოფითი მეტყველებაც: ჟარგონი, რომელსაც თქვენი მშობლები იყენებდნენ, შესაძლოა, თქვენთვის სრულიად გაუგებარი იყოს და პირიქით.

შეიძლება ითქვას, რომ ენა კულტურის „სახლია": იგი ასახავს კულტურაში არსებულ ყველა  წარმოდგენას, შეხედულებას, დამოკიდებულებას, ტრადიციას. თითოეული ჩვენგანი სამყაროს აღიქვამს მშობლიური ენის მეშვეობით, რომელშიც თავმოყრილია თაობათა ცოდნა და გამოცდილება.

 

მე-20 საუკუნის დასაწყისში როცა ივანე ჯავახიშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, ქართული უნივერსიტეტის დაარსებისათვის იღვწოდა, ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია, ფაქტობრივად, არ არსებობდა. მისი შექმნა უნივერსიტეტის მეცნიერთა პირველი თაობების დამსახურება იყო. „ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მეცნიერული ჭეშმარიტებანი ენაზე, რომელზეც გავიგონეთ დედის ალერსი და წარმოვთქვით პირველი სიტყვა. ეს იქნება იმ დიდი კულტურის აღორძინება, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს", აღნიშნავდა უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მეცნიერებასა და ყოველდღიურ მეტყველებაში დღეს ფართოდ გავრცელებული ტერმინები - ჟანგბადი, წყალბადი, მჟავა, ტუტე, ნაერთი, ზეჟანგი, რკინიგზა, უღელტეხილი, განტოლება, ასანთი  და სხვ.

ახალ ტერმინებს, ქართული ენის ბუნების გათვალისწინებით, ქმნიდნენ ილია ჭავჭვაძე და მე-19 საუკუნის სხვა ქართველი მოღვაწეები. მაგალითად, ილიას დამსახურებაა შინაარსის, თვალთახედვის, უარყოფის, უფლების, მმართველობის, რწმუნების, კაცობრიობის, ეროვნების, მთავრობის და ზოგი სხვა სიტყვის დამკვიდრება, აკაკის ეკუთვნის - შეხმატკბილება, გაიძვერა, ბობოლა, ნიკო ნიკოლაძეს - ლიანდაგი, ორთქლმავალი. ამ სიტყვების ნაწილი ძველი ქართულიდან იყო აღებული, ნაწილი იქმნებოდა არსებული ძირების გამოყენებით.

ენა და კომუნიკაცია

როგორც უკვე ვნახეთ, ადამიანს სხვა ბიოლოგიური სახეობებისაგან, უპირველესად, ენა  და მეტყველების უნარი გამოარჩევს. მისი მეშვეობით ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებენ, სწავლობენ და ასწავლიან, თანამშრომლობენ, გამოცდილებას გადასცემენ.

ენა კომუნიკაციის უმთავრესი საშუალებაა. ენის მეშვეობით კომუნიკაციას ვერბალურ (სიტყვიერ) კომუნიკაციას უწოდებენ. თუმცა ენა არ არის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება. არსებობს აგრეთვე უსიტყვო ანუ არავერბალური კომუნიკაცია - ჟესტების, პოზის, მიმიკის, მზერის, გამომეტყველების მეშვეობით. თვით საუბარიც - ვერბალური კომუნიკაცია - შეიცავს არავერბალურ ელემენტებს, მაგალითად, სიტყვებზე არანაკლებს გვეუბნება ხმის ინტონაცია, რიტმი, ხმის ტემბრი, ჟესტიკულაცია.

ენა ინფორმაციის დაგროვების, სწავლებისა და სწავლის ყველაზე ეფექტური, ყველაზე ტევადი საშუალებაა. ცხოველთა საკომუნიკაციო სისტემებისაგან ენა, პირველ რიგში, იმით განსხვავდება, რომ ადამიანი მას ბიოლოგიური მემკვიდრეობის სახით კი არ იღებს, არამედ სწავლობს. შესაბამისად, ენობრივი კომუნიკაცია, თითქმის სრულად, სწავლებაზეა დაფუძნებული.

ენა, როგორც კომუნიკაციის ძირითადი საშუალება, კაცობრიობის ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა. იგი არ გაჩენილა უცებ, ისტორიის ერთ კონკრეტულ ეტაპზე, არამედ ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა. განვითარების რომელიღაც საფეხურზე ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ბგერების კომბინირება. გაჩნდა დანაწევრებული მეტყველება. ბგერითი სისტემები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ, თანდათანობით ჩამოყალიბდა ენებად.

ადამიანი სამყაროს სწორედ ენის მეშვეობით აღიქვამს და ენისავე მეშვეობით ქმნის მის სურათს; როგორც მეცნიერები ამბობენ, ენაში, ანუ ბგერებში, სიტყვებსა და ცნებებში, კოდირებულია არსებული სინამდვილე. რას ნიშნავს ეს? მივმართოთ მაგალითს.

ჩვენ ფერად სამყაროში ვცხოვრობთ – ხილული სინამდვილე უამრავი ფერის საგნებისა თუ სივრცეების სახით გვეხატება. მაგრამ ფიზიკოსისათვის ფერი – ეს არის სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ე.წ. სპექტრი, რომელსაც აღიქვამს ადამიანის თვალი და შესაბამის სიგნალებს გადასცემს ტვინს. ტვინი კი მიღებულ ინფორმაციას ფერებად „ალაგებს" – გარკვეული სიხშირის ტალღებს ერთ ფერად აღიქვამს, სხვას – სხვა ფერად. მაგრამ რა ფერს რა სახელი დაერქვას, ამას ტვინს ენა კარნახობს.  ქართულ და ბევრ სხვა ენაში შვიდი ძირითადი ფერის აღმნიშვნელი სიტყვა არსებობს: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი. მაგრამ ზოგ ენებში ძირითად ფერთა რიცხვი სხვაა. არსებობს ენები, რომლებშიც მთელი სპექტრი სულ ორ ფერადაა დაყოფილი. ეს არ ნიშნავს, რომ ამგვარ ენებზე მოლაპარაკე ადამიანები ჩვენზე უარესად არჩევენ ფერებს; უბრალოდ, მათი ენები სხვანაირად ახდენენ სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებლის - ფერის - კოდირებას.

ადამიანისთვის იმდენი ფერი არსებობს, რამდენის აღმნიშვნელი სიტყვაც არის მის მშობლიურ ენაში. ცნობილია, რომ ინგლისურში ფერების აღმნიშვნელი ნაკლები სიტყვაა, ვიდრე ზოგიერთ სხვა ენაში, თუნდაც ქართულში. თუ ქართულში ცისფერ და ლურჯ ფერებს ვასხვავებთ, ინგლისურში ეს ორი ფერი ერთი სიტყვით (blue) აღინიშნება. ეს ფაქტი სამყაროსადმი ამ ორი საზოგადოების განსხვავებულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

გადავინაცვლოთ თვალიდან ყურზე. მთელ მსოფლიოში მამლები დაახლოებით ერთნაირად ყივიან, მაგრამ ქართულად მოლაპარაკეებს ეს ყივილი გვესმის როგორც „ყიყ-ლი-ყო", ინგლისელებს „ქოქ-ე-დუდლ-დუ", რუსებს – „კუ-კა-რე-კუ", ჩინელებს – „გო-გე-გო-გო", სპარსელებს – „ქუ-ქუ-ლი-ქუ", სომხებს – „წუ-ღრუ-ღუ", ფილიპინელებს – „ტიკ-ტი-ლა-ოკ" და ა.შ. როგორც ხედავთ, ყველა ამ მიბაძვით სიტყვაში რაღაც საერთოა, მაგრამ განსხვავებაც ბევრია; ეს იმის მაჩვენებელია, რომ სხვადასხვა ენაში ერთი და იგივე მოცემულობის (ჩვენს შემთხვევაში – მამლის ყივილის) კოდირება შეიძლება განსხვავებულად მოხდეს.

რასაკვირველია, ზემოთქმული ეხება არა მარტო ფერებსა და ბგერებს, არამედ უფრო რთულ ცნებებსა და ფასეულობებს; საბოლოოდ კი გამოდის, რომ ენა თავისებურ „ტყვეობაში" აქცევს ადამიანს – იგი  „იძულებულია", ისე აღიქვას სინამდვილე, როგორც ამას ენა კარნახობს, როგორც ეს სინამდვილე კოდირებულია ენაში. ამ მხრივ საინტერესოა ევროპული კლასიკური ნაწარმოებების, მსოფლიო ლიტერატურის შედევრების თარგმანები სხვადასხვა (ძირითადად აღმოსავლურ) ენაზე. მთარგმნელები იძულებული იყვნენ გაეთვალისწინებინათ ამა თუ იმ ენის, და, შესაბამისად, კულტურის თავისებურებები თარგმანების შესრულების დროს. სხვა შემთხვევაში, მკითხველს მისი აღქმა გაუჭირდებოდა. ამგვარად შეიქმნა ფრიად ორიგინალური სახელწოდებების ნაწარმოებები, რომელთა დედანთან დაკავშირება, ერთი შეხედვით, ძალიან რთულია. აი, რამდენიმე მათგანი: ჰარიეტ ბიჩერ სთოუს „ბიძია თომას ქოხი" ჩინურად ასე ითარგმნა – „შავი მონა ცას შეჰღაღადებს"; სერვანტესის „დონ კიხოტი" „რაინდი სატანის ცხოვრების აღწერად" იქცა; იაპონიაში გამოცემულ პუშკინის „კაპიტნის ქალიშვილს" გრძელი და პოეტური სახელი დაერქვა – „ყვავილის გული და პეპლის სული. საოცარი ამბები რუსეთიდან"; ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობის" სათაურის თარგმანი კი შემდეგნაირია: „ყვავილთა გლოვა და მწუხარე ტირიფები, ანუ საშინელი ბრძოლების სისხლიანი ნაკვალევი ჩრდილოეთ ევროპაში".

ენა კომუნიკაციის ძირითადი საშუალებაა. იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ ფუნქციას არ ასრულებს, ან ნაწილობრივ ასრულებს, რთულია საზოგადოებაზე, როგორც მთლიან და უნიკალურ ორგანიზმზე საუბარი. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც გვხვდება: სწორედ ქართული ენის ფუნქციის პრობლემა აფიქრებდათ „თერგდალეულებს" მე-19 საუკუნის 60-იანი წლებში. ილია და მისი თანამოაზრეები მიიჩნევდნენ, რომ ამ პერიოდამდე არსებული სალიტერატურო ქართული ენა საზოგადოების მხოლოდ იმ მცირე ნაწილისთვის იყო ხელმისაწვდომი, რომელსაც არისტოკრატიას უწოდებენ. ეს, თავის მხრივ, ართულებდა სოციალურ ფენებს შორის კომუნიკაციას, რაც საზოგადოების ერთიანობის საფუძველია. „თერგდალეულთა" ინიციატივით გატარდა ენის რეფორმა, ხმარებიდან ამოიღეს რამდენიმე ასო-ნიშანი, რითაც იგი გაცილებით მოქნილი და ყველასთვის მისაწვდომი გახდა. ქართული ენის ის ფორმა, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ და ვწერთ, ამ ეპოქიდან იღებს სათავეს. თუ შეადარებთ ენის რეფორმამდე და რეფორმის შემდეგ დაწერილ პოეტურ და პროზაულ ნიმუშებს, განსხვავებას თვალნათლივ დაინახავთ.

ბიბლიური თქმულება ბაბილონის გოდოლის შესახებ გადმოგვცემს, თუ როგორ ალაპარაკდნენ სხვადასხვა ენაზე დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები. მეცნიერებმა არ იციან ენის წარმოშობის ზუსტი დრო. არ ვიცით, ჰქონდა თუ არა როდესმე კაცობრიობას საერთო ენა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ მონათესავე ენები, თითოეული მათგანი უნიკალური და თვითმყოფადია. ლინგვისტები მიუთითებენ, რომ ერთი ენის სხვადასხვა ვარიანტის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს კონკრეტული კულტურა. მაგალითად, ინგლისური მშობლიური ენაა ავსტრალიელებისა და ამერიკელებისათვის, ინგლისელებისა და სამხრეთ აფრიკელებისათვის, მაგრამ ისინი ამ ენის საგრძნობლად განსხვავებულ ვერსიებს იყენებენ.

მშობლიური ენის კატეგორიები, გრამატიკული ფორმები და ლექსიკური მარაგი განსაზღვრავს ადამიანის აზროვნებას, მის ქცევას და გარესამყაროსადმი დამოკიდებულებას. ეს მოსაზრება ცნობილ ამერიკელ მეცნიერებს ედუარდ სეპირსა (1884-1939) და ბენჯამენ ლი უორფს (1897-1941) ეკუთვნის. ენა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ყალიბდება და გამოიხატება აზრი. ჩვენ არ შეგვიძლია ვიაზროვნოთ საკუთარი ენის „მიღმა", ჩვენთვის სამყარო ისეთია, როგორადაც მისი აღქმის შესაძლებლობას ენა გვაძლევს. მაგალითად, იმ ხალხის ენაში, სადაც ძლიერი ნათესაური კავშირები არსებობს, ნათესავის აღმნიშვნელი ბევრი სხვადასხვა სიტყვაა. მაგალითად, თუ ქართულში განვასხვავებთ დეიდას, მამიდას, ბიცოლას, ინგლისურში მათ მხოლოდ ერთი სიტყვით მოვიხსენიებთ – aunt. იგივე შეიძლება ითქვას მაზლთან და ქვისლთან, ან რძალთან და მულთან დაკავშირებით, ინგლისურ ენაში მსგავსი დაყოფა არ გვხვდება, ყველა მათგანს აღნიშნავენ სიტყვებით „brother-in-law” და "sister-in-law”.

ბენჯამენ ლი უორფი იკვლევდა ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივ მოსახლეობას, კერძოდ, ამერიკელი ინდიელების ტომს - ჰოპის. მან აღმოაჩინა, რომ ამ ტომის ენაში არ მოიძებნება სხვადასხვა დროითი კატეგორიის აღმნიშვნელი გრამატიკული ფორმები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ არ აქვთ სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ წარსულს, აწმყოს და მომავალს. ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ინგლისურ ენაში სხვადასხვა დროის თხუთმეტამდე ფორმა არსებობს. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ ჰოპის ტომის წარმომადგენლებს და ინგლისურენოვან მოსახლეობას დროისადმი ფრიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.

ამგვარად, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ საკუთარი ენის ერთგვარ „ტყვეობაში" ვიმყოფებით. შეიძლება თუ არა ამ „ტყვეობისაგან" თავის დაღწევა? რა თქმა უნდა, შეიძლება. ყოველი ახალი ენის შესწავლა ახალი სამყაროს შეცნობაა, რაც ავსებს და აფართოებს  ადამიანის მსოფლმხედველობას. როგორც გოეთემ თქვა, „რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ".

 

კატეგორია: შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები) | დაამატა: interculture
ნანახია: 1227 | რამოტვირთვები: 114 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 1
1 you_more  
0
thumb thumb thumb thumb thumb thumb thumb thumb

სახელი *:
Email *:
კოდი *: