მთავარი » ფაილები » შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები) |
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (68.0 Kb) ] | 16.11.2012, 12:18 |
ლექცია 8 სუბკულტურა და კონტრკულტურა ერთი საზოგადოების/კულტურის ფარგლებში
არსებობს განსხვავებული ჯგუფები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ჩაცმულობით, ვარცხნილობით, გემოვნებით, ინტერესებით,
ლექსიკითა და მეტყველების მანერით, იუმორით, ურთიერთობების ფორმებით, ფასეულობებით
- მოკლედ, ყველაფერი იმით, რასაც, ზოგადად, ცხოვრების წესს ვუწოდებთ. კულტურაში არსებულ
ასეთ განსხვავებულ ჯგუფებს სუბკულტურებს
უწოდებენ.
სუბკულტურა
(ლათ. sub - ქვე, cultura- კულტურა) ეწოდება საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფისათვის დამახასიათებელი
ფასეულობების, ქცევისა და ნორმების სისტემას, რომელიც განასხვავებს მას გაბატონებული/ძირითადი
კულტურისაგან.
სუბკულტურები, როგორც წესი, კულტურული
თვალსაზრისით მრავალფეროვან გარემოში იქმნება. სუბკულტურის წევრები არ ცდილობენ დაუპირისპირდნენ
გაბატონებულ კულტურას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი შეხედულებები არ თანხვდება. სუბკულტურა
ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი განსხვავებულობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება სტილს. ეს არის ის, რითაც ამა
თუ იმ ჯგუფის წარმომადგენლები გამოხატავენ რომელიმე სუბკულტურისადმი მიკუთვნებულობას.
სტილი გამოიხატება როგორც სიმბოლოებით, რომელსაც სუბკულტურის წევრები ატარებენ, ისევე
ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და ჟარგონით, ასევე მუსიკალური სტილით, რომლის მსმენელებიც
ისინი არიან.
სუბკულტურათა შორის შეიძლება გამოვყოთ,
მაგალითად, ეთნიკური, რელიგიური, ასაკობრივი, პროფესიული და სხვა სუბკულტურები.
საქართველოში არსებულ ეთნიკურ სუბკულტურებად
შეიძლება მივიჩნიოთ ის ჯგუფები, რომლებიც თავიანთ ტრადიციულ ცხოვრების წესს ინარჩუნებენ
და მეტ-ნაკლებად განსხვავდებიან საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან (აზერბაიჯანელები,
სომხები, ბერძნები, ქურთები, ასირიელები, უდები, ოსები, რუსები, უკრაინელები, ჩეხები,
პოლონელები, გერმანელები და სხვები). რელიგიური სუბკულტურის მაგალითია მუსლიმი და კათოლიკე
ქართველები. ეს ჯგუფები სწორედ იმიტომ მიიჩნევიან სუბკულტურებად, რომ წარმოადგენენ
ერთიანი საზოგადოების ნაწილს და, ამავე დროს, გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი
თავისებურებებით.
პროფესიული სუბკულტურებია იურისტების,
მასწავლებლების, მაღაროელების, ჟურნალისტების და სხვ. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ
ჩვენ გარკვეული წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ
როგორები არიან ამა თუ იმ პროფესიის ადამიანები. მაგალითად, მიჩნეულია, რომ ექიმებს
გაურკვეველი ხელწერა და უცნაური იუმორის გრძნობა აქვთ, იურისტები კი ბევრს და თავბრუდამხვევად
ლაპარაკობენ. ცხადია, ერთი პროფესიის ყველა ადამიანი ერთნაირი ვერ იქნება, მაგრამ მაინც
გამოიყოფა თვისებების, გემოვნების, ინტერესების, ქცევისა და ლექსიკის თავისებურებები,
რომელიც განაპირობებს განსხვავებებს პროფესიულ სუბკულტურებს შორის.
არსებობს ასევე კრიმინალური, ე.წ.
”ქურდული” სამყაროს სუბკულტურა. მისი წარმომადგენლების ენა/ჟარგონი, მსოფლმხედველობა,
ქცევის მოდელები ასევე საგრძნობლად განსხვავებულია გაბატონებული კულტურისაგან. გამოიყოფა
ასევე ახალგაზრდული სუბკულტურები. მათ ადვილად გამოვარჩევთ ჩაცმის სტილით, ვარცხნილობითა
და აქსესუარებით.
კონტრკულტურა
1960-იანი წლებში დასავლეთ ევროპის
ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები მანამდე
არნახულმა ახალგაზრდულმა პროტესტმა მოიცვა, რომლის მიზანი კულტურაში რევოლუციური ცვლილებების
განხორცილება იყო. ამ მოძრაობას გაბატონებული ცხოვრების წესისა და მსოფლმხედველობის
წინააღმდეგ კონტრკულტურა ეწოდა.
ტერმინი კონტრკულტურა
ეკუთვნის ამერიკელ სოციოლოგ თეოდორ როზაკს (Th.Rozzack. The Making of a
Counter Culture. Garden City, 1969), მან ამ ტერმინით გააერთიანა იმ პერიოდის ამერიკულ
საზოგადოებაში არსებული, გაბატონებული კულტურის საწინააღმდეგო მიმართულებები (პროტესტი
ტრადიციული ნორმების, რასობრივი დისკრიმინაციის, ვიეტნამის ომის და ა. შ. წინააღმდეგ).
კონტრკულტურა აყალიბებს უმრავლესობის
კულტურის საწინააღმდეგო ფასეულობებისა და ნორმების
ერთობლიობას. 60-იანი წლების ახალგაზრდული მოძრაობა უპირისპირდებოდა იმდროინდელი დასავლური
საზოგადოებისათვის ჩვეულ, მომხმარებლურ ცხოვრების წესსა და, ზოგადად, გაბატონებულ კულტურას.
იგი მოიცავდა სტუდენტებისა და ჰიპების მოძრაობას.
კონტრკულტურული იდეების მქონე ახალგაზრდების
უმრავლესობა „ნებიერა ბავშვები" იყვნენ. ეკონომიკურმა და სოციალურმა პირობებმა შესაძლებლობა
მისცა მათ, ნაკლებად შეხებოდნენ ცხოვრებისეულ რეალობას. ყოველდღიური პრობლემებისაგან
თავისუფალნი, დიდ დროს უთმობდნენ სწავლას, მათი უზრუნველყოფილი მომავალი წინასწარ განსაზღვრული
იყო. მაგრამ ისინი იდეალისტებად ჩამოყალიბდნენ. ახალგაზრდებს არ სურდათ, გამოთხოვებოდნენ
ბავშვობის იდეალებსა და უზრუნველ ცხოვრებას, მიეღოთ რეალური სამყარო, სადაც მათ რეალური
ვალდებულებები და პასუხისმგებლობები დაეკისრებოდათ და გადაწყვიტეს, არსებული რეალობა
თავიანთი იდეალური სამყაროთი ჩაენაცვლებინათ.
1960-იანი წლების დასაწყისში ამერიკული
და, მთლიანად, დასავლური საზოგადოების ძირითადი ფასეულობები იყო პირადი წარმატება,
შეუპოვარი შრომა, დროის რაციონალური გამოყენება, ეფექტურობა და სარგებლიანობა, პროგრესი,
მატერიალური კეთილდღეობა. ამ პრაგმატულ ფასეულობებს და კონკურენციაზე დამყარებულ საზოგადოებას
სტუდენტებმა დაუპირისპირეს ანტიმომხმარებლობა,
ალტრუიზმი, როგორც ადამიანთა ურთიერთობის საფუძველი, სოციალური და მორალური თანასწორობა,
კოლექტივიზმი, ორიენტაცია ინტელექტუალურ და სულიერ ფასეულობებზე. მაგალითად, თუ უმაღლესი
განათლება მიიჩნეოდა წარმატებული კარიერისა და კეთილდღეობის წინაპირობად, მეამბოხე
სტუდენტების უმრავლესობა სწავლის მიზნად სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობას თვლიდა.
ეს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ არა სოციალურ ან რაიმე სხვა კონკრეტულ პრობლემას, არამედ მთლიანად დასავლური ცივილიზაციას.
კონტრკულტურის წარმომადგენელთათვის
დამახასიათებელი იყო ჩაცმისა და ქცევის, ზოგადად, გარეგნობის განსხვავებული სტილი,
რაც საზოგადოებისადმი პროტესტს გამოხატავდა, იმ პერიოდის მუსიკა და პოეზიაც გამსჭვალული
იყო კონტრკულტურული იდეებით. ახალგაზრდები ეჭვქვეშ აყენებდნენ დასავლური საზოგადოების
უნარს, ეცხოვრა მის მიერვე დეკლარირებული იდეალების შესაბამისად, როგორიც იყო თავისუფლება,
სამართლიანობა, მშვიდობა. ამიტომ მათ იმედგაცრუებისა და გაუცხოების განცდა დაეუფლათ.
„მე უკვე აღარ შემიძლია გავიზიარო ამერიკის მორალი, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელისა.
ხვალ, შეიძლება, დაიბადოს ახალი ამერიკა და მე მოვინდომო მის ნაწილად გახდომა, მაგრამ
დღეს მე ჩემი საკუთარი მორალი მაქვს და ამერიკა მას არ იღებს”, - ასე გამოხატავდა თავის
პოზიციას ერთ-ერთი სტუდენტი.
”ჩვენ, ვინც ვეკუთვნით ამ თაობას,
გვზარავს სამყარო, რომელიც მემკვიდრეობით მივიღეთ, ბავშვობაში ჩვენ დადებითად მივიჩნევდით
ამერიკის ფასეულობებს: თავისუფლება და თანასწორობა ყველასათვის”, - ნათქვამი იყო
1962 წელს პორტ-ჰურონის დეკლარაციაში ”ახალგაზრდები დემოკრატიული საზოგადოებისათვის”.
”ჩვენი მოღვაწეობა ნაკარნახევია გრძნობით,
რომ შეიძლება ჩვენ ვართ უკანასკნელი თაობა ექსპერიმენტისა, რომელსაც სიცოცხლე ეწოდება”
(პორტ-ჰურონის დეკლარაცია, 1962 წ.). ”მე როგორღაც ვგრძნობ, რომ ჩვენ არც ისე ბევრი
დრო დაგვრჩა ჩვენი იდეების დასახვეწად” (ერთ-ერთი ჰიპის სიტყვები). ასეთი აპოკალიფსური
განცდა განპირობებული იყო შიშითა და სასოწარკვეთილებით, რომელსაც ატომური იარაღის გამოყენების
ფაქტი (ჰიროსიმა და ნაგასაკი[1]) და კარიბის კრიზისი[2] ბადებდა.
პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ვიეტნამის ომი[3], რომელსაც
სტუდენტების დიდი ნაწილი, ისევე როგორც ჰიპები და სხვა მსგავსი მოძრაობების წარმომადგენლები,
შეცდომად მიიჩნევდა.
ეს თაობა ატომურ საშიშროებას უფრო
ფართოდ გაიაზრებდა. იგი ატომურ იარაღს განიხილავდა არა როგორც უბრალოდ იარაღს, არამედ
როგორც ამერიკული კულტურის და, ზოგადად, დასავლური ცივილიზაციის სიმბოლოს. ამის გათვალისწინებით,
გასაგები ხდება დევიზი - ”კულტურა ბოროტებაა, სიცოცხლე - სიკეთე”, ”უკან, ბუნებისაკენ!”
ბუნებრიობისაკენ სწრაფვა გამოიხატებოდა ახალგაზრდების გარეგნობაშიც, პროტესტის ერთ-ერთი
ნიშანი იყო გრძელი თმა და ხაზგასმით დაუდევარი დამოკიდებულება ჩაცმულობისა და ჰიგიენის
მიმართ; ნარკოტიკებითა და აღმოსავლური რელიგიებით გატაცება სწორედ ამ „ბოროტებით" აღსავსე
სამყაროდან თავის დაღწევის საშუალებად მიიჩნეოდა.
მე-20
საუკუნის 60-70-იანი წლების დასავლური
ახალგაზრდული
საპროტესტო
მოძრაობის
წარმომადგენლები იყვნენ
ჰიპები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ზნეობრივ
ნორმებს,
არ
სურდათ
ევლოთ
მამების
გზით.
ამიტომ
ტოვებდნენ
ოჯახებს,
ზურგს
აქცევდნენ
ფუფუნებასა
და
სიმდიდრეს,
თვლიდნენ,
რომ
ეს
ყველაფერი
ძალმომრეობის
გზით
იყო
დაგროვილი.
ჰიპების
მოძრაობაში
გაერთიანებული
იყვნენ
16-27 წლამდე
ასაკის
ახალგაზრდები,
რომლებიც
საზოგადოების
მაღალ
ფენას
ეკუთვნოდნენ.
ისინი ცხოვრობდნენ კომუნებად,
ჩამოაყალიბეს
საკუთარი
თემი,
ჩაკეტილი
იყვნენ
თავიანთ
ვიწრო
სამყაროში
და
არ
ცნობდნენ
ქვეყანაში
არსებულ
საზოგადოებრივ
წესებსა
და
ნორმებს.
ჰიპების
ლოზუნგი
იყო:
„გამოეთიშე,
განეწყვე
და
განუდექი". "გამოეთიშე" ნიშნავს - ზურგი აქციე
საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს; "განეწყვე " - ჩაუღრმავდი
საკუთარ თავს, მონახე ცხოვრების აზრი და მიზანი, "განუდექი" - უარყავი
სწავლა, თვალთმაქცი საზოგადოება, გააკეთე ის, რაც გსურს და როგორც გინდა.
ჰიპები ქადაგებდნენ პაციფიზმს და
უარს აცხადებდნენ ემსახურათ ჯარში. მათი დევიზი იყო „სიყვარული და არა ომი", ლოზუნგი
- „ყვავილების ძალაუფლება" ("Flower Power”); სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ „ყვავილების
შვილები". ჰიპები ხშირად იმაგრებდნენ ყვავილებს თმებში, ჩუქნიდნენ მათ გამვლელებს,
იარაღის ლულებში უწყობდნენ პოლიციელებსა და ჯარისკაცებს.
1970-იან წლებში კონტრკულტურული მოძრაობა
მინელდა. ამბოხებულ ახალგაზრდათა დიდი ნაწილი დაუბრუნდა ცხოვრების მიღებულ წესს და
თავად გახდა ამერიკული კულტურული ტრადიციის გამგრძელებელი. თავის მხრივ, შეიცვალა ამერიკული
საზოგადოებაც - გადაიხედა ის, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ”დასაშვები” ან ”მისაღები” და
რა - არა. მაგალითად, აღარავის უკვირდა გრძელთმიანი და დაუვარცხნელი ბიჭები, ჯინსები;
ჰიპები ამერიკული საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. რაც ადრე ბევრისთვის შოკისმომგვრელი
იყო, ახლა კულტურის ნაწილად იქცა, მეტიც - მოდურადაც კი მიიჩნეოდა. მაგალითად, მუსიკალური
ინდუსტრია უზარმაზარი რაოდენობით აწარმოებდა პოპულარული როკ-ჯგუფების ჩანაწერებს, იმართებოდა
გრანდიოზული როკ-კონცერტები, რაც ერთთათვის უკვე არა პროტესტი, არამედ სამუშაო იყო,
მეორეთათვის - მოხმარების საგანი, მესამეთათვის კი - მოგების წყარო.
მარგინალობა
ლათინურად margin - კიდე, ზღვარი - აღნიშნავდა წიგნის
გვერდის კიდეს (მინდორს), სადაც არ წერია ძირითადი ტექსტი და გამოიყენებოდა მინაწერების
გასაკეთებლად. ტერმინით მარგინალი აღინიშნება
ის ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც „საზოგადოების მიღმა" აღმოჩნდნენ. მათი ფასეულობები და ქცევის მოდელები ზუსტად და მკაფიოდ არ თავსდება რომელიმე კულტურულ სივრცეში, არამედ ქმნის გარდამავალ საფეხურს ამ სივრცეებს შორის.
ეს ტერმინი თავდაპირველად იმ ინდივიდებს აღნიშნავდა, რომლებმაც დაკარგეს წინანდელი სოციალური კავშირები და ვერ (ან არ) შეეგუენ ცხოვრების ახალ პირობებს. ასეთები არიან, მაგალითად, მიგრანტები
(სოფლიდან ქალაქში ჩასული ადამიანები და ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასული პირები, რომლებიც თავიანთ ჩვეულ გარემოს
მოწყდნენ და ახალ გარემოში ვერ ინტეგრირდნენ), აგრეთვე უსახლკაროები და სხვები, ვინც
სრულყოფილად არ არიან ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში.
მარგინალობისადმი ინტერესი განაპირობა დასავლეთში, განსაკუთრებით ამერიკის
შეერთებულ შტატებში, მიგრაციის აქტიურმა პროცესმა. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის
ჯგუფები, მატერიალური კეთილდღეობისა და უზრუნველი ცხოვრების ძიებაში, მასიურად ტოვებდნენ
საკუთარ საცხოვრებელ ადგილს და უცხო გარემოში სახლდებოდნენ. ახალ გარემოში დამკვიდრების
პროცესი ყოველთვის რთულია, მით უფრო მაშინ, როცა მას თან ახლავს სოციალური პრობლემები:
უმუშევრობა, სოციალური სტატუსის და გარანტიების არქონა. მეორე მხრივ, ვითარებას ართულებს
ისიც, რომ ახალ ადგილას მიგრანტებს არავინ ელის და მათი გამოჩენა დამატებით პრობლემად
აღიქმება. სწორედ ასეთი ვითარება იწვევს ჯგუფის მარგინალიზაციას. ეს ჯგუფები
მარგინალურ
მდგომარეობაში
არიან
როგორც
„მასპინძელ", ისე მათთვის მშობლიურ კულტურასთან მიმართებაში.
ასიმილაცია
ასიმილაცია (ლათინური სიტყვიდან assimilatio - დამსგავსება, შთანთქმა) ნიშნავს ორი სხვადასხვა
კულტურის ურთიერთქმედებას, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი კარგავს საკუთარ
სახეს და შთაინთქმება მეორის მიერ. ასიმილაცია ურთიერთშეღწევისა და შერევის
პროცესია, რომლის განმავლობაში ინდივიდები ან ჯგუფები თანდათან იღებენ და
იზიარებენ სხვათა კულტურულ გამოცდილებას - ასე განმარტავდნენ ასიმილაციას მე-19
საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა ეს ტერმინი ამერიკის შეერთებულ
შტატებში დამკვიდრდა და „ამერიკანიზაციის" სინონიმური მნიშვნელობით გამოიყენებოდა.
იგი, უმთავრესად, აღნიშნავდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, რომელიც
მიმართული იყო ადგილობრივ ინდიელთა კულტურისა და ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
ასიმილაცია ხანგრძლივი პროცესია და ზოგჯერ რამდენიმე თაობას მოიცავს.
როგორც წესი, ასიმილაცია ეხება ჯგუფებს, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ,
აგრეთვე მიგრანტებს, რომლებიც თანდათან ითვისებენ უმრავლესობის ფასეულობებსა და
ზნე-ჩვეულებებს. მიჩნეულია, რომ სრული ასიმილაცია
იშვიათი მოვლენაა. უფრო ხშირად ხდება კულტურათა ცალკეული ელემენტების გაქრობა ან შერევა.
იმიგრაციამ ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი ეთნიკური ჯგუფის
საერთო სამშობლოდ აქცია. ოსკარ ჰენდლინი - თანამედროვე ამერიკელი ისტორიკოსი -
წერდა: „ერთხელ მე გადავწყვიტე, დამეწერა იმიგრაციის ისტორია ამერიკაში, მაგრამ
შემდეგ აღმოვაჩნე, რომ იმიგრაცია თავად არის ამერიკის ისტორია".
ამერიკელების, როგორც მრავალი სხვადასხვა წარმომავლობის ხალხისაგან
შემდგარი ერის იდეა გამოიხატებოდა ფართოდ გავრცელებული მეტაფორით - „სადნობი
ღუმელი", რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და კულტურული გაერთგვაროვნების
თითქოსდა უმტკივნეულო პროცესს ასახავდა. ამერიკული საზოგადოება განიხილებოდა
უზარმაზარ "შემოქმედებით ლაბორატორიად”, სადაც სხვადასხვა კულტურული ტრადიცია
ერთმანეთს ერეოდა და "გადაიდნობოდა” ახალ კულტურად. ამ „ღუმელში" მოხვედრილი
ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები, ირლანდიელები თუ იტალიელები კარგავდნენ
საკუთარ კულტურულ იდენტობას და ერთიან საზოგადოებად ასიმილირდებოდნენ.
მაგრამ ამერიკაში, ევროპელ იმიგრანტებთან ერთად, სხვადასხვა დროს
აფრიკის კონტინენტიდან შეყვანილი შავკანიანების გარდა, ადგილობრივი ამერიკელების -
ე.წ. ინდიელების მრავალი სხვადასხვა ტომი ცხოვრობს. ისინი იძულებული იყვნენ,
თანდათან დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები, ბევრი მათგანი
შეტაკებებისა თუ აჯანყებების დროს დაიღუპა, ზოგი ტომი მთლიანად გაწყდა, ნაწილი კი
ასიმილირდა. მე-18 საუკუნის ბოლოდან აშშ ხელისუფლება ცდილობდა ადგილობრივი
ამერიკელების განათლების ხელშეწყობას, მათ „ცივილიზებას" და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ჩართვას. ეს პოლიტიკა ხელს უწყობდა ბუნებრივ ასიმილაციას (ძალადობრივი
ასიმილაციისაგან განსხვავებით).
მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან აშშ–მ მიიღო „აქტი ინდიელთა
თვითგამორკვევისა და განათლების
ხელშეწყობის შესახებ". დღეს აშშ-ში ფედერალური მთავრობის მიერ აღიარებული 562
სატომო თვითმმართველობა არსებობს. ზოგიერთ ტომი აღიარებულია რომელიმე შტატის,
მაგრამ არა ფედერალური ხელისუფლების მიერ. აღიარების მოსაპოვებლად საჭიროა
წარმომავლობის დასაბუთება, რაც არცთუ იოლია.
ადგილობრივი ამერიკელები (Native Americans), რომელთაც ხშირად
ინდიელებს ვუწოდებთ, თანამედროვე აშშ მოსახლეობის დაახლოებით 0.8% შეადგენენ და
თითქმის შეუმჩნეველნი არიან მოსახლეობის უმრავლესობისათვის. ისინი ცდილობენ
საკუთარი კულტურის გადარჩენილი ელემენტების შენარჩუნებას, დაკარგულის აღდგენას და
ახალგაზრდა თაობისათვის გადაცემას.
დღეს „სადნობ ღუმელზე" თითქმის აღარ ლაპარაკობენ და იმასაც კი
ამბობენ, რომ ეს ღუმელი არასდროს მუშაობდა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში
ერთმა ამერიკელმა ფილოსოფოსმა იგი „სიმფონიური ორკესტრის" მეტაფორით შეცვალა:
თითოეული კულტურული ჯგუფი წარმოადგენს
ცალკეულ მუსიკალურ ინსტრუმენტს, რომელიც, სხვა ჯგუფებთან ერთად, ჰარმონიულ
მელოდიას ქმნის. გვხვდება უფრო „მატერიალური" მეტაფორებიც - მაგალითად, „მსხვილად
დაჭრილი სალათი" ან „ფერადი ნაკუწებისაგან შეკერილი საბანი".
[1] 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამამთვრებელ
ეტაპზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ორი ქალაქის - ჰიროსიმასა და ნაგასაკის
ატომური დაბომბვა განახორცილა. ეს ბირთვული იარაღის პოლიტიკური ზეწოლის მიზნით გამოყენების
ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიო ისტორიაში. პირველი ბომბი ჰიროსიმაში 6 აგვისტოს ჩამოაგდეს, ხოლო მეორე -
ნაგასაკიში 9 აგვისტოს. დაბომბვის დღესა და შემდეგი თვეების განმავლობაში დამწვრობის,
რადიაციისა და სხვა სახის დაზიანებისაგან ჰიროსიმაში 90 000-დან 166 000-მდე,
ხოლო ნაგასაკიში - 60 000-დან 80 000-მდე ადამიანი დაიღუპა, ისინი, უმთავრესად, სამოქალაქო
პირები იყვნენ.
[2] ცივი ომის პერიოდის ყველაზე მწვავე
დაპირისპირება საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომელმაც ბირთვული
კონფლიქტის საშიშროების წინაშე დააყენა მთელი კაცობრიობა. ეს დაპირისპირება შეერთებულ
შტატებში ცნობილია როგორც „კუბის სარაკეტო კრიზისი”, საბჭოთა კავშირში მას ”კარიბის
კრიზისს” უწოდებდნენ, ხოლო კუბაში - „ოქტომბრის კრიზისს”. 1962 წლის ოქტომბერში საბჭოთა
კაშირმა კუბაში ბირთვული რაკეტების განლაგება დაიწყო. ეს იყო პასუხი 1961 წელს აშშ-ს მიერ თურქეთში
ბირთვული რაკეტების განლაგებაზე, რომელიც საბჭოთა კავშირს ემუქრებოდა. კრიზისი
13 დღე გაგრძელდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. საბჭოთა კავშირმა
გაიტანა რაკეტები კუბის ტერიტორიიდან, აშშ-მ მოხსნა კუბის ბლოკადა, რამდენიმე თვის
შემდეგ კი თურქეთიდან გაიტანა ბირთვული რაკეტები.
[3] ვიეტნამის ომი - ცივი ომის
პერიოდის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა ვიეტნამში, ლაოსსა და კამბოჯაში
1955-1975 წლებში. მასში 1960-იანი წლებიდან აქტიურად იყო ჩაბმული ამერიკის შეერთებული
შტატების შეიარაღებული ძალები. დაიღუპა ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი.
| |
ნანახია: 2393 | რამოტვირთვები: 370 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 1 | |
| |