მთავარი » ფაილები » შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები)

ლექცია 9
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (91.5 Kb) ] 27.11.2012, 14:16

              ლექცია 9 სოციალური პროგრესის თეორია.  

ევოლუციონიზმი   სოციალური პროგრესი გულისხმობს საზოგადოების განვითარებას, რომლის შედეგად იგი უფრო მაღალ საფეხურზე ადის. სოციალური პროგრესის იდეა განმანათლებლებთან ჩაისახა და მკაფიოდ ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში, სოციალურ-კულტურული ევოლუციის თეორიის სახით. ეს იდეა იმ დროს რადიკალური და მნიშვნელოვანი იყო, რადგან მანამდე ითვლებოდა, რომ სოციალური წესრიგი ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული სახით არსებობს, ისე, როგორც იგი ღმერთის მიერ შეიქმნა: არაფერი იცვლება, ყველაფერი მუდმივია. ცვლილებები, რომლებიც, თითქოს, ხდება, მხოლოდ ზედაპირული და მოჩვენებითია. ეს თვალსაზრისი ცხოვრების მაშინდელ წესს ემყარებოდა, როცა ცვლილებები მართლაც ნელი და ძნელად შესამჩნევი იყო, ადამიანი ცხოვრების მანძილზე მიჯაჭვული იყო თავის საცხოვრებელს და ვერც წარმოედგინა მისი (და, საერთოდ, ცხოვრების წესის) შეცვლა. განმანათლებლები პირველები იყვნენ, ვინც ჩათვალა, რომ ადამიანებს თავად შეეძლოთ საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა. მათი აზრით, ადამიანები თვითონ ქმნიან თავიანთ საზოგადოებას, შესაბამისად, შეუძლიათ გარდაქმნან კიდეც იგი. სოციალურ-კულტურული ევოლუციის თეორიისა და სოციალური პროგრესის იდეის ერთ-ერთი პირველი ავტორია ოგიუსტ კონტი (1798-1857), რომელიც სოციოლოგიის ფუძემდებლად ითვლება. სიტყვა ევოლუცია განვითარებისა და გარდაქმნის ხანგრძლივ და თანდათანობით პროცესს აღნიშნავს, მისთვის არ არის დამახასითებელი საფეხურებრივი წყვეტა და ნახტომი. ევოლუციის პროცესში ყოველი მომდევნო ნაბიჯი წინამორბედის ლოგიკური შედეგია. ევოლუციონიზმის თეორია XVIII საუკუნის ბოლოს ჩაისახა და XIX საუკუნის მანძილზე ფართოდ გავრცელდა. განვითარების იდეა ამოსავალი გახდა საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებებისათვის.  ევოლუციის თეორიის მიხედვით, დღევანდელი სახეობანი თანდათან განვითარდა მარტივი ორგანიზმებისაგან. მისი ძირითადი დებულებები შემდეგი იყო: 1.        გარემო მუდმივად იცვლება; 2.        ამ პროცესში გადარჩებიან მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც უკეთესად შეეგუებიან გარემოს; 3.        სახეობებში ხდება გენეტიკური ცვლილებები - მუტაციები; 4.        მუტაციათა ნაწილი გარემოსადმი შეგუებისათვის სასარგებლოა; 5.        ეს სასარგებლო ცვლილებები გადაეცემა თაობებს. კლასიკური სახით, ევოლუციისა და ბუნებრივი გადარჩევის თეორია გადმოცემულია ჩარლზ დარვინის (Charles Robert Darwin) წიგნში "სახეობათა წარმოშობა" ("Origin of Species") (1859). ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ევოლუციონისტური თვალსაზრისი გამოიხატა იდეით საზოგადოების მუდმივი აღმავალი განვითარების შესახებ.  გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-ში თითქმის ერთდროულად ჩამოყალიბდა კულტურის პირველი ევოლუციონისტური კონცეფციები. მათი ძირითადი იდეები შემდეგში მდგომარეობდა: · ერთიანი კაცობრიობის განვითარების საერთო გზა; · სწორხაზოვანი განვითარება მარტივიდან რთულისაკენ; · საზოგადოებრივი პროგრესისა და ისტორიული ოპტიმიზმის იდეა: პროგრესი, აღმავალი სწორხაზოვანი განვითარება მარტივიდან რთულისაკენ უწყვეტია. ევოლუციონისტები ამტკიცებდნენ, რომ კაცობრიობა განვითარების საერთო გზას გადის, რომელიც კიბის სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ. განსხვავება სხვადასხვა საზოგადოებას შორის იმით აიხსნება, რომ ისინი ამ ერთიანი აღმავალი კიბის სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან. ევოლუციონისტურ თეორიათა ადრეული წარმომადგენლები ავითარებდნენ ერთხაზობრივი (მონოლინეარული) ევოლუციის იდეას, რომელიც დაკავშირებულია ოგიუსტ კონტის, ედუარდ ტაილორის, ლუის ჰენრი მორგანის, ჰერბერტ სპენსერის სახელებთან. პროგრესის გზას ისინი წარმოიდგენდნენ ველურობა - ბარბაროსობა - ცივილიზაციის საფეხურების სახით, რომლებიც საერთო იყო მთელი კაცობრიობისათვის. XX საუკუნეში ევოლუციონისტურ თეორიათა დიდი ნაწილი აღიარებს მრავალხაზობრივი (მულტილინეარული) განვითარების იდეას და ყურადღებას ამახვილებს ცალკეული საზოგადოებებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებზე. ევოლუციონიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ინგლისელი მეცნიერი ედუარდ ბერნეტ ტაილორი (Sir Edward Burnett Tylor) (1832-1917). 1865 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი "გამოკვლევები კაცობრიობის ძველი ისტორიის სფეროში" ("Researches into the Early History of Mankind and the Development of Civilization"), რომელშიც ავითარებდა კულტურის პროგრესული განვითარების იდეას ველურობის ეპოქიდან ცივილიზაციამდე. ცალკეული ხალხების ყოფისა და კულტურის განსხვავების მიზეზად ე. ტაილორი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მათ ყოფნას ასახელებდა. კულტურის განვითარების ევოლუციონისტური კონცეფცია ე. ტაილორმა ყველაზე სრულად ჩამოაყალიბა ცნობილ ნაშრომში "პირველყოფილი კულტურა" ("Primitive Culture", 1871). საყოველთაოდ ცნობილია კულტურის ტაილორისეული განსაზღვრება: "კულტურა, ანუ ცივილიზაცია, ფართო ეთნოგრაფიული აზრით, შედგება ცოდნის, რწმენა-წარმოდგენების, ხელოვნების, ზნეობის, კანონების, ზნე-ჩვეულებათა და ზოგი სხვა უნარ-ჩვევებისაგან, რომლებიც აითვისა ადამიანმა როგორც საზოგადოების წევრმა". კულტურის განვითარებას ტაილორი განიხილავდა როგორც ადამიანის გონებისა და შრომის პროდუქტების თანდათანობით განვითარებას მარტივიდან რთულისაკენ, მემკვიდრეობითობის აუცილებელი შენარჩუნებით. ამ გზას გაივლის როგორც მატერიალური კულტურის ელემენტები, ისე ყველა იდეა, დოქტრინა, კანონი, მხატვრული ნაწარმოები თუ სულიერი კულტურის ნებისმიერი სხვა გამოხატულება. ყველა კულტურა გაივლის განვითარების დაახლოებით იგივე სტადიებს, რაც განვლეს ცივილიზებულმა (ევროპელმა) ხალხებმა. კვლევის პროცესში ტაილორი ფართოდ იყენებდა "გადმონაშთების მეთოდს": გადმონაშთად იგი მიიჩნევდა კულტურის იმ ელემენტებს, რომლებიც შემორჩნენ კულტურის განვითარების წინა საფეხურებიდან, მაგრამ დაკარგული აქვთ ფუნქცია. ტაილორი მიიჩნევდა, რომ გადმონაშთებზე დაყრდნობით შესაძლებელია ძველი კულტურების რეკონსტრუქცია. სხვადასხვა კულტურის დამახასიათებელი რწმენა-წარმოდგენების, მითების, რიტუალების შესწავლას ბრწყინვალე ნაშრომები მიუძღვნა შოტლანდიელმა ჯეიმს ფრეზერმა (Sir James George Frazer, 1854-1941). მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია "ოქროს შტო" "The Golden Bough", 1890), "ფოლკლორი ძველ აღთქმაში" ("Folk-Lore in the Old Testament", 1918)   და სხვ. ფრეზერმა ერთ-ერთმა პირველმა სცადა ძველი აღთქმისა და სხვადასხვა ხალხის მითოლოგიის შედარებით-ისტორიული შესწავლა, საფუძველი ჩაუყარა ძველი აღთქმის, როგორც წყაროს განხილვას კაცობრიობის ისტორიის რეალურ მოვლენათა შესასწავლად. ევოლუციონისტთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამერიკელ ლუის ჰენრი მორგანს (Lewis Henry Morgan, 1818-1881), რომლის ნაშრომთა შორის უმთავრესია "ძველი საზოგადოება" ("Ancient Society"). მორგანს ეკუთვნის დებულება გვაროვნული წყობილების ორი საფეხურის - მატრიარქატისა და პარტრიარქატის შესახებ. მის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე კაცობრიობის ისტორიის პირველი მეცნიერული პერიოდიზაცია: ველურობა - ბარბაროსობა - ცივილიზაცია. 1940-იან წლებში ანთროპოლოგებმა ლესლი უაიტმა და ჯულიან სტიუარდმა საფუძველი ჩაუყარეს ნეოევოლუციონიზმის სახელით ცნობილ თეორიას. ერთხაზობრივი განვითარების  (მარცხნივ) ნაცვლად, ისინი აღიარებენ სოციალური ევოლუციის სხვადასხვა შესაძლებლობას (მარჯვნივ).   ევოლუციონიზმის საპირისპიროდ, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ეთნოლოგიაში ჩამოყალიბდა დიფუზიონისტური სკოლა.  დიფუზიონისტთა აზრით, კულტურა (ან მისი ცალკეული ელემენტები) კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში წარმოიშობა, ხოლო მისი განვითარება კულტურული ელემენტების გადაადგილების, სესხების, შერევის (დიფუზიის) გზით მიმდინარეობს. ამასთან, გადაადგილდება არა მხოლოდ მატერიალური კულტურის ელემენტები, არამედ იდეებიც: მითოლოგია, იდეოლოგია და ა.შ. ნებისმიერი კულტურული ფაქტი - იქნება ეს მშვილდი თუ ისარი, ტოტემიზმი თუ სხვა, ისტორიაში მხოლოდ ერთხელ წარმოიშვა, რომელიღაც ერთ ადგილას, ეკუთვნოდა ერთ რომელიღაც კულტურას და შემდეგ მასთან ერთად გავრცელდა სხვადასხვა კულტურაში. დიფუზიონიზმის ფუძემდებლად ითვლება გერმანელი გეოგრაფი ფრიდრიხ რატცელი (Friedrich Ratzel, 1844-1904). მან კულტურის განვითარება გეოგრაფიულ პირობებს დაუკავშირა, თვლიდა, რომ კაცობრიობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი მიგრაციებია, მისი შედეგია ხალხთა კონტაქტი და კულტურის დიფუზია. გერმანელი ეთნოგრაფი ლეო ფრობენიუსი (Leo Frobenius, 1873-1938) აფრიკის ხალხთა კულტურის აღიარებული მკვლევარი იყო. იგი შეეცადა გამოეყო ცალკეული კულტურული პროვინციები - "კულტურული წრეები". იგი იყენებდა „შრეობრივი ჩაღრმავების" მეთოდს: თვლიდა, რომ თუ თანამედროვე კულტურას ფენა-ფენა გავათავისუფლებთ გარედან მოტანილი დანალექებისაგან, შევძლებთ გამოვყოთ უძველესი კულტურა "სუფთა" სახით. კულტურას ფრობენიუსი ცოცხალი ორგანიზმის ანალოგიით განიხილავდა. მისი აზრით, კულტურები იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან, ისევე როგორც სხვა ცოცხალი არსებანი. ადამიანი კულტურის პროდუქტია და არა მისი შემოქმედი, შემქმნელი: "კულტურა იზრდება თავისთავად, ადამიანის, ხალხის გარეშე", წერდა იგი. კულტურა იბადება ბუნებრივი პირობებისაგან. მას ჭირდება კვება, რაც მეურნეობის განვითარების მეშვეობით ხორციელდება. როგორც ორგანიზმი, კულტურა შეიძლება გადაირგას სხვა ნიადაგზე და ახალ პირობებში იგი განვითარების ახალ მიმართულებას შეიძენს. ახალი კულტურები იბადება ძველი კულტურების შეხებისა და ურთიერთქმედების შედეგად. ამავე დროს, კულტურა ადამიანის გარეშე ვერ იარსებებს.    მოგვიანებით, განავითარა რა კულტურისა და ორგანიზმის ანალოგიის თეზისი, ფრობენიუსმა გამოყო მამაკაცური და ქალური კულტურები. აფრიკაში მან ორი ტიპის კულტურა განასხვავა: "ტელურიულ-ეთიოპურ-პატრიარქალური" და "ქტონიურ-ქამიტურ-მატრიარქალური". "ტელურიული", მისი განმარტებით, ნიშნავს მიწიდან ზევით მზარდს, "ქტონიური" - ფესვებით მიწაში ჩაზრდილს. ორივე ტიპი მჭიდროდაა დაკავშირებული გარემოსთან. "ტელურიული" თითქოს ზემოთ მიისწრაფვის, რაც მჟღავნდება მატერიალური და სულიერი კულტურის თავისებურებებში. მას ახასიათებს მოწნული სახლები, ფეხებიანი საწოლები; ამ კულტურის სული ზემოთ მიიწევს, როგორც მცენარე; ღმერთები მაღალ, მიუწვდომელ ადგილებში ბინადრობენ. ეს პატრიარქალური კულტურაა. "ქტონიური" მატრიარქალური კულტურა მიწაში ჩაღრმავებას ესწრაფვის: არსებობენ მიწური საცხოვრებლები, ასეთივე მარცვლეულის საცავები, მიწის ღუმელები, იდეები სულთა მიწისქვეშა სამყაროზე და ა.შ. შემდგომში ფრობენიუსმა სახელწოდება "ქამიტური" და "ეთიოპური" კულტურები "აღმოსავლეთითა" და "დასავლეთით" შეცვალა. "აღმოსავლეთისათვის" დამახასიათებელია "გამოქვაბულის" გრძნობა, უძრაობა, ფატალური ბედის იდეა, "დასავლეთისათვის" - "შორეულის, სივრცის გრძნობა", დინამიურობა, პიროვნებისა და თავისუფლების იდეა. მსოფლიოში ლიდერობა ხან ერთი, ხან მეორე ტიპის ხელშია. ეს "საქანელა" კაცობრიობის განვითარების წყაროა. დიფუზიონიზმმა დიდი როლი შეასრულა კულტურის მეცნიერებების განვითარებაში. ევოლუციონიზმისათვის დამახასიათებელი კულტურათა აბსტრაქტული განხილვის ნაცვლად, დიფუზიონისტებმა დააყენეს კულტურათა ურთიერთგავლენისა და კონკრეტულ-ისტორიული კავშირების პრობლემა, გამოიკვლიეს კულტურის სივრცითი და დროითი მახასიათებლების საკითხი. XX საუკუნის მეორე ნახევარში დიფუზიონიზმის იდეის გამოცოცხლება დაკავშირებულია ნორვეგიელი ეთნოლოგის ტურ ჰეიერდალის სახელთან. მან წამოაყენა თეზისი ამერიკის ხალხების ოკეანის გაღმა მოგზაურობის შესაძლებლობის შესახებ. თავის ნაშრომებში იგი ცდილობდა დაემტკიცებინა ძველი სამყაროს კვალის არსებობა ამერიკის კონტინენტზე კოლუმბამდელ ეპოქაში. ჰეიერდალი არა მხოლოდ ეძიებდა პარალელებსა და მსგავს მოვლენებს კულტურებში, ითვალისწინებდა კონტაქტების ხელშემწყობ გეოგრაფიულ პირობებს (დინებანი, ქარები), არამედ თვითონ მოგზაურობდა ტრადიციული ტექნოლოგიით აგებული ტივებით წყნარ ოკეანესა (მოგზაურობა "კონ-ტიკით") და ატლანტის ოკეანეში (მოგზაურობა "რა"-თი).   კაცობრიობის ისტორიის ფორმაციული ხედვა   კარლ მარქსისა (1818-1883) და ფრიდრიხ ენგელსის (1820-1895) სახელებს უკავშირდება ისტორიის მატერიალისტური გაგების დამკვიდრება და საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების თეორია, რომლის მიხედვით: 1. ისტორიული პროცესს საფუძვლად უდევს ობიექტური კანონზომიერებები. ამ თვალსაზრისით, მარქსი და ენგელსი ჰეგელის მიმდევრები იყვნენ, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ამ კანონზომირებათა წყაროს ისინი ეძებდნენ არა აბსოლუტურ გონში, არამედ თვით ისტორიულ მოვლენათა შინაგან ლოგიკაში, რომელიც ადამიანთა ნებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად ყალიბდება. 2. საზოგადოების განვითარებას განსაზღვრავს მატერიალური დოვლათის წარმოების წესი. წარმოების წესის რევოლუციურ ცვლილებას მოსდევს მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნა. სწორედ წარმოების წესის სრულყიფა განაპირობებს საზოგადოების სვლას პროგრესის გზით, თუმცა ეს გზა არათანაბარი და წინააღმდეგობრივია. 3. საზოგადოებრივი ცნობიერება განსაზღვრულია საზოგადოებრივი ყოფიერებით. ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ პირიქით. შესაბამისად, სულიერი კულტურა მეორადია მატერიალურთან შედარებით, განპირობებულია მისით. მარქსმა და ენგელსმა ჩამოაყალიბეს მოძღვრება საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების შესახებ. ეს ცნება აღნიშნავს საზოგადოების გარკვეულ ისტორიულ ტიპს, რომლის სახეს განსაზღვრავს მისი საფუძველი – მატერიალური დოვლათის წარმოების წესი. ამ წესითაა განპირობებული ფორმაციის სოციალური სტრუქტურა, პოლიტიკური ორგანიზაცია, სამართლებრივი სისტემა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მხარეები. თითოეულ ფორმაციას შეესაბამება კულტურის განსაზღვრული ტიპი. კაცობრიობის ისტორია წარმოადგენს ერთიან აღმავალ ხაზს. საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციები - პირველყოფილი თემური, მონათმფლობელური, ფეოდალური, კაპიტალისტური და სოციალისტური (რომლის განვითარების უმაღლესი ფაზაა კომუნიზმი) - წარმოადგენენ საზოგადოებრივი პროგრესის საფეხურებს და თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს. ამ ფორმაციებს სხვადასხვა ტემპით გადის მთელი კაცობრიობა. სხვადასხვა ქვეყანაში ისინი სხვადასხვა დროს აღმოცენდება და მათი არსებობის ხანგრძლივობაც სხვადასხვაგვარია. ამა თუ იმ ხალხმა შეიძლება გამოტოვოს (ან სრულად არ გაიაროს) რომელიმე ფორმაცია (მაგალითად, გერმანელ და სლავ ტომებში, რიგი მიზეზების გამო, მონათმფლობელური ფორმაცია არ ჩამოყალიბდა და ისინი პირველყოფილი თემური წყობილებიდან პირდაპირ ფეოდალიზმზე გადავიდნენ). მარქსი ლაპარაკობდა აგრეთვე "წარმოების აზიურ წესზე”, რომელიც არსებობდა ინდოეთსა და ჩინეთში. სქემის სახით, საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: ფორმაციათა ცვლის საფუძველია წინააღმდეგობა მუდმივად განვითარებად, დინამიკურ საწარმოო ძალებსა და შედარებით ნელაცვალებად წარმოებით ურთიერთობებს შორის. როცა წინააღმდეგობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, იქმნება ერთი ფორმაციის მეორით შეცვლის პირობა. ყოველი მომდევნო ფორმაცია უფრო მაღალი საფეხურია, ვიდრე წინამორბედი. ისტორიის მამოძრავებელი ძალაა კლასთა ბრძოლა, რომელიც მსჭვალავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის, კულტურასაც. თავის უმაღლეს გამოხატულებას კლასთა ბრძოლა რევოლუციაში ჰპოვებს, რომელთაც მარქსი "ისტორიის ლოკომოტივს” უწოდებდა. რევოლუციას შედეგად მოჰყვება ერთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის მეორით შეცვლა.  

კატეგორია: შესავალი კულტურის მეცნიერებებში (ლექციები) | დაამატა: interculture
ნანახია: 1542 | რამოტვირთვები: 282 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: