მთავარი » ფაილები » შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები) |
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (73.5 Kb) ] | 29.10.2012, 10:00 |
კულტურათაშორისი ურთიერთობის პრობლემები
ხშირად
ამბობენ: რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრი არსებობს. უფრო მეტი დარწმუნებით შეიძლება
ითქვას, რომ რამდენი კულტურაცაა, იმდენი განსხვავებული ახსნა ან შეფასება შეიძლება
ჰქონდეს ერთსა და იმავე ფაქტს, მოვლენას, სიტუაციას,
ჟესტს თუ მიმიკას. სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები განვსხვავდებით არა მხოლოდ
იმით, რაც თვალსაჩინოა (ენა, სამოსი, სამზარეულო და ა.შ.), არამედ იმითაც, თუ რას ვფიქრობთ, როგორ აღვიქვამთ და რას ვგრძნობთ. კულტურათაშორისი/ინტერკულტურული
კომუნიკაცია სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა უშუალო ურთიერთობას გულისხმობს. ჩვენ
უკვე ვიცით, თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს კულტურები, რამდენად განსხვავდებიან
ადამიანები ჩაცმულობით, ქცევით, კვების რაციონით, საცხოვრებელი გარემოთი, შეხედულებებით,
აღქმით, ერთი და იმავე საგნისა თუ მოვლენის ინტერპრეტაციით. ბუნებრივია, არ არის იოლი საკუთარისაგან რადიკალურად,
ან თუნდაც უმნიშვნელოდ განსხვავებული წარმოდგენების და შეხედულებების მქონე ადამიანის
გაგება და მიღება, მით
უფრო, როდესაც ცოტა, ან სულაც არაფერი ვიცით მისი კულტურის შესახებ.
კულტურული შოკი მე-20
საუკუნის 60-იანი წლებიდან სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა ტერმინი „კულტურული
შოკი". ასე უწოდებენ ძლიერ, ძირითადად დამთრგუნველ გრძნობებს, რომელსაც აღძრავს სხვა
კულტურასთან ან მის უჩვეულო შემადგენელ ნაწილებთან შეხება. ეს შეიძლება იყოს გაოცება,
გაღიზიანება, შური და აგრესიაც კი. კულტურულ
შოკს, როგორც წესი, განიცდის ემიგრანტი, სასწავლებლად წასული ახალგაზრდა, უცხო ქვეყანაში
სამუშაოს მაძიებელი, მოგზაური. კულტურულ შოკს ადამიანზე განსხვავებული გავლენის მოხდენა
შეუძლია: ზოგი ითრგუნება და დიდი ხნით კარგავს სიცოცხლის ხალისს (როგორც მეცნიერები
ამბობენ, დეპრესია ეუფლება); ზოგი ქედმაღლობით „იარაღდება" – „ეს რაა, სამაგიეროდ ჩვენ
ისეთი მთები გვაქვს, ამათ რომ არც დაესიზმრებათ"; ზოგსაც უჩნდება სურვილი გაიგოს, შეიმეცნოს,
გაიაზროს სხვა კულტურის მიღწევები. ჩვეულებრივ,
გამოყოფენ კულტურული შოკის 5 საფეხურს: 1.
„თაფლობის
თვე" - გარშემო ყველაფერი ახალი, განსხვავებული და დადებითია. ხალხი სასიამოვნო შთაბეჭდილებას
ტოვებს, ადამიანი ენთუზიაზმითაა განწყობილი სიახლეებისადმი. 2.
დეზორიენტაცია/დაბნეულობა
- ნაცნობი და ჩვეული არაფერია, ახალ კულტურასთან შეგუება მეტისმეტად დიდ ძალისხმევას
მოითხოვს. სიახლის შეგრძნება თანდათან ქრება და ყოველდღიური ცხოვრების სიძნელეები იჩენს
თავს. ადამიანი დაბნეულია, მას ნოსტალგია ეუფლება. შესაძლებელია, ჯანმრთელობის პრობლემებიც
შეექმნას - უძილობა, ალერგია, უცხო საკვებთან დაკავშირებული სირთულეები. ეს რეაქციები დროთა განმავლობაში ქრება. 3.
იმედგაცრუება
და მტრული განწყობა - ადამიანი თავს ჯერ კიდევ დაუცველად და დათრგუნულად გრძნობს, სხვებს
ადანაშაულებს ამაში; უარყოფს ახალ კულტურას. შესაძლოა, იმაზე ფიქრიც დაიწყოს, რომ სამშობლოში
ყველაფერი ბევრად უკეთესად იყო, ვიდრე იქ, სადაც ახლა იმყოფება. 4.
ავტონომიის
დონე/შეგუების დასაწყისი - ადამიანი უფრო იმედიანადაა განწყობილი, რწმუნდება, რომ შეუძლია
ახალ სიტუაციასთან შეგუება. 5.
დამოუკიდებლობის
დონე - ახალ კულტურასთან ადაპტაციის საფეხური გადალახულია. ადამიანი თავს კომფორტულად
გრძნობს. კულტურული
შოკის ეს საფეხურები პირობითია და, შეიძლება,
ყველა შემთხვევაში ზუსტად ასეთი სახით არ შეგვხვდეს. კულტურული
შოკი საკუთარ კულტურულ გარემოცვაშიც შეიძლება განიცადო, მაგალითად, სხვა სკოლაში, ქალაქში,
სოფლიდან ქალაქში, ოჯახში, ორგანიზაციაში მოხვედრის დროს, ასევე მაშინ, როდესაც საზოგადოებაში
ხდება სწრაფი ცვლილებები – შემოდის ახალი ტექნოლოგიები (მაგალითად, კომპიუტერი), იცვლება
პოლიტიკური რეჟიმი (მაგალითად, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ), ან, სულაც, ჩნდება ახალი მოდა. ზოგიერთ ადამიანში ეს იწვევს დაბნეულობას,
მიუღებლობას, გაღიზიანებას, უნდობლობას... ბევრ ადამიანს უჭირს ძველთან, ჩვეულთან განშორება
და ახალ გარემოსთან შეგუება. სწორედ ისინი განიცდიან კულტურულ შოკს, შინ თუ უცხოეთში. ქართველი სტუდენტის მონათხრობი დღემდე მახსოვს
ჩემი აღფრთოვანება, როცა თვითმფრინავში ჩავჯექი ჩემს ახალ უნივერსიტეტში გასამგზავრებლად.
ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მივდიოდი, სწავლა იმ უნივერსიტეტში უნდა გამეგრძელებინა,
რომელზეც ვოცნებობდი. ახალი ნაცნობობა, ახალი მეგობრების შეძენა მელოდა. პირველი კვირა
პრაქტიკული პრობლემებით იყო აღსავსე. უნდა მომეძებნა ბინა, ამერჩია საგნები, შემეძინა
წიგნები. მეტ დახმარებას ველოდი, მაგრამ ჩემი ხელმძღვანელი სულ დაკავებული იყო: ხან
კონფერენციაზე მიემგზავრებოდა, ხან შეხვედრაზე ეჩქარებოდა, ხან ლექციაზე. მომდევნო
რამდენიმე კვირის მანძილზე დავრწმუნდი, რომ აქ ხალხი ძალიან ცივი იყო. დღის განმავლობაში
მათ არაფრისთვის ეცალათ, სამუშაოს გარდა. მეზობლებთან ჩემი კონტაქტი ოფიციალური და
მშრალი იყო, სულ ვფიქრობდი, როგორც შეიძლებოდა ამის შეცვლა. კვირის საუკეთესო დღე შაბათი
იყო, როცა საღამოობით სახლში ვრეკავდი და ჩემიანებს ვესაუბრებოდი. შემდეგ ერთ-ერთი სტუდენტი დაქორწინდა
და წვეულებაზე დამპატიჟა. ეს არაჩვეულებრივი იყო. გავიცანი ახალი ადამიანები. ბევრი
ვიმხიარულეთ. ისინი თავიანთ ცეკვებს მასწავლიდნენ, მე - ჩემსას. შინისკენ მიმავალი,
ვფიქრობდი: „ახლა უკვე ვიცი, როგორ შევიძინო მეგობრები ამ ქვეყანაში". მაგრამ ორშაბათს ყველაფერი ისე გაგრძელდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
ისინი, ვისთანაც ასე კარგად ვგრძნობდი თავს წინა საღამოს, დერეფანში მოკლე გამარჯობით
ან ხელის აწევით იფარგლებოდნენ და თავიანთ საქმეებზე მიიჩქაროდნენ. ისევ მარტო დავრჩი. რა არ გავაკეთე სწორად? როგორც
ჩანს, ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მე უცხოელი და, მაშასადამე, გარეშე პირი
ვარ? ჩემი განცდები, ალბათ, სახეზე მეწერა, იმიტომ რომ რამდენიმე დღის შემდეგ
ერთ-ერთი სტუდენტი, რომელთან ერთად იმ საღამოს ვცეკვავდი, ჩემთან მოვიდა და მკითხა,
რა ხდებოდა. ჩვენ ვისაუბრეთ და მან ამიხსნა, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, და რომ
ადამიანები აქ მკაფიოდ განასხვავებდნენ ერთმანეთისაგან სამუშაო და თავისუფალ დროს.
საუბრის შემდეგ თავი უკეთ ვიგრძენი. ამის შემდეგ ჩვენ ვსაუბრობდით ხოლმე, ეს გოგონა
და კიდევ რამდენიმე ადამიანი ჩემი მეგობრები გახდნენ. ახლა კარგად ვარ. მუშაობის ორგანიზაცია
აქ არაჩვეულებრივია, ამიტომ მე აშკარად ვგრძნობ წინსვლას ჩემს საქმეში. შევამჩნიე,
რომ ადამიანები პოულობენ დროს ჩემი სამუშაოს შესახებ სასაუბროდ, თუ მათ ამას ვთხოვ.
მიუხედავად ამისა, ვგრძნობ, რომ ძალიან მაკლია ჩემს ქვეყანაში ჩვეული სითბო.
კულტურათაშორისი ურთიერთობის ბარიერები კულტურათაშორისი
კომუნიკაციის პროცესში მნიშვნელოვანი ბარიერების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. ესენია: 1.
ენობრივი
განსხვავება. ენის შესწავლა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე, უბრალოდ,
ლექსიკისა და გრამატიკის დაუფლებას, იგი მოიცავს კულტურულ კომპეტენციებსაც: ვისწავლოთ
- რა, როგორ, როდის, სად და რატომ ვთქვათ. ერთსა და იმავე სიტყვას, შეიძლება, სხვადასხვა
მნიშვნელობა ქონდეს სხვადასხვა სიტუაციაში. 2.
არავერბალური
კომუნიკაციის სფერო, რომელიც მოიცავს ჟესტებს, პოზას, მიმიკას და სხვა საშუალებებს,
რომელთა მეშვეობითაც ლაპარაკის გარეშე გამოვხატავთ, თუ რას ვგრძნობთ და რას ვფიქრობთ.
ჩვენი კულტურა „გვასწავლის" არავერბალურ კომუნიკაციას, რომლებიც იმდენად ავტომატურია,
რომ მათზე იშვიათად ვფიქრობთ, მაგრამ „სხვა" ადამიანმა თქვენს ჟესტებს, მიმიკას, ჩაცმულობას,
ფიზიკურ სიახლოვეს ან სიშორეს, პირისპირ კონტაქტს („თვალებში ყურება"), შეიძლება, საკუთარი
კულტურიდან გამომდინარე ინტერპრეტაცია მისცეს და იგი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს
იმისაგან, რის თქმაც თქვენ გსურდათ. 3. სტერეოტიპები. სტერეოტიპი - ბერძნ. στερεός სტერეოს - „მყარი”, τύπος ტიპოს – „ანაბეჭდი” (στερεότυπος) ითარგმნება როგორც „მყარი ანაბეჭდი". სტერეოტიპი არის ფართოდ გაზიარებული, სტანდარტიზებული, გამარტივებული და წინასწარ არსებული წარმოდგენა ამა თუ იმ ჯგუფის თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ. ხშირად ჩვენი წარმოდგენა ადამიანებზე განპირობებულია ზოგადი ცოდნითა და დამკვიდრებული შეხედულებებით იმ ჯგუფების შესახებ, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. მაგალითად, ვთვლით, რომ ყველა გერმანელი პუნქტუალურია, წარმატებული მძლეოსნები შავკანიანები არიან, ისევე როგორც ჯაზის შემსრულებლები. ამ წინასწარი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ხშირად ვხედავთ იმას, რაც გვინდა რომ დავინახოთ, ან რის დანახვის მოლოდინიც გვაქვს და უარვყოფთ ყველა სხვა შესაძლო ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მოლოდინს. ჩვენ გვჯერა არა იმის, რასაც ვხედავთ, არამედ ვხედავთ იმას, რისაც გვჯერა. ამა თუ იმ ჯგუფისათვის მიწერილი მყარი მახასიათებლები ჯგუფის ყველა წევრზე ვრცელდება. სტერეოტიპი შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ასევე
ნეგატიური. სტერეოტიპებს
ორ ჯგუფად ყოფენ: ავტოსტერეოტიპებად
და
ჰეტეროსტერეოტიპებად. ავტოსტერეოტიპი გულისხმობს ადამიანთა
ჯგუფის წარმოდგენას საკუთარ თავზე, ხოლო ჰეტეროსტერეოტიპი აღნიშნავს
ერთი ჯგუფის წარმომადგელების შეხედულებას
სხვა
ჯგუფებზე. 4.
ეთნოცენტრიზმი - მისწრაფება, შევაფასოთ სხვა კულტურის წარმომადგენლის
ქცევა როგორც კარგი ან ცუდი, ჩვენი საკუთარი კულტურიდან გამომდინარე. მრავალი საუკუნის
მანძილზე სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ქედმაღლურად უყურებდნენ და არასრულფასოვნად
მიიჩნევდნენ ერთმანეთს განსხვავებული ენის, რელიგიის, ტრადიციების, ჩაცმულობის, კანის
ფერის და სხვა მახასიათებელთა გამო. ბევრ ენაში უცხოს, განსხვავებულის აღმნიშვნელი
სიტყვები, ხშირად, უარყოფით განწყობას გამოხატავს, ხაზს უსვამს საკუთარ უპირატესობას
სხვასთან შედარებით. გავიხსენოთ ბოასის „კულტურის სათვალე": ადამიანები სხვა კულტურას
აფასებენ საკუთარი კულტურის გადასახედიდან, რომელსაც ნიმუშად, საზომად მიიჩნევენ. სხვა
კულტურის ადამიანებს კი „საკუთარი სათვალე", საკუთარი ფასეულობები, შეხედულებები და
ნორმები აქვთ. ადამიანებს სჯერათ, რომ
სწორედ მათ კულტურაში არსებული რწმენა-წარმოდგენები, შეხედულებები, ზნე-ჩვეულებები
არის მართებული და ზნეობრივი. ამიტომ განსხვავებული ფასეულობანი აღიქმება როგორც უცნაური,
ნაკლებზნეობრივი, ჩამორჩენილი და ველურიც კი. ეთნოცენტრიზმის მაგალითები
მრავლად შეიძლება აღმოვაჩინოთ მსოფლიო ისტორიაში. მაგალითად, ძველი ბერძნების მიერ
კაცობრიობის დაყოფა ელინებად და ბარბაროსებად სწორედ ეთნოცენტრიზმის გამოხატულება იყო.
ბერძნები გამართლებულად და სწორად მხოლოდ საკუთარი ცხოვრების წესს მიიჩნევდნენ, დანარჩენი
სამყარო კი მათთვის ბარბაროსულ, არაცივილიზებულ, ერთგვაროვან სივრცეს წარმოადგენდა.
ეთნოცენტრიზმის გამოხატულება იყო ასევე ევროპელი მისიონერების დამოკიდებულება ამერიკის
ადგილობრივი მოსახლეობისადმი. მისიონერების მიზანი იყო „სწორი" რწმენის, ზნეობის, ცოდნის,
გემოვნების გავრცელება ახლადაღმოჩენილ კონტინენტზე, რომელიც მიიჩნეოდა „პრიმიტიულად"
და „ჩამორჩენილად". ეთნოცენტრიზმის მაგალითები
თანამედროვე სამყაროშიც ბევრია. ერთი კულტურის წარმომადგენელს შეიძლება უჩვეულოდ და
მიუღებლად მოეჩვენოს სხვა კულტურაში არსებული დაკრძალვის წესი - ზოგიერთ საზოგადოებაში
მიცვალებულს გარდაცვალების დღესვე კრძალავენ, სხვა საზოგადოებაში კი დატირების მრავალდღიანი
რიტუალი აქვთ. შეფასებითი დამოკიდებულება მჟღავნდება ასევე სამოსისადმი. მრავალ ადამიანში ღიმილს იწვევს შოტლანდიურ
კილტში გამოწყობილი მამაკაცი ან ბუდისტების სამოსი. ამგვარი
პოზიცია ფრანგმა ფილოსოფოსმა და მწერალმა ვოლტერმა (1694-1778) ასე გამოხატა: „როგორ
შეიძლება სპარსი იყო!" ბრიტანელმა მწერალმა ბერნარდ შოუმ (1856-1950) კი ეთნოცენტრიზმი
ასე შეაფასა: „ბარბაროსი ისაა, ვისაც საკუთარი ტომის წესები ბუნების კანონები ჰგონია". არაფერია გასაკვირი იმაში,
რომ არ მოგვწონს და მიუღებლად ვთვლით იმას, რაც განსხვავებულია და უცხოა ჩვენთვის.
უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს რომ, რაც ნორმალურია ჩვენთვის, სწორედ ის შეიძლება გაუგებარი
იყოს სხვისთვის. ამიტომ, აზრსმოკლებულია მცდელობა, ჩვენი შეხედულება „სწორისა" და
„არასწორის", „კარგისა" და „ცუდის", „ლამაზისა" და „უშნოს" შესახებ გადავიტანოთ სხვა
კულტურაზე და ეს განსხვავებები საკუთარი უპირატესობის დასასაბუთებლად გამოვიყენოთ.
მე-20
საუკუნის 20-იანი წლებიდან, კულტურის ფენომენის შესწავლის პროცესში, როცა მეცნიერებს
დაუგროვდათ მონაცემები კაცობრიობის საოცარი კულტურული მრავალფეროვნების შესახებ, გაჩნდა
ეთნოცენტრიზმის საწინააღმდეგო ცნება - ეთნორელატივიზმი,
ანუ კულტურული ფარდობითობა, რომელიც აღიარებს ყველა კულტურის თანაბარ მნიშვნელობას.
თუ ვთვლით, რომ ჩვენი რწმენა-წარმოდგენები, ქცევა, ნორმები, ჩვენს მიერ სამყაროს აღქმა
ჩვენი კულტურის შედეგია, ჩვენი კულტურითაა განსაზღვრული, მაშინ ვაღიარებთ იმასაც, რომ
არ არსებობს ობიექტური საფუძველი იმისა, რომ რომელიმე მსოფლმხედველობა, ნორმებისა და
ქცევების ერთობლიობა მივიჩნიოთ უნივერსალურად, ეტალონად, სხვათა საზომად. ეთნორელატივიზმი გულისხმობს სამი მთავარი პრინციპის გაცნობიერებას: 1.
ერთი კულტურის აღქმა და გაგება შეუძლებელია მეორე კულტურასთან შედარების გარეშე. 2.
ერთი კულტურის ფარგლებში არსებული წესები, ზნე-ჩვეულებანი
თუ შეხედულებები არ შეიძლება შეფასდეს სხვა კულტურის წესების, ზნე-ჩვეულებების თუ შეხედულებების
საფუძველზე. 3.
კონკრეტული ქცევა, ნორმა და შეხედულება შეიძლება გავიგოთ და ავხსნათ მხოლოდ
იმ კულტურის ფარგლებში, რომელშიც
ის არსებობს. ყოველი კულტურა
რთული სისტემაა, რომლის ყველა დეტალი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ჩვენთვის „უცნაური",
„არასწორი" წესი თუ ტრადიცია სავსებით ბუნებრივად ეწერება სხვა კულტურისათვის დამახასიათებელ
მსოფლმხედველობაში. ამგვარი მიდგომა ძალზე აადვილებს ურთიერთგაგებას კულტურებს შორის. | |
ნანახია: 2876 | რამოტვირთვები: 253 | რეიტინგი: 3.5/2 |
სულ კომენტარები: 0 | |